წულუკიანის კულტურა

2021 წლის მარტში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა. 

აქედან მოყოლებული, 2 წლისა და 9 თვის განმავლობაში, მნიშვნელოვნად შეიცვალა კულტურის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკა. შეიცვალა მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გამოცდილებაც.

პუბლიკამშეისწავლა როგორც უწყების შიგნით ცვლილებები, ასევე მედიებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობის 3წლიანი გამოცდილება

გამოვკითხეთ, 17 მედიაორგანიზაცია, 10-მდე საზოგადოებრივი ორგანიზაცია და კერძო პირები, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობისა და კულტურის საკითხებს იკვლევენ. ასევე კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებული სიპების ყოფილი თანამშრომლები


თეკლა ქველაძე

ჩემი ისტორია კონკიას ამბავს ჰგავს“, – ასე იწყებს ჩემთან საუბარს თეკლა ქველაძე, მწერალთა სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების ყოფილი მენეჯერი.

თეკლა ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, როდესაც 2015 წელს მწერალთა სახლში პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალზე მოხალისედ მივიდა. მას შემდეგ  მწერალთა სახლში გატარებული 8წლიანი კარიერა მისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა „არა მხოლოდ პროფესიული თვალსაზრისით.

„გავიზარდე ამ შენობაში, ამ გუნდში, გვეუბნება თეკლა და ეტყობა, რომ მწერალთა სახლზე ემოციის გარეშე საუბარი უჭირს. „ჩემს ცხოვრებასა და მწერალთა სახლს შორის ხაზი არასოდეს გამივლია, ისე იყო გადაბმული ეს ყველაფერი ერთმანეთზე, არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველასთვის.

მწერალთა სახლი თეკლასთვის სამსახურიც იყო, სახლიც, მეგობრებიც „ყველაფერი, რისგანაც ადამიანის ცხოვრება შედგება.

„რასაც ამ ორგანიზაციაში ვაკეთებდით, იყო მთელი გულით, სულით, სიყვარულით ამ ორგანიზაციაში არც ჩემთვის და არც არავისთვის არ არსებობდა რაღაც სამუშაო საათები ან განსაზღვრული მოვალეობები. ამ ყველაფრის ინსპირაცია ჩვენთვის იყო ნატაშა (ნატაშა ლომოური) და ის თვითონ იყო ასეთი, რომელსაც არ ჰქონდა არც სამუშაო საათები და არც ჯობდისქრიფშენი.

თეკლა სევდანარევი ხმით და დიდი სიყვარულით საუბრობს მწერალთა სახლზე, „რომელსაც შინაურობაში დათიკოს ეზო-კარს ვეძახდით. თანამშრომლები ხშირად ხუმრობდნენ ხოლმე, რომ დავით სარაჯიშვილი მათი დიდი  პაპა იყო.

მწერალთა სახლში თეკლას განსაკუთრებით ადრიანი დილ უყვარდა. ეზოში სამი შაშვი ცხოვრობდა „ზუსტად ვიცოდით, რომ სამი იყო. დილაობით, როდესაც ეს შაშვები იღვიძებდნენ, იწყებდნენ გალობას. იქ ჩვენი ეზოს კატები რომ გამოცოცდებოდნენ… ნელნელა თანამშრომლები იწყებდნენ მოსვლას და სახლიც ახმაურდებოდა, ხოლმე

თეკლას ესმის, რომ ხშირ შემთხვევაში სამსახურებზე ადამიანები ასე არ საუბრობენ და ასეთი დამოკიდებულება არ აქვთ. „მაგრამ აი, დათიკოს ეზოკარში რომ შედგამ ფეხს და ამ სახლის ბინადრად დაიგულებ თავს, მერე ყველაფერი ხდება

მწერალთა სახლის თანამშრომლების ბრძოლისუნარიანობაც სწორედ ასეთი დამოკიდებულებით იყო გამოწვეული „როცა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანია, მისი დაკარგვაც გეშინია.

2023 წლის მარტში, როდესაც თეკლა საქართველოდან წავიდა, დატოვა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული განვითარების მენეჯერის პოზიცია, მაგრამ დარჩა საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის კომუნიკაციების მენეჯერად. ამისთვის ჩამოსულიც იყო თბილისში იმიტომ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელზეც კი მიმუშავია და ვერ დავთმე.

თეკლა წერდა სცენარს, იკვლევდა ერთერთი ქართველი მწერლის არქივებს… მუშაობა გრძელდებოდა დისტანციურად და შესაბამისად თანამშრომლობაც. „გრძელდებოდა ოთხ სექტემბრამდე, სანამ ქალბატონმა ქეთიმ (ქეთი დუმბაძე) არ წამშალა  „მწერალთა სახლის, ყველა მოქმედი ფეიჯიდან.

თეკლა ფეიჯებიდან არა მხოლოდ წაშალეს, არამედ  დაბლოკეს კიდეც. ანუ დღეს რომ მინდოდეს, მწერალთა სახლის ფეიჯი მოვძებნო და ვნახო, რა ხდება, ვერ ვეძებ, არ არსებობს, ანუ ჩემი ექაუნთისთვის მწერალთა სახლის ფეიჯი აღარ არსებობს.

თეკლა იხსენებს, რომ ლიტერატურული სფეროსთვის გამოწვევების რთული ტალღა იწყება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის წინა პერიოდიდან, სადაც საქართველო მასპინძელი ქვეყანა იყო. 

