მოქალაქეების თქმით, ყაზბეგის მერმა სცემა კაცს, რომელიც „კამარა ჰესის" აშენების წინააღმდეგია

პუბლიკა

„ახალგაზრდული კოალიცია ხევის თვითმმართველობისთვის” ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერს, ბაკურ ავსაჯანიშვილს მოქალაქის ცემაში ადანაშაულებს.

მოძრაობის განცხადებით, გუშინ, 21 ნოემბერს, ავსაჯანიშვილმა ახალგაზრდა ადამიანის დაკრძალვაზე სოფელ არშაში მისულ მოხევე კაცს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იმის გამო, რომ ეს ადამიანი ღიად ეწინააღმდეგება „კამარა ჰესს“ და ეს დამოკიდებულება სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატა.

„დიახ, ხალხის მიერ არჩეულმა მერმა მიცვალებულის დაკრძალვაზე, ხალხის თვალწინ ჯერ საქმის გარჩევა მოინდომა (Facebook-ზე კამარა ჰესის წინააღმდეგ დაწერილი პოსტის გამო), ხოლო შემდეგ ჩაიდინა ეს სამარცხვინო საქციელი”. – წერია კოალიციის განცხადებაში.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ „ბოლო დროს ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია ყაზბეგის მერის მიერ „კამარა ჰესის“ პროექტის ლობირების შესახებ”. კოალიციის განცხადებით, ბაკურ ავსაჯანიშვილის დავალები, პროცესში აქტიურად ჩართულნი არიან ადგილობრივი საჯარო მოხელეებიც. 

ასევე, როგორც ისინი წერენ, ადგილობრივები პირად საუბრებში ყვებიან, რომ მერი მათ „კამარა ჰესის“ მხარდაჭერას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სოციალური დახმარების შეწყვეტით ემუქრება.

„როგორც დღევანდელ ფაქტზე, ისე ბოლო პერიოდის მოვლენებზე მოსახლეობის ერთადერთი სწორი პასუხი იქნება აქტიურობა და პოზიციის ღიად გამოხატვა, რომ ხევი არ იყიდება და არც ვინმეს მუქარის ეშინია. მოვუწოდებთ ხევის მოსახლეობას, ვინც კი შეძლებს, ყველა მოვიდეს 27-28 ნოემბერს დანიშნულ „კამარა ჰესის“ შესახებ საჯარო განხილვებზე”. – ნათქვამია მათ განცხადებაში.

ახალგაზრდული კოალიციის განცხადებას ბაკურ ავსაჯანიშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა და ბრალდებები უარყო.

მან „ცილისმწამებლური” უწოდა ინფორმაციას კერძო კომპანიის ლობირებისა და მოქალაქეების მიმართ მუქარის შესახებ, ხოლო „ტყუილი” იმას, რომ ადამიანს სცემა.

„ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან. აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საქმიანობისა და სახელის შელახვას ისახავს მიზნად.

აქედან გამომდინარე, ყველა დაინტერესებულ მხარეს მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”. – დაწერა ფეისბუქზე ბაკურ ავსაჯანიშვილმა.

ხელისუფლებამ „კამარა ჰესის” მშენებლობის პროექტის განხილვა 2-წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წლის სექტემბერში განაახლა.

მდინარე თერგი კიდევ 5 კილომეტრზე, ყანობიდან გორისციხემდე რკინის მილებში უნდა მოაქციონ. ადგილობრივი მოსახლეობა რაიონში კიდევ ერთი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია.