ბერლინის დროით, ღამის სამი საათია.
კედლიდან დამყურებს მეგობრის მიერ დახატული ჩემივე პორტრეტი, წარწერით: “მდუმარება”.
მახსენდება პირველი კამათი მოძღვართან, კლერიკალთა მიმართ საპროტესტო განწყობის პასუხად დუმილი რომ მირჩია, ვუპასუხე: “დუმილი არ არის ოქრო, ჟანგია, სილაჩრე და მონობა!”
რედაქტორის პირობა უცვლელია: ვწერო, რაზეც მინდა და როგორც მინდა.
ცხადია, მადლობელი ვარ ზურასი, მაგრამ ძალიან მაშინებს ეს.
ბავშვობიდან მაშინებს და მახარებს ერთდროულად, სკოლაში, ეზოსა თუ უნივერსიტეტში, ხშირად ვაწყდებოდი ადამიანებს, რომელთა ხმაც არ ისმოდა, ისინი მაგრძნობინებდნენ, რომ ჩემნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ვერ აჟღერებდნენ… და რომ მათი ხმა ვიყავი. მიხაროდა, ვაღიარებ. წლები რომ გავიდა, ძალიან გავბრაზდი. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, ყოველთვის (მ)ღალატობდნენ, კაცმა რომ თქვას, მე კი არა, პრინციპს, საბოლოოდ კი, საკუთარ თავსაც, მომავალსაც და, როგორც არ უნდა ჟღერდეს, არც თუ იშვიათად, სამშობლოსაც.
მიუხედავად გალაკტიონის შეგონებისა: “სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღალე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე”, (ვერც პირველ ნაწილს შევასრულებ და, მით უმეტეს, ვერც მეორეს), უნდა ვაღიარო: იშვიათად, მაგრამ მაინც, ძალიან ვიღლები ჩემი გულწრფელობით, იდეალისტობითა და ემოციურობით, მერე მინდება საბანი გადავიხურო და გამოვიკეტო, სანამ გულისგამაწვრილებლად არ შემახსენებს თავს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დამზაფვრელი სიტყვები იოანეს გამოცხადებიდან: “ვიცი შენი საქმენი: არც ცივი ხარ და არც ცხელი: ოჰ, ნეტა ცივი მაინც იყო, ან ცხელი. მაგრამ რაკი ნელ-თბილი ხარ, არც ცივი ხარ და არც ცხელი, ამიტომ გადმოგაფურთხებ ჩემს ბაგეთაგან”.
შიშისა რა გითხრათ, მაგრამ ყოველ ჯერზე მაფხიზლებს ეს სიტყვები. განსაკუთრებით, უკანასკნელ თვეებში და კიდევ უფრო განსაკუთრებით ახლა, რადგან ამ თვეში ფეისბუკშიც აღარ ვარ და ლაზარეს ინტერვიუს წაკითხვამ მოსვენება დამაკარგვინა, ვერაფრით ვიძინებ მშვიდად, ვერც დუმილს (თუნდაც მოოქროვილს) ვაპატიებ ჩემს თავს, როცა წარმოვიდგენ, რომ დღემდე ციხეში ზის ბიჭი, რომლის ადგილასაც თავისუფლად შეიძლება ვყოფილიყავი, საქართველოში რომ მეცხოვრა.
უსამართლოდაა დატყვევებული მისი თანამოსახელე ლაზარე აროშვილიც. ციხეშია ჩემი თანატოლი ზურა ნიჟარაძეც, (რვიდან ოც წლამდე, ან სამუდამო სასჯელი რომ ემუქრება), რომლის ადგილასაც, ასევე თავისუფლად შეიძლება ვყოფილიყავი, რადგან მას ედავებიან კლუბური ნარკოტიკების ფლობას (და არა — გასაღება/რეალიზაციას). ცხადია, ამ უკანასკნელის დადებით ჭრილში წარმოჩენა არ მსურს, მაგრამ ვაღიარებ: არაერთხელ მიმიღია იგი და სრულიად არანორმალურია ამის გამო ადამიანის დაპატიმრება, მით უფრო, იმ ადამიანისა, რომელსაც ბავშვობიდან დღემდე, სარგებლის მეტი არაფერი მოუტანია ჩვენი საზოგადოებისთვის.
