ბავშვებთან ერთად სახლში ხართ გამოკეტილი და არ იცით, როგორ მართოთ სტრესი, ბავშვების ემოციური თუ ქცევითი პრობლემები? როგორ იმუშაოთ სამსახურისთვის სახლში და შვილებსაც საკმარისი ყურადრება დაუთმოთ? კორონავირუსმა ოჯახების ყოველდღიურობა შეცვალა საქართველოშიც და გლობალურადაც – აწყობილ რუტინაზე, ჩვევებსა და საყვარელ აქტივობებზე უარი გვათქმევინა. თავდაყირა დადგა ცხოვრება.
ახალ რეალობასთან შეგუება და ადაპტაცია უწევს ყველა მშობელს, მათ შორის მეც, რაც დიდ ძალისხმევას და გამძლეობას მოითხოვს. მე და ჩემი ორი შვილი უკვე მეორე თვეა, სახლში ვართ გამოკეტილები, რადგან ჰონგ კონგში, სადაც ამჟამად ვცხოვრობთ, გაცილებით ადრე დაიწყო კორონავირუსის აფეთქება, ვიდრე დანარჩენ მსოფლიოში.
მართალია, ყველა მშობელს რთული პერიოდი დაუდგა, თუმცა, განვითარების ფსიქოლოგიიდან გამომდინარე, ეს განსაკუთრებით რთულია ბაღისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებისთვის. ყველაზე რთული, ალბათ, იმ მშობლისთვისაა, ვისაც სხვადასხვა ასაკის რამდენიმე შვილი ჰყავს, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები და მოთხოვნები აქვთ. შესაბამისად, ქვემოთ მოცემული რჩევები უმეტესწილად ბაღისა და დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლებს გამოადგებათ. რჩევები ეყრდნობა პირად და ასევე ჩემ ირგვლივ სხვა მშობლების გამოცდილებას.
1. დროის მენეჯმენტი. შეეცადეთ, სტრუქტურულად მიუდგეთ ყველაფერს, მათ შორის ჭამის, ძილის, გართობისა და სწავლის პერიოდებს. შექმენით რუტინა – დააწესეთ სპეციფიკური დრო ძირითადი აქტივობებისთვის და სთხოვეთ ბავშვს, ამ წესებს მიჰყვეს. რუტინა ბავშვებს ეხმარება გარკვეულობის შეგრძნებაში, მათ მეტ-ნაკლებად იციან, რა მოხდება დღის განმავლობაში, ამდენად მობილიზებულები და ფსიქოლოგიურად მომზადებულები ხდებიან. კარგი იქნება, თუ ბავშვს დავუწესებთ დროს, რომელიც შეიძლება, ეკრანთან გაატაროს; აქ შეგვიძლია გავმიჯნოთ ეკრანთან სწავლისა და გართობის მიზნით გატარებული დრო. ზოგიერთ მშობელს ურჩევნია, გაიმეოროს სკოლის რუტინა – დაიწყოს სწავლა დილით, როცა სკოლა ისედაც იწყებოდა ხოლმე, ასევე, ფიქსირებული პერიოდები გამოჰყოს ჭამისთვის, დასვენებისთვის, დავალებების შესასრულებლად და გასართობად. შეგიძლიათ, დღის განრიგი ერთად ჩამოწეროთ, დახატოთ, გააფერადოთ და ყველასთვის თვალსაჩინო ადგილზე განათავსოთ. აუცილებლად ჰკითხეთ ბავშვს, რამის დამატებას ხომ არ ისურვებდა. არ დაგავიწყდეთ, რომ მისცეთ ბავშვს თავისუფალი დრო, რომელსაც ისე გაატარებს, როგორ უნდა.
2. ეკრანის გარეშე აქტივობები. ამ პერიოდში განსაკუთრებით დიდი ხნით მოუწევთ ბავშებს ეკრანთან დროის გატარება. ამიტომ, შეეცადეთ, სახლის პირობებში დაგეგმოთ საოჯახო აქტივობები. აქტივობების არასრული ჩამონათვალია: საჭმლის მომზადება ერთად, სახლში არსებული პროდუქტებით სამეცნიერო ექსპერიმენტების ჩატარება, წიგნების კითხვა, ხატვა, ძერწვა, გაფერადება, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, ლეგოს აწყობა, კარტის ან ლოტოს თამაში, დაჭერობანა, თოჯინების თეატრი, შინაური ცხოველების მოვლა, წიგნების თაროსა და ტანსაცმლის კარადის დალაგება და ა.შ.
3. გარემოს ორგანიზება. მოუწყეთ ბავშვს საკუთარი კუთხე, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მიეცით ყველა საჭირო მასალა (ფანქრები, ფურცლები, სახაზავი და ა.შ.) სკოლის დავალებებისთვის. სწავლის პერიოდში მოარიდეთ ოთახს, სადაც ჩართულია ტელევიზორი ან ოჯახის სხვა წევრები იმყოფებიან. ნუ დააძალებთ, რომ ყოველთვის იჯდეს სკამზე – შეუძლია, თავად აირჩიოს, სად ჯობია. ბავშვები მალე იღლებიან ერთი და იმავე გარემოთი, ამიტომ აუცილებელია, ოთახის ცვლილება შესთავაზოთ (საძინებელი, მისაღები ოთახი, ეზო, აივანი და ა.შ.).
