„არა კამარა ჰესს“ - ყაზბეგში მოსახლეობა ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება

პუბლიკა

ყაზბეგის მოსახლეობა თერგის ხეობაში „კამარა ჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება.

ადგილობრივების განცხადებით, ჰესის აშენებით მდინარეში წყლის მოცულობას პრობლემა შეექმნება, რაც ხეობის ტურისტული პოტენციალის დაკარგვას განაპირობებს. ამასთანავე, მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესი გავლენას იქონიებს მეწყერსაშიშ და  ვულკანურ ზონებზე, რასაც შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს ხეობაში. ადგილობრივების თქმით, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, საფრთხე შეექმნება  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებსაც.

„კამარა ჰესის“ შესახებ

დოკუმენტების მიხედვით, ჰესის აშენება ყაზბეგის მუნიციპალიტეტში იგეგმება. პროექტი მოიცავს: დამბას, წყალმიმღებს, სადაწნეო მილსა და ჰესის შენობას. ჰიდროელექტროსადგურის შენობა მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, სოფელ გორისციხესთან აშენდება. წყლის ნაკადის გასატარებლად გათვალისწინებული წყალსატარი მილის სიგრძე მოიცავს 5 380 მ-ს.

მისი დადგმული სიმძლავრე 16.62  მგვტ იქნება, ხოლო გენერაცია – 77.21 გვტ-სთ/წელიწადში.  პროექტს კომპანია „კამარა ენერჯი“ ახორციელებს.

ჰესის წინააღმდეგ პროტესტი

„კამარა ჰესთან“ დაკავშირებით განხილვა 2023 წელს არ დაწყებულა. ჰესის დოკუმენტაციების განსახილველად საქმისწარმოება გასულ წლებშიც მიმდინარეობდა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ხარვეზების გამოსწორების მიზნით რეკომენდაციებიც ჰქონდა გაცემული.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, მოსახლეობა ჩივის, რომ პროცესში მათი ჩართულობა სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი.

მიმდინარე წლის ოქტომბერში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ სხვა შენიშვნებთან ერთად დამატებით აღნიშნა, რომ განახლებულ სკოპინგის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების, მათი პოზიციების, დამოკიდებულების, აზრის გათვალისწინებისა და შეთანხმების ამსახველი ინფორმაცია.

ადგილობრივების თქმით, კომპანიამ კომუნიკაციის ნაცვლად, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად მოტყუებით დაიწყო ხელმოწერების შეგროვება.

როგორც ისინი აღნიშნავენ, მერიამ და მათი დავალებით სხვა პირებმა ადამიანებს მოტყუებით მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, თითქოს სიის შედგენა „კამარა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან, მათივე თქმით, მიმართავდნენ მუქარის სხვადასხვა ფორმასაც.

ყაზბეგის მერი ბაკურ ავსაჯანიშვილი ბრალდებებს უარყოფს, საკითხს პროვოკაციად აფასებს და ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფების წევრებს უკავშირებს.

„მსურს, გამოვეხმაურო ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, თითქოს კერძო კომპანიებს ვლობირებ და თანამშრომლებს ვაიძულებ, კონკრეტული პროექტების განხორციელებას დაუჭირონ მხარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით, მოქალაქეებს კი – სოციალური დახმარების მიღების შეწყვეტით ვემუქრები. ამ ბრალდებების დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს. სამწუხაროდ, ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფების წევრები, საკითხის თაობაზე, საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას ცდილობენ და ამ მიზნით არც პროვოკაციულ ქმედებებზე იხევენ უკან”, – წერს ავსაჯანიშვილი.

ანგარიშის ხელახალი გაცნობა მოსახლეობისთვის 27-28 ნოემბერს იგეგმებოდა, თუმცა, „მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე“, გადაიდო. საჯარო განხილვა მეტეოროლოგიური მდგომარეობის გამოსწორებიდან 5 დღის ვადაში იგეგმება.

მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ მხოლოდ ორ სოფელში ჩატარებული განხილვით, ვერ მოხერხდება ადგილობრივი მოსახლეობის სრულყოფილად ინფორმირება. განხილვის დამატებით ადგილად მოსახლეობა დაბა სტეფანწმინდასაც მოითხოვს და შესაბამის უწყებებთან საკითხზე  შუამდგომლობას მერიასა და საკრებულოს სთხოვს.