მართალია, მწერალთა სახლი არ იყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ორგანიზატორი ამ პროექტს წიგნის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელობდა მაგრამ ლიტერატურული სექტორი ყოველთვის ერთხმად რეაგირებს ხოლმე  რაიმე საფრთხეზე და მოვლენები სწორედ საფრთხედ იქნა აღქმული.

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა დიდი წარმატებით ჩატარდა, თუმცა 2019 წელს იყო პირველი რთული დარტყმა, როცა გადაწყვიტეს, რომ ორი ძალიან წარმატებული ლიტერატურული ორგანიზაცია უნდა გაეუქმებინათ: წიგნის ცენტრი და მწერალთა სახლი. 

ეს მოვლენები მკითხველმა და საზოგადოებამ კარგად იცის. მაშინ პროცესები, გარკვეულწილად, დადებითად დასრულდა, თუმცა ამას ორგანიზაციულად წიგნის ეროვნული ცენტრი შეეწირა. მისი ფუნქციები, პროგრამები და თანამშრომელთა თითქმის 95 პროცენტი მწერალთა სახლში გადავიდა. 

ამ დღიდან მოყოლებული თანამშრომლებმა იცოდნენ რომ ნატაშა ლომოურს მწერალთა სახლის დირექტორს, ჰქონდა ოთხი წელი (რა ვადაც იყო უფლებამოსილების ამოწურვამდე). იმ პერიოდიდან ჩემოდნებზე ცხოვრობდნენ და გრძნობდნენ, რომ  თუ არ იქნებოდა გარკვეული ცვლილებები პოლიტიკურ ველზე, მათ დიდ ნაწილს სამსახურის დატოვება მოუწევდა.

ვითარება ექსტრემალურად რთულდება მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი ინიშნება კულტურის მინისტრად. „ვერანაირ კონტაქტზე ვერ გავედით, ვერანაირ კომუნიკაციას ვერ ვამყარებდით ამ ადამიანთან, მიუხედავად ნატაშას უსასრულო მცდელობი.

იყო შემთხვევა, როდესაც თეკლას აქეთ დაუკავშირდა სამინისტროს პიარსამსახურის წარმომადგენელი, რუსუდან უშიკიშვილი. მიზეზი იყო თეკლას პოსტი, ეროვნული მუზეუმის შესახებ. თეკლა ზუსტ შინაარს ვერ იხსენებს, თუმცა ახსოვს, რომ მუზეუმის დირექტორის, ეკა კიკნაძის პოსტი ჰქონდა გაზიარებული.

„ეკა ჩემი ლექტორი, რომლის მიმართაც ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მაქვს და ზარის შინაარსიც ეგ იყო, რომ აი, რატომ გააზიარე მისი პოსტი.

როგორც ჩანს, თავდაპირველად სამინისტროში მიიჩნიეს, რომ თეკლა ქველაძეს ადვილად შეაშინებდნენ, თითს დაუქნევდნენ და პოსტს წააშლევინებდნენ, „თუმცა  ამის შემდეგ აღარ დაურეკავს არავის.

ერთ-ერთი მწვავე საკითხი იყო რეპრესირებული მწერლების მუზეუმი. ამ მუზეუმის დაფინანსებაში კულტურის სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია, პირიქით ხელისშემშლელი და შემაფერხებელი ფაქტორი იყო და ძირითადი ხარჯი, რითაც მუზეუმი შეიქმნა, ამერიკის საელჩოს გრანტით დაფინანსდა. თეკლა გვიყვება, რომ ეს გრანტი რამდენიმე თვის განმავლობაში სამინისტროში იყო „გაჭედილი“. თეა წულუკიანის გამინისტრების შემდეგ შეიცვალა სიპებისთვის გრანტის მიღების წესი და გარკვეული თანხის ზევით სიპი, პირდაპირი სახით, გრანტს ვეღარ მიიღებდა. უნდა გატანათ მთავრობის სხდომაზე და მთავრობის სხდომას დაემტკიცებინა, რამაც რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობის პროცესი ძალიან დააზარალა.

საბოლოოდ, მწერალთა სახლსა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა, მუდმივი იმედგაცრუება, სასოწარკვეთა და ბრძოლა საყვარელი საქმის საკეთებლად ძირითადი ბიძგი აღმოჩნდა იმისათვის, რომ თეკლა ახლა ესტონეთში ცხოვრობს. მას და მის მეუღლეს უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება, რომელ ქვეყანაში ეცხოვრათ.

„მე ვერ მივეცი თავს უფლება, იმ მოცემულობაში, რაც საქართველოში იყო, ჩამომეყვანა ნიკა თბილისში, რომ ადამიანს, რომელსაც ჰქონდა ევროკავშირის და ნატოს ქვეყანაში ცხოვრების და მუშაობის უფლება, ეს ყველაფერი დაეკარგა და ჩამოსულიყო საქართველოში, მთელი თავისი შრომა ჩაეყარა წყალში და ჩმოსულიყო ქვეყანაში, სადაც ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები უფრო დაცულები არიან, ვიდრე ჩვენ; სადაც რუსული ბიზნესი უფრო კონკურენტუნარიანი და მხარდაჭერილია, ვიდრე ქართული; სადაც შეიძლება დასასვენებლად წახვიდე და მიწამ ჩაგყლაპოს და ა.შ. ჰოდა, მარტში ბოლოჯერ ვიდექი აქციებზე, ბოლოჯერ მოვიწამლე და წამოვედი

ახლა თეკლა ესტონეთში ცხოვრობს, სწავლობს და მუშაობს. მიყვება, რომ საქართველოდან წასვლისას არსად არ უტირია, არც მშობლებთან დამშვიდობებისას, არც მეგობრებთან ერთადერთი ადგილი, სადაც თავი ვერ შეიკავა და გული აუჩუყდა, იყო მწერალთა სახლი, თავისი ნივთების წაღების დროს.

