მიუნხენში 78 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი. გარდაცვალების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
ფრანც ბეკენბაუერი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ალბათ ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი და მწვრთნელია, რომლის მეტსახელი Der Keiser („იმპერატორი”) ზუსტად ასახავს ფეხბურთის გულშემატკივართა და სპეციალისტთა დამოკიდებულებას მისი პიროვნებისადმი.
ფეხბურთის ისტორიაში ის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ არის მიჩნეული.
ბეკენბაუერი დაიბადა 1945 წლის 11 სექტემბერს, ომისგან თითქმის განადგურებული მიუნხენის გარეუბანში. მამა – ფრანც ბეკენბაუერი, ფოსტის თანამშრომელი იყო; დედა – ანტონია ჰუპფაიფი, დისახლისი. კარიერა დაიწყო 14-15 წლის ასაკში, კლუბ „მიუნხენ 1860“- ში, როგორც ნახევარმცველმა, მაგრამ შემდეგში სახელი გაითქვა, როგორც მიუნხენის „ბაიერნის“ ცენტრალურმა მცველმა.
ფეხბურთის სპეციალისტების აზრით, სწორედ ბეკენბაუერს უკავშირდება თანამედროვე ფეხბურთში „თავისუფალი მცველის“, ანუ ე.წ. ლიბეროს ფუნქციის გაჩენა.
საკლუბო და საერთაშორისო დონეზე „კაიზერი ფრანცი“ არის ერთ-ერთი მსოფლიოს იმ ცხრა მოთამაშეთა შორის, რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონთა ლიგა და ოქროს ბურთი… ორჯერ დასახელდა ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად.
ბეკენბაუერმა 103 მატჩი ითამაშა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის (გფრ) ნაკრების შემადგენლობაში, მონაწილეობდა სამ მსოფლიო ჩემპიონატში და ორჯერ ევროპის ჩემპიონატში.
ბრაზილიელ მარიო ზაგალოსთან და ფრანგ დიდიე დეშამთან ერთად, ის არის ერთადერთი, რომელმაც მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა: მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის თასი კაპიტნის რანგში 1974 წელს და ეს შედეგი გაიმეორა, როგორც გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა – 1990 წელს.
იგი დაასახელეს „მეოცე საუკუნის საუკეთესო მსოფლიო გუნდში“ 1998 წელს და „მსოფლიო ჩემპიონატის ოცნებურ გუნდში“ 2002 წელს. 2004 წელს მოხვდა FIFA-ს მიერ დასახელებულ მსოფლიოს 100 უდიდესი მოთამაშეების სიაში.
საკლუბო დონეზე მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად ბეკენბაუერმა მოიგო ევროპის თასების მფლობელთა თასი 1967 წელს და ზედიზედ სამჯერ ევროპის ჩემპიონთა თასი 1974, 1975 და 1976 წლებში.
ამ დიდი წარმატებით ის გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც სამი ევროთასი მოიგო, როგორც კლუბის კაპიტანმა.
საფეხბურთო კარიერის ბოლოს ის გადავიდა ნიუ-იორკის ცნობილ კლუბ „კოსმოსში“, სადაც პელესთან ერთად თამაშობდა. კარიერის დასრულების შემდეგ, რამდენიმე წლის განმავლობაში, მიუნხენის „ბაიერნის“ პრეზიდენტი გახდა.