დეოლიგარქიზაცია - რას ითვალისწინებს მთავრობის სამოქმედო გეგმა

პუბლიკა

„პუბლიკისთვის“ ხელმისაწვდომი გახდა „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ მთავრობის სამოქმედო გეგმა, რომელიც ევროკომისიას შესთავაზეს. გეგმა მიზნად ისახავს „ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის თავიდან აცილებას“.

დოკუმენტის მიხედვით, „დეოლიგარქიზაციის“ გეგმის შესასრულებლად საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს შემდეგ სფეროებში:

  1. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა („ყველა სახის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია, ევროპის საბჭოს სახელმწიფოთა ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ (GRECO) მონიტორინგის პროცესის კოორდინაცია).
  2. სახელმწიფო შესყიდვები (სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვა)
  3. კონკურენციის პოლიტიკა (ეფექტური კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბება და განხორციელება).
  4. სასამართლო ხელისუფლება.
  5. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა („ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომი გაძლიერება, იურიდიული პირებისა და შეთანხმებების გამჭვირვალობის ჩათვლით, საკუთრების შესახებ ინფორმაციაზე დროული და ეფექტური წვდომა, MONEYVAL-ისა და FATF recommendations-ის რეკომენდაციების შესაბამისად);
  6. პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი.
  7. მედია („მედიის პლურალიზმის გაძლიერება და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობა“).

სამოქმედო გეგმაში აღწერილია თითოეულ სფეროში ამჟამად არსებული მდგომარეობა და მიღებული ზომები; ასევე სამომავლო ნაბიჯები:

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2023-2025 წლის პერიოდში ანტიკორუფციულ სამსახურს უფლებამოსილება მიენიჭება, გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ადმინისტრაციული უწყებების მიერ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შემთხვევაში.

ანტიკორუფციული სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერება.

ქონებრივი მდგომარეობის სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული პირების ნუსხის გადახედვა (გაფართოება) (რისკის ფაქტორების გათვალისწინებით); დეკლარაციების შევსებისა და შემდგომი მონიტორინგის პროცესის გაუმჯობესება.

ანტიკორუფციული სამსახურის პირდაპირი წვდომის უზრუნველყოფა საინფორმაციო ანალიტიკურ ბაზებზე; ინტერესთა კონფლიქტის შესახებ დეკლარაციის ფორმის შემუშავება; ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციული რისკების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ადმინისტრაციული ორგანოს საჯარო უფლებამოსილების განხორციელებისას; რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევებზე ანტიკორუფციული სამსახურის საპასუხო მექანიზმების გაუმჯობესება (მათ შორის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების უფლების მინიჭება, ჯარიმების სახეებისა და ოდენობების გადახედვა) და ა.შ.

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების მიმართულები დაგეგმილია სრულიად ახალი სახელმწიფო შესყიდვების ეკოსისტემისა და სამართლებრივი ბაზის ამოქმედება:

  • ახალი რეგულაციების დამტკიცება, რომელიც ავალდებულებს კონტრაქტორ ორგანოებს ბაზრის კვლევის შედეგების დოკუმენტირებასა და ატვირთვას Ge-GP სისტემაში შესაძლო უსამართლო პრაქტიკის შესამცირებლად (კერძოდ, შესყიდვის პირობების კონკრეტულ პირზე/კომპანიაზე მორგება);
  • შავ სიაში მყოფი ეკონომიკური აქტორების შესყიდვის პროცედურიდან გამორიცხვა;
  • ახალი რეგულაციების დამტკიცება, რომელიც ავალდებულებს ეკონომიკურ ოპერატორებს მოამზადონ ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის დოკუმენტი.
  • სამართლებრივი აქტით განისაზღვრება გამოცდილების მაქსიმალური ვადები, რაც შეიძლება გათვალისწინებული იყოს შესყიდვის პირობებში.
  • ქვეკონტრაქტორების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამჟღავნების ახალი რეგულაციების დამტკიცება, რაც უზრუნველყოფს მონაწილეთა გამჭვირვალობას და მათ საჯაროობას ვალდებულების შესრულების ყველა ეტაპზე.
  • სახელმწიფო შესყიდვების ოპერაციებზე საერთო კონტროლისა და მონიტორინგის გაძლიერება და ა.შ.

