„თავის ქალას ტრეპანაცია გაუკეთდება" | ძაღლის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე გამოძიება დაწყებულია

პუბლიკა

24 დეკემბერს გვიან ღამით მოქალაქემ „ფეისბუქზე” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ჩანს ძალადობის მსხვერპლი მიუსაფარი ცხოველი.

თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიუსაფარ ცხოველს პირში ასაფეთქებელი აუფეთქეს, რაც მოგვიანებით არ დადასტურდა.

ექიმებისა და ცხოველთა დამცველების თქმით, ცხოველს დაზიანება ბლაგვი საგნით თავის ქალის არეში აქვს მიყენებული, ასევე, სხეულზე აქვს ნატყვიარი. შემთხვევა ბაღდათში მოხდა. ძაღლი საოპერაციოდ თბილისში გუშინვე გადმოიყვანეს.

მიუხედავად სამედიცინო რეაგირებისა, ძაღლის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. იგეგმება ძაღლისთვის ნეიროქირურგიული ოპერაციის გაკეთება. ინფორმაციას ცხოველთა უფლებადამცველი მიშა კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამ ეტაპისთვის სტაბილურად მძიმე არის სიტუაცია, დღეს უკვე იგეგმება ქირურგიული ჩარევა, დეკომპრესიული ტრეპანაცია, ამ ეტაპისთვის ჯერ კიდევ ვასტაბილურებთ ორგანიზმს, რა თქმა უნდა, მძიმე სიტუაცია არის ძალიან, მაქსიმალურად იმედიანად ვართ, ყველაფერი უნდა ვქნათ, რომ შევძლოთ გადარჩენა.

ბლაგვი საგნით არის მიყენებული თავის ქალის არეში ჭრილობა, გამოირიცხა ასაფეთქებელი ნივთიერება, იმიტომ, რომ არ არის დამწვრობა პირის ღრუში, კბილი, ენა, სასა, არის მთელი, ამიტომ შემოწმების შედეგად დავსვით დიაგნოზი, არის მძიმე ტრავმა თავის ქალის”, – ამბობს ქირურგის ასისტენტი, კონსტანტინე ჯგუშია.

„ძალიან მძიმეა. რასაც ვეტერინარები მეუბნებიან, გადარჩენის ალბათობა არის მინიმუმის მინიმუმი, ალბათ, 1%. იმიტომ, რომ ტვინის შეშუპებაა დაწყებული […]. მკვდარია, უბრალოდ სუნთქავს.

დაზუსტებით და გადაჭრით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ჩადენილია ბლაგვი საგნით, რკინით, არმატურით ან არ ვიცი. თუ გამოძიება ამას ბოლომდე მიჰყვება, არა მგონია ძნელი იყოს ამის დადგენა“, – ამბობს მიშა კაჭკაჭიშვილი „ფორმულასთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით, რაც ცხოველის წამებას ან სასტიკ მოპყრობას გულისხმობს.