სხვადასხვა დაძაბულობის, დემონსტრაციების, აქციებისა თუ დარბევების დროს, (ამის ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით), ბევრჯერ მინატრია, ნეტავ, იქ ვიყო – მეთქი. როცა მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფები, გაცილებით უფრო თავისუფალი ხარ ბრაზის გამოხატვაში და ნებისმიერი ფორმა რელევანტურია. შორს მყოფს კი, თითოეულ სიტყვაზე გიწევს ფიქრი: არ გადაამეტო, არ გადაამლაშო, არავინ დაამუნათო, პათეტიკური არ იყო. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მძულს, თუმცა, ისეთი პირი უჩანს, არა მგონია, ავცდე…
მოკლედ, რთული ამბავია: შორიდან ყვირილი არცთუ კარგი ტონია, დუმილი — მთლად უარესი! რუსეთის იმპერიისა და მისი ეკლესიის ქართული ფილიალის დამსახურებით, სამოქალაქო საზოგადოებაში “პატიოსნებასა” და “პატრიოტიზმს” მნიშვნელობები დაუმახინჯეს, (პირველს სხვისი ლოგინის სადარაჯოდ იყენებენ, მეორე — “მტრის ლოგინში” მსახურებად აქციეს), თორემ ახსენებდა კაცი ამ კონტექსტში.
წინათ მეწერა პოსტი, ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით, რომ არასდროს მქონია შეხება მასთან, Facebook ფრენდიც კი არ ყოფილა ჩემი, თუმცა ეს არაფერს განსაზღვრავს ჩემთვის, რადგან ასე არასდროს ვუყურებ საგანს, ვაჟა კი წერდა: “ვაჰ, რომ წესია: არ ესმის სხვასა ტკივილი სხვისაო!”, მაგრამ თუ მართალია კაცი, თუ უსამართლობის მსხვერპლია იგი, ვერაფრით ამოვიგდებ გონებიდან, ხოლო როცა პირიქითაა, სულ რომ უახლოესი ნათესავი იყოს, ვერ ვიქნები მიკერძოებული.
ნიშანდობლივია ისიც, ტერორისტების მიერ დატერორებულ ხალხს რომ უწუნებს პროტესტს თავისუფალი ქვეყნის საზოგადოება, რომელმაც დაუშვა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში უდანაშაულო ბიჭი, ლამის წელიწადია, ციხეში ზის. ფაქტობრივად, მთელი ქვეყნისთვის, მათ შორის, ახალგაზრდობისა და NGO-ებისთვისაც კი, (რომელთაც დღეს რომ აგენტები არ ჰქვიათ და არ დევნიან, ლაზარეს დამსახურებაცაა!), ეს ამბავი ნორმალური გახდა. თუ დაგამშვიდებთ, შეგიძლიათ, ტრადიციული უსუსურობა გამოიყენოთ არგუმენტად: “მაქედან ჭკუას ნუ გვარიგებ!”, მაგრამ ეს იმას არ ცვლის, რაზეც ვწერ, კვლავ სამარტოო საკანშია სატანისტად შერაცხილი ეს ნათელი, ლამაზი და მამაცი ბიჭი, საერთო საზოგადოებრივი სიკეთისა და სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის გამო რომ გაიწირა. ბეღურა ჰყოლია საკანში, ფანჯრიდან შეფრენილა და უვლის თურმე, ელაპარაკება… ეს ამბავი სიმბოლურადაც ემოციური იყო ჩემთვის, რადგან ბეღურა ჩემი საყვარელი ჩიტია, მას მოვიხსენიებ ჩემს სახე-ხატად ლექსებში, ასე მეძახიან ახლო მეგობრებიც.
თბილისის ქუჩებში გამოჩნდა წარწერები: “ზურას რა უნდა ციხეში?!”
