წამლის ფასი | რა არის რეფერენტული ფასი და რატომ გვეხება ის

პუბლიკა

მედიიდან ალბათ ხშირად გაგიგონიათ, რომ საქართველოს მთავრობამ წამლებზე რეფერენტული ფასი განსაზღვრა; რომ რეფერენტული ფასი მოქმედებს 3 200 დასახელების მედიკამენტზე. ვეცდებით, სტატიაში ვუპასუხოთ ხშირად დასმულ შეკითხვებს; პოპულარულ ენაზე განვმარტოთ, რა არის რეფერენტული ფასი და რა მოლოდინი უნდა გვქონდეს, როდესაც აფთიაქის კარს შევაღებთ.

  • რა არის წამლის რეფერენტული ფასი?

საქართველოს მთავრობამ რიგ მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრა – ამას წამლის რეფერენტული ფასი ჰქვია. შეიქმნა მედიკამენტების სია, სადაც თითოეული წამლისათვის დადგენილია მაქსიმალური ფასი – რა ფასზე ძვირადაც მისი გაყიდვა არ შეიძლება.

მაგალითად, კარდიომაგნილის 30-ცალიანი შეფუთვის რეფერენტული ფასი 8.89 ლარია. ეს ნიშნავს, რომ ვერცერთი აფთიაქი მას უფრო ძვირად ვერ გაყიდის, თუმცა, აფთიაქის სურვილის შემთხვევაში, ცხადია, შესაძლებელია მისი უფრო იაფად გაყიდვაც.

მედიკამენტის მაქსიმალური ფასი იმგვარად გამოითვლება, რომ მასში ასევე გათვალისწინებულია სამართლიანი და ადეკვატური მოგების წილიც. ასეთი რეალისტური ფასის განსაზღვრისათვის ასევე ითვალისწინებენ უმეტესად მეზობელი და ეკონომიკურად მსგავსი ქვეყნების მაგალითებსაც. იქიდან გამომდინარე, თუ რა ღირს ესა თუ ის მედიკამენტი სხვა, ჩვენს მსგავს ქვეყნებში, დგინება მისი რეფერენტული ფასი, ანუ მისი მაქსიმალური ღირებულება.

  • რატომ გახდა საჭირო წამლის რეფერენტული ფასის შემოღება?

ამ რეგულაციამდე ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების გაყიდვა იმ ფასად შეეძლოთ, რა ფასადაც თავად მოისურვებდნენ. ვინაიდან ამ დრომდე, პოლიტიკა და რეგულაციები, უფრო სწორად, მათი არარსებობა, ხელსაყრელ გარემოს ქმნიდა წამლებზე ფასების უსაფუძვლოდ ზრდისათვის, კომპანიებს შეეძლოთ, წამლები ნებისმიერი სიდიდის ფასნამატით გაეყიდათ.

რეფერენტული ფასის შემოღების შემდეგ კი, როდესაც  გარკვეული მედიკამენტების მაქსიმალური ფასი განისაზღვრა, აფთიაქებს წამლების უსაფუძვლოდ ძვირ ფასად გაყიდვის შესაძლებლობა შეეზღუდა.

  • რომელ ქვეყნებში მუშაობს წარმატებით რეფერენტული ფასის რეგულაცია?

რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმს ევროკავშირის თითქმის ყველა წევრი ქვეყანა იყენებს. ის გამოიყენება ასევე ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც – ავსტრალია, კანადა, ბრაზილია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა, იაპონია, ირანი, ეგვიპტე, იორდანია, ლიბანი. ბოლო წლებია ამ პოლიტიკის გატარება დაიწყეს ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც: ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა.

რეფერნტული ფასის პრაქტიკის მქონე ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ მექანიზმს წამლებზე ფასის 30-40%-ით შემცირება შეუძლია.

ვრცლად ამის შესახებ გაეცანით ბმულს.

  • რა წამლებზე მოქმედებს რეფერენტული ფასი?

