უმუშევრობის დაზღვევა საქართველოსთვის | რას გვთავაზობს ILO

დეა ღირდალაძე

მოსახლეობის 55% ქვეყანაში ყველაზე მთავარ პრობლემად უმუშევრობას მიიჩნევს.  39%-სთვის კი ქვეყანაში ერთ-ერთი გამოწვევა კვლავ ცხოვრების ღირებულება და მაღალი ფასებია. სიღარიბეს, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრობლემას, 13% ასახელებს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 425 529 ადამიანი (118 698 ოჯახი) იღებს. ბავშვის 200-ლარიანი შემწეობის მიმღები კი 225 304 16 წლამდე მოზარდია.

ქვეყანაში უმუშევრად 268 000 ადამიანი მიიჩნევა, რაც სამუშაო ძალის 17.3%-ია. სამუშაო ძალაში შედიან 15+ წლის ასაკის შრომისუნარიანი ადამიანები, რომლებიც ან დასაქმებულები არიან, ან აქტიურად ეძებენ სამსახურს და მზად არიან მუშაობის დასაწყებად. ამავე მონაცემების მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სამუშაო ძალა 1 551 600 ადამიანს შეადგენდა, რომელთაგან 412 000 თვითდასაქმებულია.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე არის უმუშევართა პროცენტული წილი სამუშაო ძალაში. უმუშევრად მიიჩნევა 15 წელს ზემოთ პირი, რომელიც არაა დასაქმებული და ეძებს სამსახურს.

ამ მაჩვენებლების პარალელურად, ქვეყანაში არ არსებობს უმუშევრობის დახმარების სისტემა (უმუშევრობის შემწეობა, უმუშევრობის დაზღვევა), რომელიც უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფდა და სიღარიბის ზღვარს მიღმა აღმოჩენამდე მინიმალურ სოციალურ გარანტიებს შესთავაზებდა.

რას ნიშნავს და როგორ მუშაობს უმუშევრობის დაზღვევა? დაზღვევის რა მოდელები შეიძლება დაინერგოს საქართველოში და რა რეკომენდაციებს გასცემს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია? – სტატიაში განვიხილავთ ამ მოდელებს და გაგაცნობთ იმ რეკომენდაციებს, რომლებიც ქვეყანამ უნდა გაითვალისწინოს იმისთვის, რომ უმუშევრობის დაზღვევის სისტემა დაინერგოს.

აღსანიშნავია, რომ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ დოკუმენტი საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით მოამზადა.

რატომ უმუშევრობის დაზღვევა?

საქართველოში შრომის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სხვა ბენეფიტებთან ერთად უმუშევრობის დაზღვევის შემოღებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი თქმით, ადამიანი, რომელიც სისტემატურად უხდის სახელმწიფოს შემოსავლის ნაწილს, დაცული უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს მინიმალური დაცვის დონე. იმ შემთხვევაში, თუ ის დაკარგავს სამუშაოს, რაღაც პერიოდის განმავლობაში, მისი ცხოვრების სტანდარტი მკვეთრად არ გაუარესდება და შესაძლებლობა ექნება, მოიძიოს ის სამუშაო, რომელსაც მიიჩნევს, რომ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისია და არ დასთანხმდეს დაბალანაზღაურებად სამსახურს.

„ადამიანური კაპიტალი იკარგება იმის გამო, რომ მათ არ აქვთ საშუალება, ეძებონ უკეთესი სამსახური. დრო არ აქვთ იმისთვის, რომ, მაგალითად, ერთი თვე რაღაც ტრენინგი გაიარონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ ყველაფერს დრო სჭირდება და თუ ამ ხნის განმავლობაში ადამიანს შემოსავალი არ აქვს, მაშინ წარმოუდგენელია, ხომ, ასე ცხოვრება?!

პირველ რიგში, დასაქმების პოლიტიკაა მოსაგვარებელი და შესაცვლელი და ასევე – სახელფასო პოლიტიკა. ამაში შევიყვანდი უმუშევრობის დაზღვევის სისტემასაც, რომელიც საერთო ფონს გააუმჯობესებს და ბევრად უკეთესს გახდის. შესაბამისად, საერთო ფონის გაუმჯობესების შედეგად მოქალაქეების მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება“, – ამბობს „პუბლიკასთან“ სოციოლოგი და შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტი, ანა დიაკონიძე.

რა არის უმუშევრობის დაზღვევა?

