დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ მინიმუმ 60%-ს აიღებდა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„დღეს რომ არჩევნები იყოს, „ქართული ოცნება“ მინიმუმ 60%-ს აიღებდა. ჩვენ არჩევნებზე, რა თქმა უნდა არ ვნერვიულობთ. თუმცა, რა თქმა უნდა ვემზადებით, რომ მივიღოთ მაქსიმალური შედეგი“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ჩვენს ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ ასე ვთქვათ უსუსურ მცდელობას რომ რაღაცა ახალი შესთავაზონ საზოგადოებას, ჩვენ კარგად ვიცით რომ ეს ყველაფერი არის სიცრუე, ეს არის ტყუილი და ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს და მათ კარგად იციან ვის რა წარსული აქვს, კარგად იციან, რომ არავითარი მესამე ძალა არ არსებობს ქვეყანაში.

არსებობს ჩვენი პოლიტიკური ძალის და საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მოწინააღმდეგე ძალა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ან ახალი ნაციონალური მოძრაობის, როგორიც არის მაგალითად ხაზარაძის გაერთიანება ან სხვების, სხვა ლუზერების, რომლებიც ცდილობენ რომ გაერთიანდნენ და ამით გადალახონ 5%-იანი ბარიერი. ჩემთვის ნამდვილად არ არის საინტერესო ოპოზიციის, მით უმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფი ოპოზციის, მცდელობები. მთავარი ჩემთვის არის ის რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურიბა და განვითარება,-” განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ღარიბაშვილი დავოსის ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.