„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილს და მის მსგავსს ადამიანებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე „არაფერი ესაქმებათ“.
„დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება იმ ხალხს, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ სტატუსის მისაღებად. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. მათ შორის, ერთ-ერთი, ვინც იდგა ამ საბოტაჟის ავანგარდში, იყო სალომე ზურაბიშვილი. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ საზეიმო ღონისძიებაზე, როდესაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ, ასეთ ადამიანებს მით უმეტეს არაფერი ესაქმებათ საზეიმო სცენაზე“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.
გუშინ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაანონსებულ ღონისძიებას და აღნიშნა, რომ 15 დეკემბერს, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე სახალხო ზეიმს დაესწრება.
„პრემიერმა, მგონი, გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი ყველასი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ, ყველანი უნდა ვიდგეთ ხვალ, იმიტომ, რომ ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მე მზად ვარ, რომ ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ – კარგი, თუ არა ხალში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე, ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას ყველას გილოცავთ“, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობილია, რომ საზეიმო ღონისძიებას ოპოზიციის ნაწილიც დაესწრება.
ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა.
საქართველოს 2022 წელს ევროკომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა და დაასახელა რეფორმების 12 პუნქტი, რომელიც სტატუსის მისაღებად იყო აუცილებელი. „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ მათი უდიდესი ნაწილი არ შეასრულა.
წელს სტატუსის მინიჭებას თან ახლავს 9 დათქმა, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა წევრობის მოლაპარაკებები საქართველოსთანაც დაიწყოს.