მძიმე მოგონებები აკავშირებს თეა წულუკიანის მინისტრობასთან კინოცენტრის კინოდისტრიბუციის მენეჯერს, ლევან აბდუშელიშვილსაც. 

ლევანის თქმით, კინოცენტრში ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მუდამ ვიღაც უთვალთვალებს; რომ საბჭოთა სული დაბრუნდა და ადამიანები ერთმანეთს ვეღარ ენდობიან; რომ შენს სუნთქვასაც ვიღაც აკონტროლებს

ლევანს სჯერა, რომ თეა წულუკიანი და მისი ხალხი საერთოდ ახლოსაც კი არაა კინოცენტრის საქმიანობასთან, არც იცნობს მის სპეციფიკას, ახლოსაც არ ჩაუვლიათ და საერთოდაც, მთავარი იყო, არავის არაფერი გაეპროტესტებინა, ყოფილიყვნენ ჩუმად და ასეთ პირობებში არავითარი რეორგანიზაციაც არ დაიწყებოდა. 

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როგორც მწერალთა სახლში, ისე კინოცენტრშიც ფეისბუქგვერდის პაროლები სამინისტროს წარმომადგენელმა გადაიბარა, რის შემდეგაც გამოქვეყნდა კინოცენტრის ყოფილი დირექტორის, გაგა ჩხეიძის მაკომპრომეტირებელი პოსტი. ამას თანამშრომელთა აღშფოთება მოჰყვა, რის შემდეგაც გაარკვიეს, რომ ეს პოსტი სოცმედია მენეჯერს არ გამოუქვეყნებია. ლევანს სჯერა რომ ეს თავად წულუკიანმა გააკეთა, ყოველ შემთხვევაში, ტექსტი მისი დაწერილი იყო

ამის შემდეგ განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის ცნობილია. ცენტრის თანამშრომლებმაც გაავრცელეს განცხადება, რომლითაც გაემიჯნნენ გაგა ჩხეიძის მაკომპრომეტირებელ პოსტს, ამ ამბავს კი ე.წ. რეორგანიზაცია მოჰყვა, რის საფუძველზეც, საბოლოოდ, ლევან აბდუშელიშვილმაც დაკარგა სამსახური.

მედია და წულუკიანი

თეა წულუკიანის გამინისტრებიდან თითქმის 3 წელი გავიდა. მედიაორგანიზაციები კულტურის სამინისტროს და მისდამი დაქვემდებარებულ სიპებთან ურთიერთობას „მძიმე პროფესიულ გამოცდილებად“ აფასებენ და ამბობენ, რომ კულტურის სამინისტრო მედიისთვის ყველაზე ჩაკეტილი და იუწვდომელი უწყებაა. 

„პუბლიკამ“ 17 მედიაორგანიზაცია გამოჰკითხა და ის წინააღმდეგობები შეისწავლა, რომლებსაც მედია კულტურის სამინისტროსთან ურთიერთობაში წულუკიანის გამინისტრების შემდეგ აწყდება.

17 მედიაორგანიზაციიდან (12 ონლაინმედია და 5 ტელევიზია) 14 ამბობს, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ: 

– არ იღებენ ანონსებს სამინისტროს და მის დაქვემდებარებაში მყოფი სიპების მიერ გასამართი ღონისძიებების შესახებ; უკვე გამართული ღონისძიების შესახებ იგებენ პოსტფაქტუმ, რაც მედიას პროაქტიულად ღონისძიებაზე მისვლისა და მისთვის მნიშვნელოვანი კითხვების დასმის შესაძლებლობას ართმევს.

– საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არ პასუხობს მათ სატელეფონო ზარს, სმს შეტყობინებასა და წერილებს. ეს სამსახური მედიისთვის კომენტარის, განმარტების მისაღებად გამოუსადეგარია. 

– უმრავლეს შემთხვევაში კულტურის სამინისტროსგან საჯარო ინფორმაციაზე პასუხი ვერ მიიღეს. 

ამ საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული, პოზიტიური გამოცდილება მხოლოდ ტელეკომპანია „იმედს“, და საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. 

მაუწყებელში განგვიცხადეს, რომ იღებენ ანონსებს და ასევე საქმიანი და ეფექტიანია მათი გამოცდილება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან. იდენტურია ტელეკომპანია „იმედის“ გამოცდილებაც. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულია გადაცემა „რეალური სივრცის“ გამოცდილება. არაერთი მიწვევის მიუხედავად, მათ გადაცემაში კულტურის სამინისტროდან არავინ მისულა. 

ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ ჩვენს შეკითხვებს არ უპასუხა. 

მედია ვერ ახერხებს, გადაამოწმოს, დააზუსტოს, მიიღოს განმარტება კულტურის სამინისტროსგან ან მისდამი დაქვემდებარებული სამსახურებისგან საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე. არადა, 3წლიან პერიოდში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელთა უმრავლესობაც კულტურის სამინისტოსა და მისდამი დაქვემდებარებული უწყებების დასაქმებულთა უფლებებს და ამ უწყებების ავტონომიურობის საკითხებს  ეხებოდა. 