უმუშევრობის დაზღვევა უსამსახუროდ დარჩენილ პირთა ფინანსური მხარდაჭერის ერთ-ერთი მექანიზმია. ამ სისტემის ძირითადი არსი იმაში მდგომარეობს, რომ დასაქმებული სამუშაო პერიოდის განმავლობაში აკეთებს სადაზღვევო შენატანს უმუშევრობის დაზღვევის ფონდში, სამსახურის დაკარგვის შემთხვევაში კი ადამიანს უფლება აქვს, მიიღოს უმუშევრობის დაზღვევის სარგებელი (ბენეფიტი), რომელიც მისივე შეტანილი თანხიდან გადაიხდება. სარგებელი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაიცემა. ქვეყნების უმეტესობაში უმუშევრობის ფონდში შენატანს დამსაქმებელთან ერთად ასევე ახორციელებს სახელმწიფო.

უმუშევრობის დაზღვევა მხოლოდ ისეთ მოქალაქეებზე გაიცემა, რომლებსაც სახელმწიფო აღრიცხავს დასაქმებულებად და სამსახურის დაკარგვის შემდეგ რეგისტრირდებიან  უმუშევრებად.

რა არის საჭირო უმუშევრობის დაზღვევის ბენეფიტის მისაღებად?

  • მოქალაქეს უნდა ჰქონდეს გარკვეული სამუშაო სტაჟი (მაგ: უმუშევრად დარჩენამდე მოქალაქე მუშაობდა უკანასკნელი 6, 12, 24 ან 36 თვის განმავლობაში);
  • მოქალაქე უნდა აკეთებდეს ფინანსურ კონტრიბუციას სადაზღვევო სქემაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში;
  • მოქალაქე სამსახურიდან იძულებით უნდა იყოს გათავისუფლებული;
  • მოქალაქე ეძებდეს ახალ სამსახურს და იყოს შრომისუნარიანი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ცნობით, უმეტეს ქვეყნებში, ის ადამიანები, ვინც თავისი ნებით ტოვებენ სამსახურს, ვერ იღებენ უმუშევრობის შეღავათებს.

უმუშევრობის დაზღვევის რა მოდელებს სთავაზობს ILO საქართველოს?

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, განხილულია საქართველოში არსებული სოციალური დაცვის ძირითადი გამოწვევები და შეთავაზებულია საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის პროექტის 3 ვარიანტი.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოში უმუშევრობის დაზღვევის სისტემის დანერგვის შემთხვევაში, ის უნდა ვრცელდებოდეს ყველა დასაქმებულზე, რომელიც შრომით ურთიერთობაში იმყოფება და იღებს ანაზღაურებას, მათ შორის, კერძო და საჯარო სექტორში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს თვითდასაქმებულებზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ შემოთავაზებული ვარიანტები არ მოიცავს კომპენსაციის თვითდასაქმებულებზე გაცემას, აღნიშნულმა პრაქტიკაში, შესაძლოა, არასამართლიანი განვითარება პოვოს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ პრაქტიკის მიხედვით, საქართველოში თვითდასაქმებული მოსახლეობის მზარდი რაოდენობაა და ისინი შრომით ურთიერთობაში (quasi-dependent) არიან ერთ ან რამდენიმე დამსაქმებელთან. ამდენად, თვითდასაქმებულთა უმუშევრობის დაზღვევის სქემიდან გამორიცხვამ შეიძლება, კიდევ უფრო გააუარესოს მათი სამუშაო პირობები და უბიძგოს დამსაქმებლებს, აიყვანონ ისინი იმ პოზიციებზე, რომლებიც მოითხოვს დაქირავებით ადამიანთა დასაქმებას და, ნაცვლად ამისა, ამუშაოს ისინი თვითდასაქმებულთა სტატუსით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პირველ რიგში, დაზღვევა უნდა გავრცელდეს შრომით ურთიერთობაში მყოფ დასაქმებულებზე, ხოლო, როდესაც სქემა სრულად ამოქმედდება, განხილულ უნდა იქნას დაზღვევის თვითდასაქმებულ პირებზე გავრცელების საკითხიც.

ILO მიიჩნევს, რომ უმუშევრობის კომპენსაცია უნდა მიიღონ სქემაში ჩართულმა ადამიანებმა, რომლებმაც თავიანთი ნების საწინააღმდეგოდ დაკარგეს სამსახური, მათ შორის, მასობრივი დათხოვნის შედეგად. უმუშევრობის კომპენსაცია კი უნდა გადაუხადონ წინასწარ განსაზღვრული მაქსიმალური პერიოდის განმავლობაში.

ორგანიზაციის ცნობით, როგორც უმუშევრობის კომპენსაციის მიღების წინაპირობა, უმუშევარ ბენეფიციარებს მოეთხოვებათ რეგისტრაცია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში და სამსახურის აქტიური ძიება. ადეკვატურ სამუშაო შეთავაზებაზე ან ტრენინგზე უარის თქმამ კი შეიძლება გამოიწვიოს სარგებლის დაკარგვა.

რაც შეეხება უმუშევრობის კომპენსაციისა და ადმინისტრირების ხარჯს, ის უნდა დაფინანსდეს როგორც დამსაქმებლის, ისე სქემაში ჩართული ადამიანების მიერ.

ILO-ს მიერ შემოთავაზებული პროექტის სამივე ვარიანტით, კომპენსაცია მინიმუმ უნდა იყოს საარსებო მინიმუმის (252 ლარი) ტოლი.

როგორც ორგანიზაცია წერს, უმუშევრობის დაზღვევის სქემა ითვალისწინებს რეზერვის შექმნასაც, გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფარად.

რაც შეეხება შენატანების ოდენობის განსაზღვრას, იგი დაანგარიშებულია ისე, რომ 10-წლიანი პერიოდის ბოლოს შეიქმნას რეზერვი გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც.

სამივე ვარიანტის შემთხვევაში შენატანების სარეკომენდაციო ოდენობა ILO-ს გამოთვლებით ასეთია:

  • ვარიანტი A: ამ შემთხვევაში შენატანების ოდენობა შეადგენს 1.1%-ს, რაც თანაბრად უნდა გადანაწილდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულზე – თითოეულზე 0.55%;
  • ვარიანტი B: შენატანების ოდენობა შეადგენს 1.4%-ს, რაც თანაბრად უნდა გადანაწილდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულზე – თითოეულზე 0.7%;
  • ვარიანტი C: შენატანების ოდენობა შეადგენს 1.7%-ს, რაც თანაბრად უნდა გადანაწილდეს დამსაქმებელსა და დასაქმებულზე – თითოეულზე 0.85%.

ვარიანტების მიხედვით განსხვავებულია კომპენსაციის მიღების ხანგრძლივობაც.

დასკვნა და რეკომენდაციები

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ რეკომენდებულია, საქართველომ დაიწყოს უმუშევრობის დაზღვევის მარტივი სქემით (A, B ან C დიზაინის ვარიანტების მსგავსად), რომელიც პირველ ეტაპზე არ იქნება ზედმეტად „გულუხვი“ ბენეფიტი და შემდეგ გააუმჯობესებს სარგებელს.

მათი თქმით, პირველი ეტაპის ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, შეიძლება განხილულ იქნას დაცვის გავრცელება ნაწილობრივი შრომისუუნარობის შედეგად გამოწვეული შემოსავლის დაკარგვის (როგორიცაა ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული, რომელიც ეძებს სრულგანაკვეთიან სამსახურს) და მოკლევადიანი დასაქმებით გამოწვეული შემოსავლის დროებით შეჩერების ან შემცირების შემთხვევებზე (როგორიცაა დროებით ან სეზონურად დასაქმებული).

ასევე, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მდგრადი და ეფექტიანი მექანიზმის ჩამოყალიბების შემდეგ შესაძლოა, სქემამ მოიცვას მომუშავეთა დამატებითი ჯგუფები, როგორიცაა თვითდასაქმებულები.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ უმუშევრობა არის მოკლევადიანი გაუთვალისწინებელი მდგომარეობა და რთულია მისი წინასწარ განჭვრეტა ისეთივე სიზუსტით, რა სიზუსტითაც შეიძლება სოციალური დაცვის სფეროში გაუთვალისწინებელი შემთხვევების განჭვრეტა. ამიტომ, მიიჩნევენ, რომ უმუშევრობის დაზღვევის სქემაში შენატანის ოდენობა უფრო ხშირად უნდა გადაიხედოს, ვიდრე სოციალური დაცვის სხვა სქემებში შენატანების ოდენობები.

ILO მიიჩნევს, რომ სოციალური დაცვის სისტემა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანების კეთილდღეობის დაცვის საქმეში და საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯები ისეთი სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს დაცვის უფრო მაღალ დონეს.

დოკუმენტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.