„უმუშევრობის დაზღვევა ხელს შეუშლის მშრომელთა სიღარიბეში ჩავარდნას“ | ექსპერტების შეფასება

პუბლიკა

რა გავლენა ექნება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის შემოღებას საქართველოს შრომის ბაზარზე? რა გამოწვევები არსებობს ამ მხრივ ქვეყანაში და რამდენად შეესაბამება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვა საქართველოს კონსტიტუციას? – შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებულ უმუშევრობის დაზღვევის მოდელებს ქართველი ექსპერტები/მკვლევრები – ანა დიაკონიძე, ია ერაძე და ვახტანგ ნაცვლიშვილი, სხვადასხვა ასპექტის მიხედვით მიმოიხილავენ და აფასებენ.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებულ უმუშევრობის დაზღვევის პროექტის სამ ვარიანტზე წინა სტატიაში ვწერდით, რომელშიც განხილულია, რას ნიშნავს და როგორ მუშაობს უმუშევრობის დაზღვევა, დაზღვევის რა მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოში და რა რეკომენდაციებს გასცემს ამ საკითხთან დაკავშირებით შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია.

ILO მიიჩნევს, რომ საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შემთხვევაში, ის უნდა ვრცელდებოდეს იმ დასაქმებულზე, რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფება და იღებს ანაზღაურებას, მათ შორის, კერძო და საჯარო სექტორში, ხოლო, როდესაც სქემა სრულად ამოქმედდება, განხილულ უნდა იქნას დაზღვევის თვითდასაქმებულ პირებზე გავრცელების საკითხიც.

უმუშევრობის დაზღვევის გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე

ანა დიაკონიძის მოსაზრება

როგორც სოციოლოგი, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტი და მკვლევარი, ანა დიაკონიძე აღნიშნავს, უმუშევრობის დაზღვევის სქემის შემოღებით გარკვეული დადებითი შედეგებია მოსალოდნელი.

მისი შეფასებით, ეს არის პრევენციული მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის მშრომელთა სიღარიბეში ჩავარდნას სამსახურის დაკარგვის შემდეგ, რითაც გააუმჯობესებს ქვეყნის საერთო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და უზრუნველყოფს მშრომელთა უსაფრთხოების განცდას, უმუშევრობის დროს.

როგორც დიაკონიძე ამბობს, დაზღვევის დროს უმუშევარი პირი ნაკლებ წნეხს განიცდის საიმისოდ, რომ სამსახურის დაკარგვის შემდეგ ნებისმიერ შეთავაზებას დასთანხმდეს და შესაძლებლობა უჩნდება, მეტი დრო დაუთმოს საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების დახვეწას, შესაბამისად, უკეთესი სამსახურის ძიებას. ამ პროცესმა კი, მისივე თქმით, შესაძლოა, გაზარდოს მუშაკთა კვალიფიკაციის დონე.

მკვლევარი კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს, რაზეც უმუშევრობის დაზღვევა დადებითად აისახება. კერძოდ, დიაკონიძე გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ დაზღვევის შემოღება ხელს შეუწყობს ფორმალური დასაქმების გაზრდასა და არაფორმალური დასაქმების წილის შემცირებას. მისივე შეფასებით, დაზღვევის სქემის დანერგვა დადებითად იმოქმედებს საქართველოში დასაქმების სერვისების ხარისხზეც.

შესაძლო უარყოფითი გავლენა შრომით ბაზარზე – ვინ რჩება სისტემის გარეთ?

ანა დიაკონიძე ამბობს, რომ ILO-ს მიერ შემოთავაზებული დიზაინიდან გამომდინარე, უმუშევრობის დაზღვევა მხოლოდ ფორმალურად დასაქმებულ მშრომელებს მოიცავს – საქართველოში დასაქმებული მოსახლეობის 68%-ს; ქვეყანაში კი არსებობს მშრომელთა, სულ მცირე, 3 სხვა  ჯგუფი, რომელიც  სისტემის მიღმა დარჩება (თავდაპირველად მაინც) – თვითდასაქმებულები, არაფორმალური და არასტანდარტული მშრომელები.

დიაკონიძის თქმით, დაზღვევის თავდაპირველად შრომით ურთიერთობაში მყოფ დასაქმებულებზე და შემდეგ თვითდასაქმებულ პირებზე გავრცელების პრაქტიკა მთელ მსოფლიოში მიღებულია და საქართველოშიც შესაძლებელია მისი გამოყენება, თუმცა თვითდასაქმებულების შემთხვევაში პრობლემაა, რომ „დამსაქმებელი“ არ ჩანს, რის გამოც რთულდება უმუშევრობის დაზღვევის სისტემის ადმინისტრირება.

