პოლონეთის საელჩო თბილისში სოციალურ ქსელში ავრცელებს წმ. მატრონას ხატის ფრაგმენტს, რომელზეც წმ. მატრონა და საბჭოთა დიქტატორი სტალინია გამოსახული და წერს, რომ საბჭოთა რეპრესიებს პოლონეთის 1,8 მილიონი მოქალაქე ემსხვერპლა.
„პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტმა პოლონეთის იმ მოქალაქეების საერთო რაოდენობა დაადგინა, რომლებიც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ – 1,8 მილიონი. აქედან 150 ათასი დაიღუპა. მათი უმეტესობა 1939-1941 წლებშია რეპრესირებული, როდესაც სადამსჯელო ოპერაციების შედეგად დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი დაზარალდა. 200 000-მდე პოლონელი კი 1944-1952 წლების რეპრესიებში მოჰყვა. კვლევები ჯერ კიდევ გრძელდება“, – წერია საელჩოს პოსტში.
2024 წლის 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი, რომელიც სამების ტაძარშია გადაღებული. ხატზე წმინდა მატრონა მოსკოველია გამოსახული, მათ შორის, საბჭოთა დიქტატორთან, იოსებ სტალინთან ერთად.
სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა „მთავარ არხთან“ თქვა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.
მალევე გაირკვა, რომ ხატი სამების ტაძარს პრორუსულმა პარტია „პარიოტთა ალიანსმა” შესწირა.
ფაქტს საზოგადების პროტესტი მოჰყვა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ მოუწოდა საპატრიარქოს, ხატი დაუბრუნოს შემწირველებს და გამოთქვას სტალინის ფიგურასთან დაკავშირებით ცხადი პოზიცია.
გუშინ, 9 იანვარს, ხატი საღებავით დააზიანეს, რასაც შსს-ს მხრიდან წვრილმანი ხულიგნობის მუხლით საქმის წარმოების დაწყება მოჰყვა.