პაპუაშვილი: საუბარი, რომ რუსი ადამიანი, რუსული ენის გაგონება არის პრობლემა — ქსენოფობიაა

პუბლიკა

პარლამენტის თავმდჯომარე ამბობს, რომ „ქსენოფობიაა, როდესაც ადამიანი  რუსული ენაში და  რუს ადამიანებში ხედავს პრობლემას”.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქსენოფობიური იყო სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, როდესაც მან თქვა, რომ რუსული ენის გაგონება პრობლემაა. „ეს იყო ქსენოფობიური განცხადება, რომელსაც ყველა უნდა გაემიჯნოს”.  – თქვა მან.

„ჩვენ საქართველოში 10 000-ზე მეტი მოქალაქე გვყავს, რომლისთვისაც მშობლიური ენა არის რუსული ენა. და ასეთი საუბარი ეროვნებაზე, ეთნოსზე არის ქსენოფონბია, რაც არის დასაძრახი. არ მიკვირს სალომე ზურაბიშვილისგან ადამიანმა, რომელმაც  კონსტიტუცია დაარღვია, ადამიანის უფლებებშიც, ალბათ, თვლის რომ…

საუბარი იმაზე რომ რუსი ეროვნების ადამიანი, რუსული ენის გაგონება არის პრობლემა ეს არის ქსენოფობია და, თუ ადამიანი ამაში ვერ ერკვევა, კიდევ უფრო დიდი პრობლემა ჰქონია, ისიც არ იცის, რომ ეს ქსენოფობიაა.

ხაზგასმა ეთნოსზე, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიცია, როდესაც რუსებზე საუბრობენ როგორც ეთნოსზე და რუსულ ენაზე, როგორც პრობლემაზე, არის ქსენოფობია. ეს არის დასაგმობი, მიუღებელი”, – თქვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CBS-თან ინტერვიუში რამდენიმე კვირის წინ თქვა, რომ შემაშფოთებელია, როდესაც „საკუთარ ქვეყანაში გყავს ადამიანები, რომლებიც მტრის ენაზე საუბრობენ და რომლებსაც სჯერათ, რომ ისინი საკუთარ სახლში არიან”.

ზურაბიშვილმა კითხვაზე, რატომ არ ამბობს საქართველო უარს ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე, უპასუხა, რომ ეს შეკითხვა ხელისუფლებას უნდა დაუსვან – „სამწუხაროდ, მე აღმასრულებელ ხელისუფლებას არ წარმოვადგენ“, – თქვა მან.