ენმ ბაჩო დოლიძემ და ქუთაისში ორგანიზაციების წევრებმაც დატოვეს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობიდან“ წევრების წასვლის პროცესი გრძელდება.

დღეს, 11 დეკემბერს ბაჩო დოლიძემ განაცხადა, რომ ისიც ტოვებს პარტიას.

„წარსულის კარგად გააზრების შემდეგ, ახლებურად ჩამოყალიბებულ აზრს, ახალ სიტყვას და ამომრჩეველთან ახალ შეთავაზებას შეუძლია ამ ქვეყნის იმ კრიზისიდან გამოყვანა, რომელშიც ბოლო პერიოდის განმავლობაში, განსაკუთრებით პოლარიზებულმა საზოგადოებამ, თავისი როლი ნამდვილად ითამაშა. შეიქმნება ახალი პლატფორმა“, – განაცხადა დოლიძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საკრებულოში ენმ-ის ფრაქცია 12-დან 7-მა წევრმა დატოვა.

მათი თქმით, ქუთაისის 10 შტაბიდან 7-ს თითქმის სრული შემადგენლობა ტოვებს.

გასულ დღეებში პარტია დატოვეს რეგიონული ორგანიზაციების წევრებმა, მათ შორის, თბილისის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა, ბათუმის, ხობის, ზუგდიდის, ჭიათურის, კასპის ორგანიზაციების ათობით წარმომადგენელმა.

7 დეკემბერს „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ განაცხადა პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ. მანვე ახალი პარტიის შექმნაც დააანონსა.