მისივე თქმით, საქმე უფრო რთულდება შენიღბული (ცრუ) თვითდასაქმების შემთხვევაში, რადგან ასეთ დროს მშრომელი ფორმალურად არის რეგისტრირებული, როგორც თვითდასაქმებული, მაგრამ რეალურად „დასაქმების მსგავს ურთიერთობაში“ არის სხვა მხარესთან, რომელიც აკონტროლებს სამუშაო დროსა და პირობებს.

მკვლევრის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია, რომ (არასასოფლო-სამეურნეო) არაფორმალური მშრომელები წარმოადგენენ საქართველოში სამუშაო ძალის 28%-ს.

„ამ სამივე კატეგორიის მუშაკები ერთად შეადგენენ სამუშაო ძალის მნიშვნელოვან წილს, რომლებიც ვერ უერთდებიან უმუშევრობის დაზღვევის სისტემას. ერთი მხრივ, ეს შეზღუდავს სისტემის ეფექტიანობას, რადგან ძირს უთხრის შენატანების ბაზას და, მეორე მხრივ, კიდევ უფრო გაზრდის შრომის ბაზრის სეგმენტაციას“, – აღნიშნავს დიაკონიძე.

„დაბალანაზღაურებადი პირები ნაკლებ სარგებელს მიიღებენ

ანა დიაკონიძე მიიჩნევს, რომ უმუშევრობის დაზღვევის შენატანის პროპორციულობიდან გამომდინარე, მაღალანაზღაურებად პირებს ექნებათ უკეთესი ბენეფიტი დაბალანაზღაურებად მშრომელებთან შედარებით (რადგან მაღალი ხელფასის მქონე პირები უფრო დიდ შენატანს აკეთებენ, ვიდრე დაბალი ხელფასის მქონენი). მისი თქმით, შენატანებზე დაფუძნებული სისტემა, როგორც წესი, აღრმავებს შრომის ბაზარზე არსებულ უთანასწორობას.

მაგალითად, დიაკონიძე აღნიშნავს, რომ იმ მშრომელთა ყოველთვიური კომპენსაცია, ვინც თვეში 600 ლარზე ნაკლებს გამოიმუშავებს, დაახლოებით 300-დან 360 ლარამდე იქნება (დამოკიდებულია შერჩეულ ვარიანტზე), რაც, მისივე შეფასებით, მნიშვნელოვნად დაბალია არაფორმალური დასაქმების გარკვეულ სფეროებში არსებულ ხელფასზე. მაგ: ძიძისა და მომვლელის საშუალო ხელფასი თვეში 800-დან 1000 ლარამდეა.

აქედან გამომდინარე, მკვლევარი მიიჩნევს, რომ მაშინ, როდესაც ყველა ტიპის მშრომელი იქნება უმუშევრობის დაზღვევის სისტემაში ჩართული, დაბალანაზღაურებადი პირები ნაკლებ სარგებელს მიიღებენ.

შესაბამისად, შრომის ბაზარზე არსებული უთანასწორობა სოციალური დაცვის სისტემაზეც აისახება და ადამიანებმა შესაძლოა, მაინც არაფორმალური დასაქმება არჩიონ დაბალანაზღაურებად ოფიციალურ სექტორ, რადგან უმუშევრობის მწირი ბენეფიტის პერსპექტივა არცთუ მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს. დიაკონიძე მნიშვნელოვნად მიიჩნევს დაბალანაზღაურებადი მშრომელების დამატებით მხარდაჭერას.

მაკროეკონომიკური თვალთახედვა უმუშევრობის დაზღვევაზე

ია ერაძის მოსაზრება

დოკუმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი და მკვლევარი, ია ერაძე ყურადღებას ამახვილებს უმუშევრობის დაზღვევის მნიშვნელობასა და ძირითად მიზნებზე, ამბობს, რომ უმუშევრობის დაზღვევა მშრომელებს აძლევს გარანტიას, რომ სამუშაოს გარეშე დარჩენის შემთხვევაში კონკრეტული ვადით გარკვეულ თანხას მიიღებენ.

გარდა ამისა, ერაძეც აღნიშნავს, რომ უმუშევრობის დაზღვევა დადებითად აისახება ეკონომიკაზე და მეტიც – დაზღვევის შემოღებამ შესაძლოა შეამციროს მთავრობის მიერ გადასახდელი სოციალური დახმარების რაოდენობა.

მკვლევარი ფიქრობს, რომ იმ ფონზე, როდესაც საქართველოდან დიდი ეკონომიკური ემიგრაცია მიმდინარეობს, უმუშევრობის დაზღვევას შეუძლია, ქვეყანაში დასაქმება უფრო მიმზიდველი გახადოს.

საარსებო მინიმუმის გადახედვა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის შემოთავაზებული პროექტის სამივე ვარიანტით, უმუშევრობის კომპენსაცია, სულ მცირე, საარსებო მინიმუმის (252 ლარის) ტოლი უნდა იყოს.

ერაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია ბოლო ათწლეულის განმავლობაში არ გადახედილა, უმუშევრობის დაზღვევის რეფორმა კარგი შანსი შეიძლება იყოს ამ საკითხის საბოლოოდ გადასაჭრელად და საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგიის შესაცვლელად.

უმუშევრობის დაზღვევის განაკვეთების დიფერენციაცია

მკვლევარი მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილი იქნება უმუშევრობის ბენეფიტის დიფერენცირებული განაკვეთების არსებობაც, რაც საწყის ხელფასთან მიმართებაში განისაზღვრებოდა. მისი თქმით, შესაძლებელია დადგინდეს მინიმალური თვიური ხელფასის ზღვარი (მაგალითად, 1000 ლარი), ხოლო ყველა, ვისაც ნაკლები შემოსავალი ექნება, უნდა სარგებლობდეს უფრო მაღალი განაკვეთით, ვიდრე ამჟამადაა შემოთავაზებული სქემაში.

კომპენსაციის ინფლაციასთან მისადაგება

ია ერაძის აზრით, რეკომენდებულია, უმუშევრობის კომპენსაცია მიესადაგოს წლიური ინფლაციის მაჩვენებელს, რადგან ინფლაცია მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოს ეკონომიკისთვის და ფასების ზრდა გავლენას ახდენს საკვებზე, მედიკამენტებზე, კომუნალურ მომსახურებაზე, ტრანსპორტზე და სხვა.

საბოლოო ჯამში, ია ერაძეც მიიჩნევს, რომ საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სქემის დანერგვა მიზანშეწონილია და ის ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

მისივე თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ შემოთავაზებული უმუშევრობის დაზღვევის სქემა, თავისი სამი სცენარით, კარგ საძირკველს ქმნის რეფორმის დასაგეგმად.  ერაძე მიიჩნევს, რომ სისტემაში თვითდასაქმებულთა ნებაყოფლობით ჩართვის შესაძლებლობა უკვე საწყის ეტაპზე უნდა ინტეგრირდეს, რაც კარგ საფუძველს შექმნიდა არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებულთა სისტემაში შემდგომში ჩართვისთვის.

უმუშევრობის დაზღვევა და საარსებო მინიმუმის დაანგარიშების მნიშვნელობა

ვახტანგ ნაცვლიშვილის მოსაზრება

მინიმალური შემოსავლის შესაბამისობა კონსტიტუციასთან

როგორც ზემოთ აღინიშნა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტის სამივე ვარიანტით, უმუშევრობის კომპენსაცია, სულ მცირე, საარსებო მინიმუმის (252 ლარი) ტოლი უნდა იყოს.

ვახტანგ ნაცვლიშვილი ამბობს, რომ უმუშევრობის დახმარების მინიმალური ოდენობის დაწესება დამკვიდრებული პრაქტიკაა, რადგან ის უზრუნველყოფს, რომ უმუშევრობის დაზღვევის სქემა არ გამორიცხავდეს დაბალშემოსავლიან და მოწყვლად მუშაკებს, რომლებიც „როგორც წესი, ყველაზე მეტად ზარალდებიან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დროს“.

მისივე თქმით, შენატანებიდან მიღებული მინიმალური შემოსავლის საარსებო მინიმუმისთვის გათანაბრება კონსტიტუციურად მისაღები სტანდარტია, თუმცა თავად საარსებო მინიმუმის გამოთვლის მეთოდოლოგია უნდა გადაიხედოს ისე, რომ იგი შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და რეალურ ხარჯებს, რომელთა საფუძველზეც საარსებო მინიმუმი დაანგარიშდება.

ნაცვლიშვილი სხვა ექსპერტების მსგავსად ფიქრობს, რომ საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის შემოღებას აქვს პოტენციალი, სამუშაოს გარეშე დარჩენილი მშრომელები სიღარიბის რისკისგან დაიცვას, თუმცა აღნიშნავს, რომ ქვეყანას სჭირდება უფრო ოპტიმალური პოლიტიკარაფორმალური და ატიპური (შტატგარეშე თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ თავისუფალი გრაფიკით და დროებით სამუშაოებზე) მშრომელების დასაფარად და შენატანებით მიღებული მინიმალური შემოსავლის უზრუნველსაყოფად.

მისივე შეფასებით, ეს იმ დაბალანაზღაურებად მშრომელებს, რომლებიც დასაქმების დროს უკვე იმყოფებიან სიღარიბის საფრთხის წინაშე, საშუალებას მისცემს, შეინარჩუნონ საარსებოდ აუცილებელი მინიმალური შემოსავალი, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში.