ვოლსკი: ჩინეთშიც კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მმართველი პარტიის დელეგაცია ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

„ოცნების“ ცნობით, შეხვედრებზე მსჯელობა შეეხება ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე გიორგი ვოლსკი, ნინო წილოსანი, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა სამხარაძე, ირაკლი ჩიქოვანი, დავით სონღულაშვილი.

გია ვოლსკიმ ქართულ მედიას განუცხადა, რომ ჩინეთში კარგად ესმით შუა დერეფნის სტრატეგიული მნიშვნელობა.

„საყოველთაოდ ცნობილია ჩინეთის პოზიცია მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩინეთის მიმართ დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისა – ევროკავშირის, აშშ-ის და, რასაკვირველია, ჩინეთშიც კარგად ესმით, თუ რა მნიშვნელობა აქვს ასეთ ვითარებაში შუა დერეფნის სტრატეგიულ მდებარეობას, სადაც საქართველოს საკვანძო ადგილი უკავია.

საუბარი შეეხო დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ევროკავშირისა და აზიის ბაზრების ურთიერთობაში საქართველოს მონაწილეობას. მიუხედავად ჩინეთსა და საქართველოს შორის რესურსებში მნიშვნელოვანი განსხვავებისა, თანამშრომლობის სტანდარტი, რომელიც თანასწორუფლებიანობას გულისხმობს, აქ შენარჩუნებულია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

„ოცნების“ ინფორმაციით, ვიზიტი 20 იანვრამდე გაგრძელდება.

შეხვედრები გაიმართება ჩინეთის მმართველი პარტიის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარესთან, ლიუ ძინჩაოსთან და მის მოადგილესთან, სუნ ხაიანთან. ასევე, ქართული მხარე შეხვდება სახელმწიფო საბჭოს განვითარების კვლევითი ცენტრის ვიცე-პრეზიდენტს, ჭანგ ლაიმინგს და ეროვნული სახალხო კონგრესის მუდმივი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, სიაო ძიეს.