პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ბექა მინდიაშვილი ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი ჩართულია და „სულის ჩამდგმელია” რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის.
პაპუაშვილის თქმით, „მინდიაშვილს აქვს მტრული რიტორიკა მართლმადიდებლური ეკლესიის მიმართ და გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით”.
„ადამიანი, რომელიც რელიგიურ შემწყნარებლობის იდეას უნდა ავრცელებდეს, თავად გახდა რელიგიური ნიშნით თავდასხმის კამპანიის სულის ჩამდგმელი. ამასთან, ის ზოგადად გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ მტრული რიტორიკით… საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება „ჯაშუშად“, ეკლესიის – „დეგრადირებულად“ და შობის, საერო კალენდრით, 7 იანვარს აღნიშვნისთვის „ანტიდასავლური სიბრიყვის“ წოდება, არის სწორედ რელიგიური შეუწყნარებლობა, მტრული რიტორიკა და სიძულვილის ენა, ანუ ის, რასაც ე.წ. „ტოლერანტობის ცენტრი“ წესით უნდა ებრძოდეს“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა ტოლერანტობის ცენტრის დაფინანსებაზეც ისაუბრა. თქვა, რომ ცენტრი USAID-ის ერთ-ერთი პროგრამის ფარლბეში ფინანსდება და „ეს პრობლემაა”.
„მე ძალიან ვწუხვარ, რომ, უკვე მერამდენედ, USAID ექცევა მისი სახელით დაფინანსებულ პროექტებთან დაკავშირებული სკანდალის ეპიცენტრში. აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც გამოირჩევა რელიგიური შეუწყნარებლობით და რელიგიური ისტერიის გაღვივებით, ახერხებს ამერიკული დაფინანსების მიღებას და თანაც იმ საქმისთვის, რომლის აბსოლუტურად საპირისპიროდაც თავად მოქმედებს… ჩემი მოლოდინია, რომ USAID-ის ხელმძღვანელობა მალე გაერკვევა ამ საკითხში და იმოქმედებს ამერიკელი და ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, „ტოლერანტობის ცენტრი” არ არის სახალხო დამცველთან არსებული ცენტრი ან სტრუქტურული ერთეული, პაპუაშვილი ამბობს, რომ ის „ცალკე არსებული დამოუკიდებელი პროექტია, რაც თავის მხრივ პრობლემურია, ვინაიდან სახეზეა კონსტიტუციური ორგანოს სახელწოდების იმგვარად მითვისება, რასაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები და ენჯეოს სახელმწიფო ინსტიტუტად წარმოაჩენს”.