კონკურენციის პოლიტიკა
მთავრობა სამოქმედო გეგმაში აღნიშნავს, რომ აცნობიერებს ეფექტური კონკურენციის პოლიტიკისა და აღსრულების დიდ მნიშვნელობას კერძო ინტერესთა გადაჭარბებული გავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში/პრევენციაში. საქართველო გააგრძელებს კონკურენციის წესების ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს კონკურენციის რეგულაციების ეფექტიანად განხორციელებისთვის. კონკურენციის პოლიტიკაში მეტ სიცხადესა და გამჭვირვალობას შეიტანს.

სასამართლო ხელისუფლება

ამ მიმართულებით შესასრულებელ ნაბიჯებს შორის მთავრობა ასახელებს შემდეგს:

  • მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა გონივრულ ვადებში დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესასრულებლად;
  • საქმეების ნაკადის შემცირება და სასამართლოში მაღალი დატვირთვის საკითხის გადაწყვეტა, რისთვისაც აუცილებელია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების შემუშავება და ხელშეწყობა, როგორიცაა არბიტრაჟი და მედიაცია.
  • სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესება და მოსამართლეთა და სასამართლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომების დანერგვის მექანიზმების დახვეწა; ევროკავშირის პრიორიტეტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებების ეფექტურად შესრულება.
  • მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერება.
  • სასამართლო ხელისუფლების გამჭვირვალობასთან დაკავშირებული საკითხების შემდგომი განვითარება.
  • სასამართლოს მიმართ ნდობის შემდგომი გაძლიერება საზოგადოების ინფორმირებულობისა და კომუნიკაციის გაზრდის გზით; სასამართლოების დისკრედიტაციისკენ მიმართული დეზინფორმაციის პრევენციის მექანიზმების გაუმჯობესება.
  • ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის შემდგომი გაძლიერება.
  • სასამართლო პროცესებში ელექტრონული საშუალებების გამოყენების პრაქტიკის ხელშეწყობა.
  • მთარგმნელობითი სერვისების გაუმჯობესება
  • იუსტიციის უმაღლესი სკოლის გაძლიერება.

ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა

ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, მთავრობის განცხადებით, მიზნად ისახავს სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტური კოორდინაციასა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ფულის გათეთრების წინააღმდეგ არსებული სისტემის შემდგომ გაძლიერებას, ანგარიშვალდებულების გაზრდას. რაც ხელს შეუშლის კერძნო ინტერესების მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ასევე ჩამოაყალიბებს უფრო მდგრად სისტემას ასეთი რისკების წინააღმდეგ; გეგმაში ასევე გაწერილია MONEYVAL-ის რეკომენდაციების შესრულება; ბენეფიციარ მესაკუთრეთა რეესტრის შექმნა და ა.შ.

პოლიტიკური პარტიების ფინანსური აქტივობების მონიტორინგი

მთავრობა ამ მიმართულებით გეგმავს, რომ იურიდიული პირების მიერ პოლიტიკური პარტიებისთვის შემოწირულება აკრძალოს და პოლიტიკური პარტიების ხარჯების ანგარიშები საჯარო გახადოს.

მედია

დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთავრობა მედიის მიმართულებით გეგმავს მედიის მფლობელობისა და გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის/ევროპის საბჭოს შესაბამისი კანონმდებლობის ანალიზს, მათ შორის კონკურენციისა და მერჯინგის კონტექსტში. ხოლო შემდგომ მთავრობა გეგმავს პარტნიორებთან და მედიასთან მჭიდრო თანამშრომლობით ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას – „გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა შესაბამისი კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიღებით“.


ევროკომისიამ 8 ნოემბერს გასცა რეკომენდაცია, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ამასთან, გასცა 9 პირობა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

9 ნაბიჯს შორის ერთ-ერთი კვლავ დეოლიგარქიზაცია რჩება:

ქვეყანამ უნდა „გააუმჯობესოს მოქმედი სამოქმედო გეგმა, რათა განახორციელოთ მულტი-სექტორული, სისტემური მიდგომა დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ, გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და ეს გააკეთეთ გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესით, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.