რუსეთმა მასობრივი იერიში მიიტანა უკრაინაზე

პუბლიკა

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური სარაკეტო შეტევები მიიტანა. საჰაერო განგაშია გამოცხადებული მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეტევის სამიზნე უკრაინის დედაქალაქი კიევი, ლვოვის ოლქი, ზაპოროჟიე, დნეპრი, ოდესა და ხარკოვია.

მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ადამიანი დაშავდა და სულ მცირე ორი დაიღუპა.

უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, რუსეთმა გამოიყენა ჰიპერბგერითი, კრუიზული და ბალისტიკური რაკეტები, მათ შორის X-22 ტიპის რაკეტებიც.

„ჩვენს მონიტორზე ამდენი სამიზნე ერთად არასდროს გვინახავს“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, იგორ კლიმენკოს განცხადებით, რუსული ძალების მიერ დღეს დილით უკრაინაზე განხორციელებულ თავდასხმას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა, 76 კი – დაშავდა.

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ინფორმაციით,  ქალაქში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელმაც დააზიანა საავადმყოფო და საცხოვრებელი კორპუსები, ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ოდესის მერმა განაცხადა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავის ნამსხვრევების მოხვედრის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა შენობას.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი საჰაერო ფარის გასაძლიერებლად. თუმცა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა და ძალა ამ ტერორის შესაჩერებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტის  აპარატის უფროსი ანდრიი ერმაკი ტელეგრამზე.