საქართველომ ისრაელში, ჩინეთში, იორდანიასა და ქუვეითში ახალი ელჩები დანიშნა

პუბლიკა

ისრაელს, ჩინეთს, იორდანიასა და ქუვეითს საქართველოს ახალი ელჩები ჰყავს.

ისრაელჩი საქართველოს ელჩად ზაზა კანდელაკი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლაშა ჟვანია შეცვალა.

მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა კანდელაკი წლების მანძილზე მუშაობდა საჯარო სამსახურში. ასევე, ის მუშაობდა მეცნიერებათა აკადემიაში, თბილისის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატში. იყო საქართველოს პარლამენტის წევრიც. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში და უნგრეთში.ისრაელის სახელმწიფოში ელჩად დანიშვნამდე, ზაზა კანდელაკი იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში.

ქუვეითში საქართველოს ელჩად ნოშრევან ლომთათიძე დაინიშნა. 

მთავრობის ინფორმაციით, ნოშრევან ლომთათიძე 2021 წლის ივნისიდან დღემდე მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება ჩინეთშიც. პაატა კალანდაძე, რომელიც მანამდე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო. მთავრობის ინფორმაციით, კალანდაძე სხვადასხვა წლებში საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ყაზახეთისა და ყირგიზეთის რესპუბლიკებსა და ისრაელის სახელმწიფოში.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბიასა და ერაყში საქართველოს ელჩად არჩილ ძულიაშვილი დაინიშნა.

ძულიაშვილი მანამდე იყო ინდოეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ასევე, აზიისა და წყნარი ოკეანეთისთვის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ კომისიაში (ESCAP) საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი. იყო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.  ეკავა ქუვეითის სახელმწიფოში, საუდის არაბეთის სამეფოში, ბაჰრეინის სამეფოში, კატარის სახელმწიფოში, ომანის სასულთნოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის პოზიცია.

ახალი ელჩები პრემიერ-მინისრტმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღო და ახალ თანამდებობაზე მათ წარმატება უსურვა.