ვინაა ინვესტორი?

შპს „კამარა ენერჯის“ დირექტორი თამარ პაპავაა. კომპანიის 100% წილის მფლობელი „შპს ჯორჯიან რინუებლ ენერჯია“, დირექტორი კი – ლევან მატუა.

აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიის წილებს თანაბრად ინაწილებენ ოფშორში, კერძოდ, სენტ-ლუსიაში დაფუძნებული შპს „გრინთრი ჰოლდინგსი“ და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული „კარლისტონ ვენჩერსი“.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ლევან მატუა ასევე იკავებს „შპს ისკაპ ლიმიტედის“ დირექტორის თანამდებობასაც. კომპანიის წილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორებს – სულხან პაპაშვილსა და გიორგი კუხალეიშვილს ეკუთვნით.

რა შენიშვნები აქვს პროექტთან დაკავშირებით „მწვანე ალტერნატივას“

„მწვანე ალტერნატივის“ შეფასებით, 2021 წელს მომზადებული სკოპინგის ანგარიში დაბალი ხარისხის იყო და ის არც 2023 წლის ვერსიაში გაუუმჯობესებიათ.

მათივე თქმით, კვლავ აქტუალურია როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე, „მწვანე ალტერნატივის“ შენიშვნები.

„დოკუმენტის მნიშვნელოვანი ნაწილები უცვლელად გადმოწერილია სხვა ანგარიშებიდან (მაგ. სხვადასხვა კონტექსტში განხილულია [კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში არსებული] მდინარეები: ფარავანი, კორხი და დურუჯი) და არაფერია აქვს საერთო კამარა ჰესთან.

საგულისხმოა, რომ იდენტური ტექსტი გამოყენებული იყო 2021 წელს განხილულ ვერსიაში და მწვანე ალტერნატივა მაშინაც უთითებდა ამ შეუსაბამობაზე. დოკუმენტის ავტორებმა არ შეიწუხეს თავი ამ „შეცდომის“ გამოსასწორებლად“, – წერს ალტერნატივა.

ორგანიზაციის თქმითვე, პროექტის საჭიროებასა და სარგებელთან დაკავშირებით ინფორმაცია ზოგადი და სპეკულაციურია.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „კამარა ჰესის“ სკოპინგის ანგარიშში განხილული ალტერნატივა მანამდე გარემოზე მნიშვნელოვანი, შეუქცევადი ზემოქმედების გამო დაწუნებული პროექტია და არ შეიძლება გონივრულ ალტერნატივად განვიხილოთ.

ამასთან, „მწვანე ალტერნატივა“ აღნიშნავს, რომ „სკოპინგის ანგარიში არ განიხილავს პროექტს სრულად. არაფერია ნათქვამი ჰესთან ასოცირებული ინფრასტრუქტურის ზემოქმედების შესახებ (ელექტროგადამცემი ხაზი და მათი ზემოქმედება ბიოლოგიურ გარემოზე, ლანდშაფტზე, ადამიანების ჯანმრთელობასა და საცხოვრებელ პირობებზე)“.

მაგალითად, მდინარე თერგის შესახებ სკოპინგის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეკოლოგიური ხარჯის საორიენტაციო მაჩვენებელი კორექტირებული იქნება კომპლექსური კვლევის საფუძველზე.

სკოპინგის განახლებულ ანგარიშში კვლავ არაა შეცვლილი ის გარემოებები, რასაც „მწვანე ალტერნატივა“ აკრიტიკებდა.

კერძოდ, მოქმედ ვერსიაშიც აღნიშნულია, რომ „მდინარის საპროექტო მონაკვეთში წყლის ხარჯი შემცირდება. შესაბამისად, შეიზღუდება მოსახლეობის მიერ წყლის რესურსებით სარგებლობა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სათავე კვანძიდან ძალურ კვანძამდე მონაკვეთში წყალმომხმარებელი ობიექტები ( მაგ. წისქვილი, თევზსაშენი და სხვ). არ არსებობს. შესაძლოა, შეიზღუდოს მდინარის გამოყენება რეკრეაციული დანიშნულებით, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე, ასეთი სახის ზემოქმედებაც არ იქნება მნიშვნელოვანი“.

„ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით მშენებლობის და ექსპლუატაციის ეტაპზე იწარმოებს საჩივრების სარეგისტრაციო ჟურნალი. მოსახლეობის/მეწარმეების უკმაყოფილოების გამორიცხვა მოხდება ქმედითი ურთიერთ კონსულტაციების საფუძველზე. კონსულტაციების შედეგად შესაძლებელია კონფლიქტის მოგვარება შესაბამისი კომპენსაციის გაცემის ან ალტერნატიული რესურსების მოძიებაში დახმარების გაწევის გზით. გარდა ამისა: მოსახლეობას წინასწარ ეცნობება ისეთი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც დროებით შეზღუდავს ადგილობრივი რესურსების ხელმისაწვდომობას; ისეთი სამუშაოები, რომელიც შეზღუდავს ადგილობრივ რესურსებს და მდ. თერგის ხეობაში გადაადგილებას, ჩატარდება შეძლებისდაგვარად მოკლე დროში“, – ასევე ვკითხულობთ ანგარიშში.

სკოპინგის ანგარიშშივე აღნიშნულია, რომ მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოების დროს ადგილი ექნება გარკვეულ ვიზუალურ – ლანდშაფტურ ზემოქმედებას, სატრანსპორტო ნაკადების ზრდის, სამშენებლო მოედნების, მომუშავე ტექნიკის და ხალხის, მშენებარე კონსტრუქციების, სამშენებლო მასალებისა და ნარჩენების არსებობის გამო.

კომპანია აღნიშნავს, რომ დეტალური პროექტის მომზადებისას და გზშ-ში ასახული იქნება მეტი დეტალი. სკოპინგის მიხედვით, როგორც არქიტექტურულ, ასევე ლანდშაფტის დიზაინში გათვალისწინებული იქნება ვიზუალური ზემოქმედების ასპექტი და ბუნებრივ და კულტურულ ლანდშაფტთან ჰარმონიზაციის აუცილებლობა.

„მწვანე ალტერნატივას“ მიაჩნია, რომ აღნიშნული აღწერით არ შეიძლება ჩაითვალოს, რომ დოკუმენტში განხილულია ჰესის ექსპლუატაციის დროს ვიზუალურ ლანდშაფტური ზემოქმედება.

მათივე თქმით,  გარემოს/ლანდშაფტის ვიზუალური დაბინძურება, რომელიც გამოწვეული იქნება ჰესის სტრუქტურებით, გადამცემი ხაზებით და ბოძებით, ასევე მდინარის დაშრეტით, არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზემოქმედება, რაც მთლიანად ცვლის პეიზაჟს და აუფასურებს ტურისტულ ღირებულებას.

„ავტორები ვიზუალურ-ლანდშაფტურ ზემოქმედებად განიხილავენ მხოლოდ მოსამზადებელი და სამშენებლო სამუშაოების დროს შეცვლილ გარემოს და მიაჩნიათ, რომ პრობლემა აღმოიფხვრება მშენებლობის დასრულების შემდეგ სამშენებლო ბანაკისა და სამშენებლო მანქანადანადგარების, მასალის და ნარჩენების გატანით, ასევე, სარეკულტივაციო-გამწვანებითი სამუშაოების ჩატარებით“, – წერს ალტერნატივა.

„მწვანე ალტერნატივა“ ასევე იხსენებს ყაზბეგი ჰესის მშენებლობასაც და აღნიშნავს, რომ „ცნობილია, „კამარა ჰესის“ სკოპინგის ანგარიშის ავტორები – მარიამ ქიმერიძე და მედგარ ჭელიძე – აქტიურად უჭერდნენ მხარს „ყაზბეგი ჰესის“ მშენებლობას და საქმის წარმოების პროცესში წარმოადგინეს დასკვნები, რომლებშიც ამტკიცებდნენ, რომ ჰესი არანაირ უარყოფით ზემოქმედებას არ იქონიებს ბიომრავალფეროვნებაზე/გარემოზე. თუმცა შედეგი სრულიად საპირისპიროა, რაზეც ნათლად მიუთითებს ეს ფოტოსურათი“.

მდინარე ხდის ხეობა ყაზბეგი-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ.

„მწვანე ალტერნატივის” თქმით, ის პრობლემური საკითხები, რაზეც შეფასების დოკუმენტში ამახვილებენ ყურადღებას არც სკოპინგის ბოლო ანგარიშში გამოსწორებულა და კვლავ აქტუალურია.