მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ჩიქობავასა და ხასაიას გათავიუფლებას მოითხოვს

პუბლიკა

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი ჩიქობავასა და ხასაიას გათავისუფლებას მოითხოვს.

„გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ქმედება მიმართული იყო 30 წლიანი ძალადობის შეჩერებისაკენ, რომელიც ანგრევს ჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებს და ქვეყანას განვითარების მომავალს უსპობს. ამიტომ მივიჩნევთ, რომ უნდა შეწყდეს მოძრაობა “ხმის” წევრებისა და სხვა დაკავებულების სამართლებრივი დევნა. უნდა აიკრძალოს ძალადობრივი გამოსახლებები. უნდა აგონ პასუხი საზოგადოების დარბევაში მონაწილე პირებმა.“ -ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

———————–

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.

ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.

ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მათ თავდებში ჩაუდგება.

კაკო ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ თსუ-ის პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.

გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს.

გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება.

ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება,  რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.