  • მუზეუმებიდან თანამშრომლების გათავისუფლებ და ე.წ. რეორგანიზაციის გამოცხადება; 
  • ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორის დანიშვნა და შემდგომ სასამართლოში დავის საქმე; 
  • კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებებიდან გათავისუფლებულთა უფლებების დაცვას და ინსტიტუტების ავტონომიურობასთან დაკავშირებული საკითხები;
  • გელათის რეაბილიტაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები; 
  • თეატრებში რეჟისორების დანიშვნა/არჩევასთან დაკავშირებული მოვლენები; 
  • კინოცენტრის დირექტორის გათავისუფლება და შემდეგ რეორგანიზაციის დაწყება;
  • მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის დანიშვნა და ბოლოს კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების შეჩერება.

ჟურნალისტები სამინისტროს პრესსამსახურთან ურთიერთობის გამოცდილებაზე გვიყვებიან: 

„მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანი მინისტრად დაინიშნა, კულტურის სამინისტროს პრესსამსახურთან თანამშრომლობას, პრაქტიკულად, ვერ ვახერხებთ. უმეტესწილად ტელეფონზეც კი არ პასუხობენ არც ზარს და არც სმსებს, არ გვიგზავნიან ანონსებს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ა.შ. ხაზგასასმელია, რომ უწყებაში რამდენიმე პრესსამსახური შეიცვალა, თუმცა არ შეცვლილა სამინისტროს ქცევა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე გვაქვს სისტემურ პოლიტიკასთან, თუ როგორ უყურებს უწყება დამოუკიდებელ მედია. – დათო ქოქოშვილი (ნეტგაზეთი

„კომენტარზე უარს ამბობენ ტელეფონზე დარეკვის და მოკლე ტექსტური შეტყობინების შემთხვევაშიც კი. რაც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, მას შემდეგ, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე წავიდა, არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ ჩაანაცვლა ბარამიძე, არ ვიცით მისი ვინაობა და არ გვაქვს საკონტაქტო ნომერი. საჯარო ინფორმაციას არ გვაწვდიან არც მეილის საშუალებით. – თაკო ზაზაძე „სამხრეთის კარიბჭე“.

მისივე თქმით, მათ ამ წლების განმავლობაში, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პასუხი არ მიუღიათ ისეთი მნიშვნელობის საკითხებზე როგორებიცაა: 

– რაბათის დასახლების მიმდებარე ისტორიული აბანოების რეაბილიტაცი

– 2019–2022 წლებში სამცხე-ჯავახეთში რელიგიური უმცირესობების დაზიანებული ძეგლების რესტავრაციაკონსერვაციასთან დაკავშირებული კითხვები; 

– ასპინძის მუნიციპალიტეტში ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესიის ქვეშ 18მეტრიანი გვირაბის ნებართვის გარეშე გათხრ

– ივლიტას ტაძრის გაჭიანურებული რეაბილიტაცი

– ზარზმის რეაბილიტაცი;

 – მიმდინარე წელს უკანონო მშენებლობები ვარძიის მიმდებარედ.

ანალოგიურია რეგიონული მედიაორგანიზაცია „ტოკ ტვ-ისგამოცდილებაც. ორგანიზაციის წარმომადგენელი, ნინა ხელაძე ამბობს, რომ უწყება რეგიონში დაგეგმილი ღონისძიებებს შესახებ არასოდეს აწვდის ანონსს მედიას. „გართულებულია საჯარო ინფორმაციის მიღებაც. „თვეების განმავლობაში ვითხოვდით ინფორმაციას ახალციხეში, სოფელ ივლიტაში არსებული ტაძრის გადახურვის შესახებ, რაც ჩამონგრევიდან თითქმის რვა თვის შემდეგ დაიწყო. უწყებამ ინფორმაცია მანამ არ მოგვცა, სანამ სასამართლოს არ მივმართეთ“. – ამბობს ნინა ხელაძე. 

კულტურის სამინისტროსთან ურთიერთობას კრიტიკულად აფასებს „მთის ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილიც. მათ მიერ კულტურის სამინისტროში ალავერდთან სასტუმროს მშენებლობის საკითხზე გაგზავნილი არაერთი წერილი უპასუხოდ დარჩა. კულტურის სამინისტრო გამოცემისთვის პასუხი არ გაუცია, რაც ადმინისტრაციული წესით კულტურის სამინისტროშიც გაასაჩივრეს. სამინისტრო არც ეს საჩივარი განხილავს, რის შემდეგაც სასამართლოს მიმართეს. სასამართლოსადმი მიმართვიდან წელიწადი და 6 თვე გავიდა, განხილვა კი არც  ჩანიშნულა. 

10-მდე საჯარო წერილი აქვს გამოთხოვილი წულუკიანის უწყებიდან სტუდია „მონიტორს“. სამი წლის განმავლობაში მათ მოამზადეს სამი საგამოძიებო ფილმი, რომლებიც ეხებოდა გელათის რეაბილიტაციის საკითხს, სისტემაში პროფესიონალი კადრების შევიწროებსა და გათავისუფლების საკითხებს. 

„ცხადია, სამივე ფილმთან დაკავშირებით გვქონდა სხვადასხვა სახის კომუნიკაცია. ვინ მოთვლის პიართან უშედეგო სმსებსა და ზარებს“, – ამბობს თამარ გელაშვილი. სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტი და კულტურის სფეროზე საგამოძიებო ფილმების ავტორი. 

