„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერიასთან აქცია-პერფორმანსი გამართეს და წერეთლის გამზირიდან წამოღებული ტალახი მიიტანეს.
მათი თქმით, ეს ტალახი არის „კახა კალაძის მმართველობის სიმბოლო და სახე“.
„წერეთლის გამზირიდან კახა კალაძის კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება მოვიტანეთ. აი, ამ ტალახის გავლა წერეთლის გამზირზე მაცხოვრებლებს უწევთ. თავდაპირველი დაპირება იყო, რომ პროექტი 2023 წელს დასრულდებოდა, თუმცა 2024 წელი დაიწყო, 17 იანვარია და კომპანიები აღარ არსებობენ. ის კომპანიები, რომლებიც იქ მუშაობდნენ „ქართული ოცნების” შემომწირველები იყვნენ, ესენი არიან ფავორიტები ხელისუფლების. ეს კომპანიები წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას” ფულს სწირავენ.
ეს ტალახი არის კახა კალაძის მმართველობის სიმბოლო და სახე. აი, ამ მმართველების სიმბოლოს, კორუფციულ ტალახს კახა კალაძეს შევუტანთ. ეს ტალახი დაიდოს და საკუთარ დანაშაულს უყუროს“, – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს კახა კალაძის გადადგომაც მოითხოვეს. მათი თქმით, კალაძემ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელიც გაჭიანურდა.
წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები აპრილში დაიწყო. სამუშაოების დასრულების თარიღად მერიამ 2024 წლის იანვარი განსაზღვრა.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე მომუშავე კომპანიებთან – „მილენიუმ ბილდერს გრუპი” და „ერ ტე დე” ხელშეკრულებები გაწყვიტა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ სამუშაოები დასრულდება იანვრის ბოლოს, თუნდაც საჭირო გახდეს სამუშაოებში პირადად ჩაერთოს.