ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ მებაჟეებმა მათგან თავის არიდების 1770 შემთხვევა გამოავლინეს.
მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის დაწყების დღეებიდანვე, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც მუდმივ რეჟიმში უწევს მონიტორინგს სანქცირებული ტვირთებისა და პირების საკითხს საქონლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით გადაადგილებისას.
„საქართველომ შეაჩერა ოპერაცია და/ან აღნიშნული საქონელი უკან გააბრუნა. გარდა ამისა, დაახლოებით 1000 შემთხვევაა ისეთი, როდესაც ბიზნესოპერატორებმა საბაჟო ორგანოს შესაბამისი კონსულტაციებისთვის მიმართეს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ბიზნესოპერატორები უბრალოდ ვერ ერკვევიან ან უნდათ, გაერკვნენ სანქციების ნაწილში და პრევენციულად წინასწარ აცნობებენ საბაჟო ორგანოს. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, როგორ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესსექტორმა და სახელმწიფომ სანქციების აღსრულებასთან მიმართულებით“. – თქვა ლაშა ხუციშვილმა.