რა უნდათ ციხეში უდანაშაულო ბიჭებს, რომლებიც უკეთესი ქვეყნისთვის იბრძოდნენ, რუსეთში კიდევ ერთხელ შეთრევა არ სურდათ, ზამთრის მარაგს უგროვებდნენ საკუთარ მოქალაქეებს და, ზოგჯერ, უნიათო და მოღალატე ხელისუფლების პირობებში, ნიჰილიზმს, უპერსპექტივობასა და უიმედობას, დრაგებით გაურბოდნენ, როკვით ივიწყებდნენ…
რატომ უნდა გვწერდეს სამარტოო საკნიდან უდანაშაულო ბიჭი, რომ ბუნება ენატრება, მეგობრები, ნორმალური საკვები, ცხოველები და სეირნობა, ანუ ის, რასაც უბრძოლველად და იმთავითვე იმსახურებს ადამიანი ნორმალურ ქვეყანაში, ისევე როგორც ამ რიტორიკული შეკითხვების ავტორი, რომელსაც სინდისის ქენჯნა აწერინებს, არც თუ ისე დალაგებულად…
ვინ დაუბრუნებს ამ დანაკარგს უდანაშაულო ბიჭებს?
რა უნდათ მათ ციხეში?
როდემდე უნდა აპატიმრებდნენ უდანაშაულოებს კრიმინალები?
როდემდე უნდა მართავდნენ ქვეყანას ორიენტაციაარეული კოლაბორაციონისტები?
დაზუსტებით მხოლოდ ერთი ვიცი: ეს ქვეყანა ერთი დიდი საკანია — ვინც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა წახვიდე, მისი ტყვე ხარ! და მაინც: რახან კვლავ ვწერ, ე.ი. გულისგულში ჯერ კიდევ მჯერა, რომ ვიღაცები მაინც არ შევეგუებით ამ მოცემულობას! ბოლოს და ბოლოს, ლაზარემ რეალური საკნიდან შემოგვითვალა: “არავის მისცეთ თქვენში ბრძოლისუნარიანობის მოკვლის უფლება. გარეთ რომ ვიყავი, ბევრი პრობლემა მქონდა, სახე მძვრებოდა. ახლა ეს კიდე, მაგრამ მაინც არ ვნებდები!”
ასე რომ, ხელისუფლებაში მოკალათებულო კრებსითო ირაყლეებო, მიუხედავად საყოველთაო საღათას ძილისა, გეშინოდეთ იმ “სასტიკი და ულმობელი გამოღვიძების”, რომელიც აუცილებლად დადგება!
we lit! — შემოგითვალათ საკნიდან ლაზარემ! — ჩვენ ვანათებთ და ვიწვით, როგორც ბიბლიური შეუწველი მაყვალი, “მოლოტოვის კოქტეილზე” მეტად ის სინათლე გაშინებთ სწორედ, რომელიც მარტის აქციებზე გამოჩნდა, ნათელი, რომელიც სახარების თანახმად, ბნელში ნათობს, მაგრამ ბნელი ვერ მოიცავს მას!
უკანასკნელ წლებში, რაც დანამდვილებით დავინახეთ და ვიცით, ისაა, რომ ქართველ ხალხს არ სურს და, შესაბამისად, არ გამოვა ჩვენს ისტორიულ მტერთან არათუ გაცხადებულად, ბნელში წოლაც კი, ციხეში უსამართლოდ მყოფ ბიჭსაც კი სჯერა, რომ ქვეყანას, რომელიც “აწ ყროდის”, მომავალი აქვს! უფლება არ მაქვს, არ მჯეროდეს, რომ თავისუფლებისთვის მებრძოლთა ნაცვლად ორიენტაციარეულ კოლაბორაციონისტებს ვიხილავ საკანში, ხოლო საკნადქცეულ სამშობლოს კვლავ ისინი გაათავისუფლებენ, რომელთაც ამის რწმენა ვერაფრით და ვერსად ჩაუკლეს.
დასასრულ, ამ რწმენით დავიმოწმებ ადიშის უძველეს ოთხთავს:
“ესე ვითარ თქუა, ხმითა მაღლითა ღაღატ-ყო და თქუა: ლაზარე, აღდეგ და გამოგუალე!”
P.S. მხნეობასა და გამარჯვებას ვუსურვებ ძლიერ დედებს: თამთა კალანდაძეს, რუსიკო კობახიძეს, ეკა მურცხველაძეს.