4. სახლის გარეთ აქტივობები. თუ გაქვთ ეზო, საუკეთესოა ეზოში ღია სივრცეში ბურთით და სხვა გასართობი საშუალებებით თამაში. თუ ცხოვრობთ პარკთან ახლოს სავალ მანძილზე, რომელიც ხალხით არ არის გადაჭედილი, შეგიძლიათ გაისეირნოთ ჰაერზე. თუ ცხოვრობთ ტყესთან ახლოს, გაასეირნეთ ბავშვები ტყეში. თუ ცხოვრობთ ზღვასთან ახლოს, შეგიძლიათ, გახვიდეთ ნაპირზე. შესაძლოა ოჯახური ლაშქრობაც მოაწყოთ.
5. ვირტუალური შეხვედრები მეგობრებთან. ბავშვებს მალე სწყინდებათ არდადეგები, მით უფრო, როცა ეს იძულებითი არდადეგებია. შეიძლება, მარტოსულადაც იგრძნონ თავი. ამიტომ კარგი იქნება, თუ დაგეგმავთ ვირტუალურ შეხვედრებს მეგობრებსა და კლასელებთან კომუნიკაციისთვის. ბავშვებს აინტერესებთ, რას აკეთებენ მათი მეგობრები. შეგიძლიათ, ტელეფონით დაურეკოთ, პირდაპირ ეთერში ჩართოთ მეგობრები ან სულაც ვიდეო ჩაწეროთ და გაუგზავნოთ. ასევე კარგი იქნება, თუ ბავშვები წერილებს მისწერენ ერთმანეთს, ყოველდღიურ დღიურს აწარმოებენ და გაუზიარებენ ერთმანეთს.
6. კორონავირუსზე ინფორმაცია. ბუნებრივია, ბავშვებს აინტერესებთ, რა ხდება მათ გარშემო. ბავშვები უნდა მოვარიდოთ ნეგატიურ ამბებს, მაგრამ ასევე საჭიროა, მივაწოდოთ ინფორმაცია ზომიერად და, რაც მთავარია, ასაკის შესაბამისად. პირველ რიგში, ჰკითხეთ, რა იცის მან ვირუსზე. აუხსენით მისთვის გასაგებ ენაზე, ხაზი გაუსვით ჰიგიენის მნიშვნელობას და სამოქალაქო პასუხისმგებლობას. ბაღებისა და სკოლების დახურვის, ასევე სახლში ოჯახის ყველა წევრის ერთად ყოფნის პოზიტიურ მხარეებზე ისაუბრეთ.
7. ფიზიკური აქტივობები. გარდა ენერგიის დახარჯვისა, ფიზიკური აქტივობა სტრესთან გამკლავებაშიც შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს. უმოძრაობამ და გადაჭარბებული საკვების მიღებამ შეიძლება ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უარყოფითი შედეგები მოიტანოს. კარგი იქნება თუ დააწესებთ ფიზიკური აქტიურობის დღიურ ნორმებს.
8. სასწავლო პროცესში დახმარება. აჩვენეთ თქვენი მხარდაჭერა, მაგრამ შეეცადეთ ხაზი გაუსვათ დამოუკიდებლად სწავლის მნიშვნელობას და ჩვევებს. ამით თავიდან აიცილებთ იმას, რომ ბავშვი თქვენზე დამოკიდებული გახდება. თუ მიიჩნევთ, რომ სკოლამ ბევრი დავალება მისცა, ზედმეტად ტვირთავენ მოსწავლეებს, კარგი იქნება თუ დროულად შეატყობინებთ სკოლას. მკაცრად ნუ განსჯით ბავშვს, თუ დავალება სრულყოფილად ვერ შეასრულა, წაახალისეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ ისინიც არაბუნებრივ სიტუაციაში არიან. თუ სხვა მშობლებიც თანახმანი იქნებიან (რასაკვირველია, ჰიგიენის ნორმების დაცვით) და მეზობლად ცხოვრობენ, შეგიძლიათ 2-3 კლასელთან ერთად პატარა სკოლა მოაწყოთ სახლში. ამით ბავშვები უფრო გახალისდებიან. მშობლებმა შეიძლება, დააწესოთ მორიგეობა ზედამხედველობაში. ამით ერთმანეთის დროსაც დაზოგავთ და ამოსუნთქვის საშუალებაც მოგეცემათ.
9. სხვა მშობლებთან ურთიერთობა. აუცილებელია სოციალიზაცია სხვა მშობლებთან, რომ თავი იზოლირებულად არ იგრძნოთ. ჰკითხეთ ერთმანეთს აზრი და გამოცდილება გაუზიარეთ, როგორ უმკლავდებიან სტრესს და როგორ ახერხებენ სახლის პირობებში ბავშვების ქცევის მართვას.
10. საკუთარ თავზე ზრუნვა. ამ პროცესში არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავი და ემოციები. განსატვირთავად გამოიყენეთ ნებისმიერი დრო, როგორც კი ამის საშუალება გამოგიჩნდებათ. თუ შვილს უსაფუძვლოდ გაუბრაზდით, დაუყვირეთ და სინდისი გქეჯნით, კარგი იქნება თუ ბოდიშს მოუხდით და აუხსნით თქვენს ემოციებს. ამით მაგალითსაც მისცემთ და თვითბრალდების გრძნობასაც უკეთესად გაუმკლავდებით. შეცდომები აპატიეთ საკუთარ თავსაც.
არ იფიქროთ, რომ მე ყველაფერს ზედმიწევნით ვასრულებ. მეც თქვენთან ერთად ვსწავლობ ამ დიდ გამოწვევასთან გამკლავებას. ხან გამომდის, ხან ვერა. ჩემს გამოცდილებას და დაკვირვებებს გიზიარებთ. იქნებ, გამოგადგეთ.
ნუცა კობახიძე, მშობელი და ჰონგ კონგის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი