თინა ხიდაშელის ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეა” შალვა პაპუაშვილის ხიდაშელის მისამართით გაკეთებულ განცხადებას განცხადებით პასუხობს. პაპუაშვილმა თქვა, რომ ხიდაშელი ტაივანიდან ფინანსდება და ის ქვეყანაში ანტიჩინურ განწყობებს ქმნის.
ხიდაშელის განცხადებით, ტაივანის სახელმწიფოსგან დაფინანსებას არ იღებს – ფინანსდება პარტნიორი, დამოუკიდებელი ტაივანური ორგანიზაციებისგან, და ეს ერთმანეთისგან განსხვავდება, კავშირები და დაფინანსება კი საჯაროა და ხელმისაწვდომია მათ ვერბგვერდზეც.
„შეცდომაა – „ტაივანი გაფინანსებთ”, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც სამოქალაქო იდეას დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ”. – აღნიშნულია განცხადებაში.
ხიდაშელის ორგანიზაციის განცხადებით, პაპუაშვილის განცხადება, რომელიც მათ საქმიანობას ეხებოდა უკავშირდება ანაკლიის პორტის საკითხს. მიაჩნიათ, რომ „ხელისუფლება ტენდერში ჩინური კომპანიის გამარჯვების გადაწყვეტილებაზე მუშაობს, სამოქალაქო იდეა კი ამ ნაბიჯის კვალიფიციურ კრიტიკას შეძლებს”.
„როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ხელისუფლება, ანაკლიის პორტის ტენდერში, ჩინური კომპანიის გამარჯვების გადაწყვეტილებაზე მუშაობს. შესაბამისად, კარგად აცნობიერებენ უკმაყოფილების ტალღას, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილება გამოიწვევს და მათი აზრით, პრევენციულ ზომებს ახორციელებენ. ქართულმა ოცნებამ იცის, რომ „სამოქალაქო იდეა“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 7 წელია, სწორედ სტრატეგიულ კორუფციაზე და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე მუშაობს. შესაბამისად, ყველაზე კვალიფიციურ და დასაბუთებულ კრიტიკას სწორედ ჩვენგან ელიან. ჩვენს პოზიციებს ისმენენ და კითხულობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. შესაბამისად, დღეს ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ კავლიფიციურ კრიტიკაზე პასუხად, ნაცვლად არგუმენეტებისა „ტაივანის ლობისტები“ იძახონ”. – აღნიშნულია განცხადებაში.
თინა ხიდაშელს ასევე „ოცნებისგან” სჭირდება დაზუსტება იმის, თუ რას ნიშნავს მიხეილ სარჯველაძის გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება ტაივანიდან ქართული ორგანიზაციის დაფინანსებას“.
„როგორ გავიგოთ „არ შეგუება”, როგორ გავიგოთ ეს მუქარა?” – წერია განცხადებაში.
პაპუაშვილმა 20 იანვარს, პარლამენტში თინა ხიდაშელზე თქვა, რომ ის გამოირჩევა ანტიჩინური განწყობების შექმნის მცდელობებით, „ქალბატონი თინა ფინანსდება ტაივანის მხრიდან. არის ოფიციალური ფონდები და გასაგებიცაა, რომ სწორედ ამ დაკვეთიდან გამომდინარე ის ცდილობს საქართველოში ანტიჩინური განწყობების გაღვივებას”,. – თქვა მან.
პაპუაშვილმა თინა ხიდაშელს ასევე ჰკითხა ტრიბუნიდან „აღიარებს თუ არა ის ჩინეთის ტერიტორიულ მთლიანობას და რა დამოკიდებულება აქვს ტაივანის მიმართ, რომლისგანაც ის ფულს იღებს”, ხიდაშელის ორგანიზაცია კი ამ ნაწილში პასუხობს პაპუაშვილს, რომ – „არასოდეს, არც „სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ”.