„ნამდვილად ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენზე სასამართლოში“ - ხაზარაძე კალაძეს

პუბლიკა

„ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე დედაქალაქის მერს პასუხობს.

კახა კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო“.

კალაძის ამ განცხადების საპასუხოდ მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში გააზიარა არქივი ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.

„ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს.. დანარჩენზე სასამართლოში“, – დაწერა მან.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო ოპოზიცია „კოლექტიურ სანაცეთად“ და „ხელმოცარულ აგენტებად“ მოიხსენა და მათ განცხადებებს „ისტერიკა“ უწოდა.

„საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ყველა პოლიტიკოსი, ყველა პოლიტიკური პარტია თუ რას წარმოადგენს, ვის რა წარსული აქვს. იგივე ხანდაზმული თაღლითების პარტიის ლიდერები, რით იყვნენ დაკავებულები. დღეს ვიღაცებს რომ სურვილი აქვთ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს, „ლელო”, პირობითად ვიძახი, ახალი პარტია და ახალი სახეებია. ვინ არის ახალი სახე? ხაზარაძეა ახალი სახე, თუ ამ პარტიის წარმომადგენლები? თუ უსუფაშვილია ახალი სახე? თუ სამადაშვილი? ეს მეგობრებო, რეალურად, ერთი გუნდია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ერქვა. შეიძლება, ბატონი ხაზარაძე „ნაციონალური მოძრაობის” წევრი არ იყო, მაგრამ პირველი იყო, ვინც იმ ბინძურ საქმეებს აკეთებდა და სააკაშვილის ხელის ბიჭი იყო, არ ახსოვს საზოგადოებას ეს ყველაფერი? თუ დაავიწყდა? ყველაფერი გვახსოვს და არაფერი დაგვიწყებია, როგორ აუბედურებდით ხალხს, როგორ ართმევდით ბიზნესებს“, – თქვა მან.