„გაუქმდეს რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენზია" — აქციის მონაწილეებს კარავს არ აშლევინებენ

პუბლიკა

საპროტესტო აქციამ რაჭის ტყეების გასხვისების ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით დღეს, 18 ნოემბერს თბილისში გადაინაცვლა.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დავით ხიდაშელისთვის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში 97 000 ჰექტარ ტყეზე 49-წლიანი ლიცენციის სრულად გაუქმებას მოითხოვს.

27 სექტემბრიდან მათ ონში, მერიის წინ კარავი გაშალეს. დაახლოებით 2 თვის უშედეგო პროტესტის შემდეგ კი გადაწყვიტეს, იგივე კარავი თბილისში, გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის წინ გადმოიტანონ.

რამდენიმე ათეული ადამიანი რაჭიდან დღეს, დღის 12:00 საათზე დაიძრა. ისინი თბილისში, სამინისტროს შენობასთან დაახლოებით 18:00 საათზე მივიდნენ. ადგილზე მათ პოლიცია დახვდა, რომელიც დემონსტრანტებს შენობის ეზოში წინა შესასვლელიდან არ უშვებს.

ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ეს დამოკიდებულება დამამცირებელია.

„ღობეებზე ხომ არ ვიხოხიალებთ. პრინციპული საკითხია, რომ წინა კარიდან შევიდეთ”. – თქვა მარიტა მუსელიანმა.

„ამ დამოკიდებულების გამო ამ კარავს აქვე გავშლით”. – თქვა ვარლამ გოლეთიანმა

მისი ამ განცხადების შემდეგ ადგილზე პოლიციელთა რაოდენობა გაიზარდა. არის ხმაური.

რაჭის მოსახლეობა, მათი მხარდამჭერები და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“აცხადებს, რომ რაჭის ტყეების გასხვისება ლიცენცია დავით ხიდაშელზე გაიცა კანონით გათვალისწინებული ეტაპის – მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფის გარეშე, რაც ლიცენზიის შეწყვეტის საფუძველია. მათი თქმით, 3 ნოემბერს სწორედ აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაუგზავნეს გარემოს დაცვის სამინისტროსა და გარემოს ეროვნულ სააგენტოს და დღემდე ელოდნენ პასუხის შეკითხვაზე: გაუქმდებოდა თუ არა აღნიშნული ლიცენზია.

მოძრაობის ლიდერი, ვარლამ გოლეთიანი ასევე ამბობს, რომ ვინაიდან არსებობს ლიცენზიის გაუქმების მკაფიო საფუძვლები, სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ხედვა საკითხის მხოლოდ დროში გაჭიანურებას ემსახურება. მათივე თქმით, სამინისტროს წარმოდგენილი ორი ფაქტორიდან (კომპანიის მხრიდან სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის წარმოუდგენლობა ან/და დაცული ტერიტორიის შექმნა) არცერთი არ გულისხმობს ლიცენზიის გაუქმების უპირობო საფუძველს, შესაბამისად, მისი აზრით, არ არსებობს მყარი გარანტიები, რომ ლიცენზია ნამდვილად გაუქმდება.