ნიკა გვარამია: „ვის ველაპარაკები ან ვის დაველაპარაკები? - ყველას“

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მისი მიზანია პოლიტიკაში ცვლილებები და სიახლეები და ამ მიზნის მისაღწევად დაელაპარაკება ყველას.

„მე ვარ მომხრე ფართო გაერთიანების, რომელიც იბრძოლებს გამარჯვებისთვის. 5%იანი ბარიერის დაძლევა, ათკაციანი, გინდაც ოცკაციანი საპარლამენტო ფრაქცია, სრულიად უინტერესოა ჩემთვის. პირადად მე, მზად ვარ ყველანაირი დათმობისთვის ერთობის მიღწევის მიზნით, მათ შორის, ცალმხრივი დათმობისთვისაც, სხვას თუ კომპრომისებისთვის გამბედაობა, კეთილგონიერება და პირადზე მაღლა საერთო ინტერესის დაყენების პრობლემა ექნება.

მე მაინტერესებს ცვლილებები და სიახლეები. თანამდებობებიც მქონია და გავლენაც. ამისთვის პოლიტიკაში მობრუნება ნამდვილად არ მჭირდება..

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ.ერთად შევცვალოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ დემოკრატია და თავისუფლება ერთხელ და სამუდამოდ და შეუქცევადად მოვიპოვოთ.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ქვეყნის მართვაში გზა გავუხსნათ ახალ ხალხს და პოლიტიკურ ელიტაში თაობათა ცვლა მაქსიმალურად დაჩქარდეს.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ არ იყოს შურისძიება.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ ეს საჭირო მგონია აქ და ახლა.

პოლიტიკაში მოვდივარ იმიტომ, რომ საერთო ბრძოლა გავაძლიერო.

შეკითხვაზე „ამ მიზნების მისაღწევად ვის ველაპარაკები ან დაველაპარაკები“, გპასუხობთ:

ყ ვ ე ლ ა ს“, – წერს ის. [სტილი დაცულია]


საპარლამენტო ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი, ხატია დეკანოიძე ვარაუდობს, რომ პოლიტიკურ ველზე ახალი კონფიგურაცია მარტიდან გამოჩნდება.

ის ადასტურებს, რომ კომუნიკაცია ჰქონდა ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან. დეკანოიძე ამბობს, რომ „ლელოსთან“ საარჩევნოდ გაერთიანებაზე საუბარი არ არის.