იდენტურია საგამოძიებო სტუდია „აი, ფაქტის“ გამოცდილება. „2020 წლიდან მოყოლებული გელათთან დაკავშირებულ საკითხებზე პერიოდულად ვითხოვთ ინფორმაციას. თავიდან თითქოს უფრო გვაძლევდნენ. წულუკიანის მოსვლის შემდეგ საერთოდ ჩაიკეტა ეს სისტემა. არცერთ წერილზე აღარ პასუხობენ. ინტერვიუს მოთხოვნაზე ხომ აღარც გვაქვს პრეტენზია და ამბიცია. ახლაც გვაქვს მიმდინარე დავა სასამართლოში სამინისტროს წინააღმდეგ, ისევ გელათის თემაზე. როდის და რა გადაწყდება ამ ამბავზე, არ ვიცით, რადგან პროცესი უსაშველოდ გაიწელა“, – ამბობს ნინო ბაქრაძე. 

უწყებაში თეა წულუკიანის მისვლის შემდეგ 100-მდე კითხვა აქვს გაგზავნილი კულტურის სამინისტროში „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ნასტასია არაბულს. 

„თავიდან ვითხოვდი ინტენსიურად, ალბათ, 100-მდე კითხვა მაქვს გაგზავნილი, მაგრამ ბოლო ერთი წელია, მივხვდი, რომ დროს ტყუილად ვკარგავდი. მიღებას მიდასტურებდნენ, მერე ცხელ ხაზზე უნდა დამერეკა და ეს დრო ფუჭად იკარგებოდა. 

საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაზე ცუდი ამბავი შემემთხვევა. ეს ეხება ეროვნულ მუზეუმს, რომელიც სამინისტროსადმი დაქვემდებარებული უწყებაა. გამოთხოვილი მქონდა დირექტორატის სხდომის ოქმები. ეს იყო მაისამდე, ვიდრე ათობით ადამიანს გაათავისუფლებდნენ. 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა მომცა დირექტორატის სხდომის ოქმები, სულ 5 დოკუმენტი. ეს სულ ორ ადამიანს გვქონდა გამოთხოვილი – მე და სულხან სალაძეს. მერე გავიგეთ, რომ ამ ადამიანს, ვინც ეს ინფორმაცია გასცა და დირექტორის მოადგილეს (ვინც იყო პასუხისმგებელი ინფორმაციის გაცემაზე) – ერთს საყვედური გამოუცხადეს და მეორეს ხელფასი დააკლეს. ეს იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი – ადამიანები დასაჯეს იმის გამო, რომ კანონი არ დაარღვიეს და რაც ევალებოდათ, ის გააკეთეს“, – ამბობს ნასტასია არაბული.

მისივე თქმით, წულუკიანის გამინისტრების შემდეგ გართულდა სამინისტროს დაქვემდებარებულ სიპებთან ურთიერთობაც. 

„მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს აღარც პრესსამსახური ჰყავს და ცხელი ხაზიც გამოუსადეგარია. ხელმძღვანელთა კომუნიკაციაც შეუძლებელია და ბოლო განახლება ვებგვერდზე 3 თუ 4 წლის წინანდელია. 

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ჰყავდა პასუხისმგებლობიანი პიარი. არ მახსოვს, ბექას ტელეფონზე არ ეპასუხოს. ინფორმაციას ვითხოვდით და მოდიოდა. ახლა საერთოდ არ არსებობს ადამიანი, ვისაც დაურეკავ სააგენტოში და გიპასუხებს. 

სააგენტოს ვებგვერდზე მეილიც კი აღარ აქვთ მითითებული. შედარებით მარტივად იყო საქმე წინა პიართან (რუსუდანი) პასუხს არ გვცემდა, მაგრამ კითხულობდა მესიჯ და ტელეფონს პასუხობდა. ახალ პიართან, ნინი აბრამიშვილთან, სრულიად შეუძლებელია კომუნიკაცია. არცერთ შეკითხვაზე პასუხი არ მიგვიღია. სულ ამბობს, რომ მოიკითხავს, გაარკვევს, თუმცა უკან პასუხით არასოდეს ბრუნდება“, – ამბობს ნასტასია არაბული. 

სატელევიზიო მედიის ჟურნალისტთა გამოცილებაც იდენტურია: ვერ იღებენ კომენტარებს; მედიასთან ურთიერთობის სამსახური არ თანამშრომლობს მათთან და არ ეგზავნებათ ანონსები დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. 

ონლაინმედიების პრაქტიკისგან განსხვავებით, მათ სამუშაო გამოცდილებაში ჰქონიათ შემთხვევები, როცა სახელოვნებო ღონისძიების გასაშუქებლად მისულები არ შეუშვიათ ღონისძიებაზე, რადგან იქ წულუკიანიც იყოფებოდა და მას ოპოზიციურად განწყობილი მედიების ხილვა არ სურდა. 

ასეთი გამოცდილების შესახებ გვიამბეს „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლებმა. 

„ასეთი ბოლო შემთხვევა იყო 7 დეკემბერს. ერთ-ერთ მუზეუმში ორგანიზატორმა ღონისძიების გასაშუქებლად მიგვიწვია. ადგილზე მისულები არ შეგვიშვეს; წულუკიანიც ესწრებოდა ღონისძიებას. ორგანიზატორები უხერხულ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ და თავს იმართლებდნენ“, – გვითხრა ნოდარ მელაძემ. 

„მქონია გამოცდილება, როცა გამოფენაზე არ შევუშვივარ, რადგან იქ წულუკიანიც იმყოფებოდა. ბოლოს რამაზ ჩხიკვაძის 95 წლის საიუბილეო საღამოზეც იგივე მოხდა. ღონისძიების მოსასმენად მედია არ დაუშვეს დარბაზში. ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის საკითხი მძიმე და მტკივნეულია. ეს სამსახური მედიასთან ურთიერთობისთვის არის და ამ ფუნქციას საერთოდ ვერ და არ ასრულებს“, – ამბობს „ფორმულას“ ჟურნალისტი, ლიზა ციციშვილი.

სტატიაზე მუშაობის დაწყებისას „პუბლიკამ კულტურის სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია, საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის შესახებ. ჩვენ გვაინტერესებდა: 

  1. ვინ არის სამსახურის უფროსი?
  2. რამდენი ადამიანი მუშაობს, საერთო ჯამში, ამ სტრუქტურაში?
  3. როგორია მათი გადანაწილება მიმართულებების მიხედვით ( რომელ სფეროებზე რამდენი მათგანია პასუხისმგებელი)?
  4. სამინისტროს რომელ სსიპ და ააიპ-ს ჰყავს ცალკე მედიასთან ურთიერთობის სამსახური?
  5. რა თანხა იხარჯება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებაზე წლიურად?
  6. რა თანხა ხარჯავს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სოციალურ ქსელებში პოსტების რეკლამისთვის?

როგორც მოსალოდნელი იყო, არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მიგვიღია.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების უშედეგო „რიტუალები“

გელათის დაზიანებული ფრესკები; სასტუმროს მშენებლობა ალავერდის კათედრალთან; ხელოვნების მუზეუმის ბედი ეს იმ პრობლემათა არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც დასმულ შეკითხვებს არც კულტურის სამინისტრო და არც მისდამი დაქვემდებარებული უწყებები არ პასუხობენ.  

„პუბლიკა“ ათამდე მკვლევრსა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელს ესაუბრა. როგორც მათი ნაამბობიდან ირკვევა, თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ სისტემა მათთვისაც სრულად ჩაიკეტა. სამინისტრო უპასუხოდ ტოვებს როგორც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით გაგზავნილ განცხადებებს, ასევე ღია წერილებს, მოსაწვევებს და ა.შ. რამდენიმე მათგანმა სასამართლოსაც მიმართა. 

მაგალითად, კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციამ, „საქართველოს ლურჯმა ფარმა“ თეა წულუკიანის დანიშვნიდან დღემდე სამინისტროს 17 წერილით მიმართა. პასუხი არცერთზე არ მიუღიათ. წერილები ეხებოდა როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, ასევე წინამორბედ სამინისტროსთან ერთად დაწყებულ საერთო პროექტებს. 

ერთ-ერთი ასეთი პროექტი სხვადასხვა სახის კრიზისის დროს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად სახელმწიფო ორგანოების მომზადებას ისახავდა მიზნად. 

პროექტში მონაწილეობისათვის სამინისტროს დიდი ბრიტანეთიდან „ლურჯი ფარის“ პრეზიდენტმაც მისწერა, ასევე საერთაშორისო ფონდ Aliph-ის გენერალურმა დირექტორმა, თუმცა წერილები უპასუხოდ დარჩა. სხვა უწყებებისგან განსხვავებით, პროექტს მემკვიდრეობის დაცვაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანო გამოაკლდა.

„დამაგვირგვინებელი სწავლება იყო საერთაშორისო „ლურჯი ფარის“ ტრენერების ჩართულობით. ისინი მსოფლიოს ყველა მოწინავე ძალებს ატრენინგებენ, მათ შორის, ნატოს, ბრიტანეთისა და შტატების სამხედრო დანაყოფებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ევალებოდათ. […] კულტურის სამინისტრო არცერთ შეხვედრას არ დასწრებია“, იხსენებს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა თევზაძე.

თვეები დასჭირდა ისეთი ტექნიკური საკითხის „გადაჭრას“, როგორიც  ბეჭდურ გამოცემაზე ლოგოს დართვაა. მანანა თევზაძე გვიყვება, რომ სამინისტროების გაყოფამდე დაფინანსებული სახელმძღვანელოს თარგმანის ბეჭდური ვერსიის გამოცემა თავსატეხად იქცა. უპასუხო წერილები, ზარი კანცელარიაში, ზარი კომუნიკაციაზე პასუხისმგებელ პირთან, არაერთი გადამისამართებ და მომიზეზებული შვებულებები. საბოლოოდ, უპასუხოდ დარჩენილმა ორგანიზაციამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ სახელმძღვანელო სამინისტროს ლოგოს გარეშე დაბეჭდა.

თევზაძე აღნიშნავს, რომ უწყებამ უპასუხოდ დატოვა ICOM-ის, ICOMOS-ისა და „ლურჯი ფარის“ შეთავაზებაც, რომელიც ხელოვნების მუზეუმის საკითხზე კონტაქტებითა და ექსპერტიზით დახმარებას გულისხმობდა.

სამინისტროსა და მის მმართველობაში შემავალი უწყებების კარჩაკეტილობა დამატებით პრობლემად ექცა „რეორგანიზების ფარგლებში“ გათავისუფლებულ მომჩივნებსაც. 

ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 6 მათგანის უფლებებს იცავს და ამ ტენდენციაზე თავის წლიურ ანგარიშშიც მიუთითებს. მაგალითად, ხელოვნების მუზეუმის ყოფილ მმართველს, ეკა კიკნაძეს „არ გადასცეს მისი გათავისუფლების ბრძანებაც კი […] ბრძანება მოსარჩელე მხარისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ შესაგებლის წარმოდგენის შემდეგ გახდა, რაც შრომითი კანონმდებლობის დარღვევაა“.

