„მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, მოთხოვნების შესრულებაში ჩაერთოს" | გაფიცვის მე-15 დღე

პუბლიკა

ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო პერსონალის გაფიცვის მე-15 დღეს, მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი მოუწოდებს კულტურის სამინისტროს, ჩაერთოს გაფიცულთა მოთხოვნების შესრულებაში.

ოპერისა და ბალეტის თეატრის ადმინისტრაციასა და პროფკავშირს შორის პირველი მოლაპარაკება გუშინ, 16 ნოემბერს გაიმართა. შეთანხმება ვერ შედგა და მოლაპარაკებებთან ერთად გრძელდება გაფიცვაც.

გაფიცულთა მოთხოვნები უცვლელია, ისინი ხელფასების 100%-იან ზრდას და გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ, დამსაქმებლის მიერ ორი გათავისუფლებული თანამშრომლის აღდგენას მოითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ მათი ანაზღაურება, დაახლოებით, 500 ლარია.

„გუშინ შედგა პროფკავშირსა და ოპერის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა და ამ შეხვედრაზე გავცვალეთ პოზიციები, გარკვეულ საკითხებზე ველოდებით დაზუსტებას თავად ოპერის ადმინისტრაციისგან. სამწუხაროდ, შეხვედრაზე არ იყო ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, ბატონი ბადრი მაისურაძე. ვისურვებდი, შემდეგ შეხვედრებზე ყოფილიყო ის, რადგან გარკვეული საკითხების გადაწყვეტისას მნიშვნელოვანია მისი პოზიცია.

მოვუწოდებთ და მოვითხოვთ კულტურის სამინისტროსგან, ამ მოთხოვნების შესრულებაში ჩაერთოს პირდაპირ იმიტომ, რომ მათი პასუხისმგებლობაც არის ეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კულტურის სამინისტრომ მოუსმინოს ამ ხალხს, რომელიც უკვე მე-15 დღეა გაფიცულია.

ჩვენ მაინც იმედიანად ვართ. მიგვაჩნია, რომ გაფიცვა მნიშვნელოვანი ბერკეტია ჩვენ ხელში და თუ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები, შემდეგ შეიძლება რამდენიმე სპექტაკლიც ჩაიშალოს. ასე რომ, მოვუწოდებთ ყველას, გაითვალისწინონ ამ ადამიანების საჭიროებები“, – ამბობს  მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ხელმძღვანელი, ნიკოლოზ წიქარიძე.


21-დღიანი მედიაციის შემდეგ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილი 3 ნოემბერს გაიფიცა.

ოპერის თეატრმა ამავე დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია, რომ ხელფასების 100%-ით გაზრდა, რასაც გაფიცული თანამშრომლები მოითხოვენ, ამ ეტაპზე, მათ არ შეუძლიათ. მათი თქმით, ოპერის თეატრის ბიუჯეტი მომავალი წლიდან გაიზრდება და ხელფასებიც 35-40%-ით მოიმატებს.

პროფკავშირს შექმნილი აქვს საგაფიცვო ფონდი ტექნიკური პერსონალისთვის ფინანსური შემოწირულობების შესაგროვებლად. განცხადებაში ნათქვამია, რომ „გაფიცვის პერიოდში გაფიცულებზე ეკონომიკური წნეხი იზრდება, რადგან ამ პერიოდში ისინი ხელფასს არ იღებენ“.