დღეისათვის რეფერენტული ფასი 3 ათასზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. მათ შორისაა ანტიბიოტიკები, ანტიჰისტამინური, ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო, ანტიკუაგულანტი, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიური, მე-2 ტიპის დიაბეტის, ეპილეფსიის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, პარკინსონის,  ფარისებრი ჯირკვლისა და ფილტვის დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები. სია ეტაპობრივად იზრდება და შესაბამისად, მომავალში სხვადასხვა მედიკამენტის დამატება იგეგმება.

თუ გაინტერესებთ, არის თუ არა ამ ჩამონათვალში თქვენი წამალი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ ლინკზე;

  • რა წამლები გააიაფა რეფერენტულმა ფასმა?

საქართველოში მედიკამენტების ფასებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის რეფორმის გავლენას საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ იკვლევს. 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, რეფერენტული ფასის მქონე ანტიბიოტიკებისა და გულსისხლძარღვთა დაავადების სამკურნალო მედიკამენტებზე ფასები მცირედით შემცირდა, ანტიბიოტიკებზე ფასის შემცირება გაგრძელდა მეორე კვარტალშიც, რაც რეფორმის პირველი ეტაპის წარმატებაზე მიუთითებს.

  • რა წამლები გაძვირდა რეფერენტული ფასის შემოღების შემდეგ?

რეფერენტული ფასების პირველი ეტაპის ამოქმედების შემდეგ, მიმდინარე წლის I და II კვარტალში ის მედიკამენტები გაძვირდა, რომლებიც ასევე ხშირი მოხმარებისაა, თუმცა ჯერ არ შედიოდა რეფერენტული ფასის მქონე მედიკამენტების სიაში. საერთაშორისო ფონდი „კურაციო“ თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ ანტიბიოტიკებსა და გულ-სისხლძარღვთა სამკურნალო მედიკამენტების გაიაფების პარალელურად, მცირედით გაძვირდა ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო მედიკამენტები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო განახლებით, რეფერენტული ფასის მქონე მედიკამენტების სიას ტკივილგამაყუჩებელი და საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო მედიკამენტებიც დაემატა.

საინტერესოა, მომდევნო კვარტლების ანგარიში, რა ბედი ეწია ამ მედიკამენტების ფასებს, რეფერენტული მედიკამენტების სიაში აღმოჩენის შემდეგ. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო ფონდი „კურაციოსაგან“ უახლეს პერიოდში იქნება.

  • როგორ უნდა შევაფერხოთ სხვა წამლებზე ფასის ზრდის ტენდენციას, რათა ამ წამლის მომხმარებელი პაციენტები არ დაზიანდნენ?

რეფერენტული ფასების დადგენა ყველაზე ხშირად მოხმარებადი წამლებით დაიწყო. შესაბამისად, ფარმაცევტულ კომპანიებს ყველაზე გაყიდვადი წამლებიდან მნიშვნელოვანი მოგება მოაკლდათ – რადგან მათი მაქსიმალური ფასი განსაზღვრულია, აღარ არსებობს უსაფუძვლოდ მაღალი მოგების მიღების საშუალება. შესაძლოა ფარმაცევტულმა კომპანიებმა ამ ,,დაკარგული” მოგების ანაზღაურება სხვა, არანაკლებ საჭირო მედიკამენტებზე ფასის გაძვირებით სცადონ. ამიტომ, აუცილებელია რეფერენტულ ფასის მქონე მედიკამენტების სიის მაქსიმალურად გაფართოება, რათა არავინ დარჩეს აუცილებელი მედიკამენტების გარეშე.

სამართლიანი რეგულაციები და მათი ეფექტური აღსრულება – ამ მექანიზმებით იქნება შესაძლებელი, რომ ფარმაცევტული სექტორის ფუნქციონირება იყოს  პასუხისმგებლობიანი, სამართლიანი და მოსახლეობის კეთილდღეობაზე ორიენტირებული.


მასალა მომზადებულია „პუბლიკისა” და პლატფორმა „წამლის უფლების” ერთობლივი თანამშრომლობით.