საია აღნიშნავს, რომ ექვსი შრომითი დავიდან არცერთ შემთხვევაში მოპასუხე დაწესებულებებ დასაქმებულებისთვის არ მიწოდებიათ არცერთი მოთხოვნილი დოკუმენტი, მათ შორის, საჯარო ინფორმაციას მიკუთვნებული მასალები. 

„გამოიკვეთა მოპასუხე მხარის მიერ პროცესის გაჭიანურების მცდელობის ტენდენციაც. მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სხდომებზეც არაერთხელ განაცხადეს, რომ გასცემდნენ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომლის გადაცემასაც მათ სასამართლო დაავალებდა“, ვკითხულობთ საიას ანგარიშში.

მსგავს პრობლემებს აწყდებიან დამოუკიდებელი პროფკავშირები: „გილდია“ და „საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირი“. 

როგორც „გილდიის“ წარმომადგენელი გიგა ბექაური ამბობს, უწყებასთან შრომით დავში დოკუმენტების გამოთხოვა მხოლოდ სასამართლოს ჩარევით არის შესაძლებელი. 

„საქართველოს მეცნიერების, განათლებისა და კულტურის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ ხელმძღვანელი ნიკოლოზ წიქარიძე აღნიშნავს, რომ სამინისტრო არ დაინტერესებულა ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლების ბედითაც. პროფკავშირის მიმართვა, ჩართულიყო პროცესში, უწყებამ უპასუხოდ დატოვა. თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით, მეორე თვეა, იფიცებიან. გარდა ამისა, მუზეუმი უპასუხოდ ტოვებს პროფკავშირის წერილებს, რომლითაც ორგანიზაცია სხვადასხვა ღონისძიებისთვის სივრცის გამოყოფას მოითხოვს. 

ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით, სასამართლოშია იურისტ სულხან სალაძის ორი საქმე, თუმცა სასამართლო სხდომები ამ დრომდე არ დანიშნულა. მისი თქმით, მოთხოვნილი ინფორმაცია, რომელსაც კანონდარღვევით არ გასცემენ, ხელოვნების მუზეუმს ეხებოდა. იურისტი „წულუკიანის ხელწერას“ უწოდებს სისტემაში არსებულ ვითარებას და იხსენებს მისი იუსტიციის მინისტრობის პერიოდსაც. 

„კულტურის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები ყველაზე დახურულია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ამას ვამბობ სწორედ იმიტომ, რომ ბოლო თხუთმეტი წელია, შეხება მაქვს საჯარო დაწესებულებებთან ინფორმაციის თავისუფლების ნაწილში და მსგავსი პრეცედენტი არ მახსენდება. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ გასცემდნენ ინფორმაციას, პასუხს მაინც გწერდნენ, რომ ამ ინფორმაციას არ გასცემენ. ახლა, უბრალოდ, ესეც ამოღებულია დღის წესრიგიდან“, ამბობს სალაძე

მისივე თქმით, ერთ-ერთ სარჩელზე უწყებისგან პასუხად მიიღო, რომ „მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, არ გაცემულიყო ინფორმაცია“. 

„იმას კი არ ამბობენ შესაგებელში, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაცია იყო, შეუძლებელი იყო ამის გაცემა. არა, უბრალოდ ვიღაცამ გადაწყვიტა სისტემაში, რომ ეს ინფორმაცია არ უნდა გასცეს. აი, აქამდე მიჰყავს მინისტრ წულუკიანის მენეჯმენტს ინფორმაციის თავისუფლების გაგება, როგორც უფლება და მათი მხრიდან ეს არ განიხილება როგორც ვალდებულება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის მათი კეთილი ნება“, ამბობს იურისტი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან სასამართლო დავა აქვს „მწვანე ალტერნატივას“. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენელი ნინო გუჯარაიძე გვიყვება, კობი-ქვეშეთის გზასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვისას უწყებამ ხელმოწერილი წერილი მოითხოვა.

„მივწერეთ პასუხად, რომ კანონი არ ითხოვს და ხელმოწერის მოთხოვნა ქმნის მხოლოდ დამატებით ბარიერს. […] ელექტრონული მიმოწერა და საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესაძლებლობა იმისთვის გაჩნდა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი არსებობდეს“, ამბობს გუჯარაიძე. 

უპასუხოდ არის დატოვებული ალავერდის კათედრალთან მიმდინარე მშენებლობის შესახებ „საქართველოს ეროვნული ფონდის“ არაერთი წერილი. ორგანიზაციამ მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და სამინისტროს მეტეხის უბანში არსებულ ძეგლთა მდგომარეობის შესახებაც მისწერა, თუმცა პასუხი არ მიუღიათ. 

„მეორედ გარე პირმა მისწერა და მივიღეთ ძეგლების ჩამონათვალის სია“, ამბობს „საქართველოს ეროვნული ფონდის“ პროგრამების კოორდინატორი, ლალი პერტენავა.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, IDFI-ის წარმომადგენ, ნიკა ბოლქვაძე გვიყვება, რომ 2022 წელს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიხედვით, სამინისტროებს შორის ბოლო ადგილზე იყო კულტურის სამინისტრო – 0%-ით. გასულ წელს 33 მოთხოვნიდან ყველა უპასუხოდ დატოვეს.

დღეის მდგომარეობით,  2023 წლიდან კიდევ უფრო გაუარესდა ვითარება, ჩვენი შეფასებით, განსაკუთრებით, ცენტრალურ სამინისტროების დონეზე. საერთო ტენდენციაა უპასუხოდ დატოვებული წერილები, უკანონო უარი“. ამბობს ბოლქვაძე.

