პეტიცია - ტაძრიდან გაიტანონ საბჭოთა დიქტატორის, სტალინის გამოსახულებიანი ნახატი

პუბლიკა

სოციალურ ქსელებში ვრცელდება პეტიცია, სადაც ხელისმომწერნი მოითხოვენ, სამების საკათედრო ტაძრიდან სტალინის გამოსახულება გაიტანონ.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილია გამოსახულება, რომელიც ასახავს იოსებ სტალინის სტუმრობას რუსეში წმინდანად მიჩნეულ მატრონასთან.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის იმ რუსული ხატის გადმოკოპირებული ვარიანტი, რომელმაც რუსეთშიც კი მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. აღინიშნებოდა, რომ სტალინის ე.წ. სტუმრობა მატრონასთან იყო შეთხზული ამბავი, რომელსაც რელობასთან არანაირი საერთო არ გააჩნდა.

სრულიად გაუგებარია, თუ რატომ დაუშვეს სამების საკათედრო ტაძრის მესვეურებმა საბჭოთა დიქტატორის გამოსახულების გამოფენა ტაძარში.   იოსებ სტალინი, საბჭოთა დიქტატორი, რომლის სახელთან არის დაკავშირებული საქართველოს გასაბჭოება, ქვეყანაში სისხლის გუბეების დაყენება და საქართველოს ჩამოშორება ცივილიზებული სამყაროსგან ხანგრძლივი ვადით, არ უნდა იყოს გამოფენილი ქართულ ტაძარში.

სტალინის მმართველობის ეპოქას უკავშირდება 1937 წლის რეპრესიები, რომელსაც შეეწირა უამრავი ჩვენი თანამემამულე. მათ შორის დახვრეტილ იქნა ათობით ათასი სასულიერო პირი ისევე როგორც, ბოლშევიკურ რეჟიმთან უთანასწორო ბრძოლას შეეწირა საქართველოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პატრიარქი, წმინდა ამბროსი ხელაია!

ეს ფაქტი შეურაცხყოფას აყენებს სტალინის რეჟიმის მიერ რეპრესირებული, დახვრეტილი და გადასახლებული ჩვენს ათასობით თანამემემულის ხსოვნას. ასევე, ამ ფაქტს განვიხილავთ, როგორც სტალინური რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა ოჯახების შეურაცხყოფად. გარდა ამისა, ეს არის იმ იდეის უგულებელყოფა, რომლისთვისაც იბრძოდნენ ბატონი ზვიად გამსახურდია და ბატონი მერაბ კოსტავა!

ზემოთქმულიდან გამომდინარე ჩვენ, ქვვემოთ ხელისმომწერნი, საქართველოს საპატრიარქოსგან მოვითხოვთ, რომ აღკვეთილ იქნას ეს ფატალური და ქართველი ერისთვის დამამცირებელი შეცდომა და სამების საკათედრო ტაძრიდან გატანილ იქნას საბჭოთა დიქტატორის, იოსებ სტალინის გამოსახულებიანი ნახატი!” – ვკითხულობთ პეტიციაში.