დამოუკიდებელი მკვლევრებისა და ექსპერტებისთვის საქმეს ისიც ართულებს, რომ სამინისტროს ვებგვერდი უკვე რამდენიმე წელია, არ მუშაობს. 

ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია გვიყვება, რომ მხოლოდ Facebook-ის გვერდის გამოყენებით შეუძლებელია სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ კვლევების, მიმოხილვებისა და ანალიზის მომზადება, რადგან მასზე განთავსებული ცნობები ფრაგმენტულია და არ გააჩნია ინფორმაციის მწყობრად დაარქივების ფუნქცია. გარდა ამისა, მისივე თქმით, სრულად ხელმისაწვდომი არ არის ხარჯთაღრიცხვ თუ დოკუმენტები რაც სამინისტროს ვალდებულებაა.  

„მინისტრმა სად გაისეირნა ან რომელ სპექტაკლს უყურა, ან რას დაესწრო აი, ასეთი ინფორმაცია იმდენად ბევრია სოციალურ ქსელში… რაც სრულიად გაუგებარია, სრულიად არაეთიკური და არასწორი… თვითშემოქმედებითი კლუბის გვერდს ჰგავს. ესთეტიკასა და ფორმას რომ თავი დავანებოთ, ასეთი ინფორმაციული ჭუჭყი და არაფრის მომცემი დისკუსია მალავს და ფარავს მართლა საქმიან ინფორმაციას, რომც აქვეყნებდნენ მას. ერთია, რომ საზოგადოებას აქვს უპირობოდ უფლება, იცოდეს, როგორ საქმიანობს და რის საფუძველზე ასე და არა სხვაგვარად; რაში ხარჯავს სახელმწიფო ფულს და რესურსებს. ამასთანავე, პროფესიონალებს გვაქვს პირდაპირი ვალდებულება, ეს ვიკვლიოთ, მაგრამ იმის გამო, რომ ინფორმაციას არ გასცემს სამინისტრო, ის საერთოდ აუქმებს ანალიტიკური კვლევის პროცესს“, ამბობს კილასონია.

როგორც ხელოვნებათმცოდნე აღნიშნავს, სამინისტროს ამგვარი პოლიტიკა დგას მაღალჩინოსნების იმ განცდაზე, რომ „ისინი ბატონობენ ამ სექტორზე და არა ემსახურებიან ამ სექტორს“. მისივე თქმით, ხელოვანთა ბოიკოტამდე, სწორედ სამინისტრომ გამოუცხადა ბოიკოტი კულტურის სექტორს ძალადობრივი ენის გამოყენებითა და მასთან დიალოგის შეწყვეტით.

„მე როგორ მოგექცევით თქვენ, ამის შესახებ არ გეტყვით სამინისტრო გვეუბნება, რომ მე შემიძლია, გაუფრთხილებლად გავაუქმო, დავხურო, შევზღუდო რაღაცა მიმართულება, ორგანიზაცია, გარკვეული ინდივიდები და არ მომეკითხება არანაირი პასუხი იმიტომ, რომ მე ვარ ბატონი ეს არის ფეოდალური აზროვნება. მგონია, რომ ყველაფერი, რასაც ვამბობ, ძალიან მსუბუქია იმასთან შედარებით, თუ რა ნეგატიურ და ბოროტმოქმედ ძალასთან გვაქვს საქმე“, ამბობს კილასონია.

როგორც სოფო კილასონია აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში 6 წერილით მიმართა სამინისტროს სხვადასხვა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, პროექტების, პროგრამებისა თუ კონკურსების შესახებ, თუმცა ამ შემთხვევაშიც უპასუხოდ დატოვეს წერილები. უშედეგო მცდელობების მიუხედავად, ის მაინც აპირებს ამ „რიტუალების“ შესრულებას.

„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამ უკვე დაზიანდა, დასაკარგი მაინც ძალიან ბევრია. რაც შეეხება ინფორმაციის გამოთხოვას, მაინც ვასრულებ ხოლმე ამ „რიტუალებს“. არ ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა დავუტოვოთ ჩაკეტილ ინსტიტუციებს, რომ უნდა შევეგუო, ან ინფორმაციაა მათი, ან ფინანსური რესურსებია მათი, ან სექტორია მათი ეს დამოკიდებულება არ მაქვს. ვფიქრობ და ვგეგმავ, და სხვებსაც მოვუწოდებ, რომ არ შევწყვიტოთ სამინისტროში მისვლა და იქიდან იმის წამოღება, რაც ჩვენ გვეკუთვნის, იმის შეხსენება, რომ კულტურის სამინისტრო უნდა იყოს ჩვენდამი დაქვემდებარებული უწყება და საზოგადოების ინტერესს უნდა ითვალისწინებდეს“, ამბობს სოფო კილასონია.

მედიების ჩამონათვალი:

  1. ნეტგაზეთი
  2.  ტაბულა
  3.  On.ge
  4. რადიო თავისუფლება
  5.  ჯემნიუსი
  6. Ipn (წულუკიანი იუსტიციის მინისტრობის დროს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ არ თანამშრომლობს IPN-თან)
  7. აი, ფაქტი
  8. სტუდია მონიტორი
  9. მთის ამბები
  10. სამხრეთის კარიბჭე
  11. ტოკ ტივი
  12. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი
  13. ჩემი ხარაგაული
  14. მთავარი არხი
  15. ფორმულა
  16. ტვ  პირველი
  17.  იმედი