გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელთა შესაძლო გენოციდზე გადაწყვეტილება გამოიტანა.
მოსამართლე ჯოან დონოგიუმ განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და რომ ისრაელის ზოგიერთი ქმედება ჯდება გენოციდის კონვენციის ფარგლებში.
პუნქტი 54. „სასამართლოს აზრით, ფაქტები და გარემოებები, რომლებიც წარმოდგენილია, საკმარისია, რათა დავასკვნათ, რომ სულ მცირე, ის უფლებები, რომელთა დაცვასაც სამხრეთ აფრიკა ითხოვს, დამაჯერებელია. ეს ეხება ღაზაში მყოფი პალესტინელების უფლებას, იყვნენ დაცული გენოციდისა და მასთან დაკავშირებული აკრძალული ქმედებებისგან, რომლებიც განსაზღვრულია კონვენციის III მუხლით [გენოციდის აკრძალვა], ასევე, ეხება სამხრეთ აფრიკის უფლებას, ისრაელს მოსთხოვოს ამ უკანასკნელის მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება”.
ასევე, ICJ-მ თქვა, რომ პალესტინელები დაცული ეროვნული, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფია.
გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღონ ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სასამართლომ ისრაელს მოსთხოვა, შეასრულოს გენოციდის კონვენციიას მეორე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებები.
„ისრაელის სახელმწიფომ, გენოციდის პრევენციისა და დასჯის კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ღაზაში მყოფი პალესტინელების მიმართ უნდა მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან აიცილოს ამ მუხლით გათვალისწინებული ყველა ქმედება”.
მეორე მუხლის თანახმად:
წინამდებარე კონვენციაში გენოციდი ნიშნავს ნებისმიერ ქვემოთ ჩამოთვლილ ქმედებას, რომელიც ჩადენილია ეროვნული, ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური ჯგუფის მთლიანი ან ნაწილობრივი განადგურების მიზნით:
(a) ჯგუფის წევრთა მკვლელობა;
(b) ჯგუფის წევრთათვის სხეულის მძიმე დაზიანების ან ფსიქიკური მოშლილობის მიყენება;
(c) ჯგუფისათვის განზრახ ისეთი პირობების შექმნა, რაც მიზნად ისახავს მის მთლიან ან ნაწილობრივ ფიზიკურ განადგურებას;
(d) ისეთი ზომების გატარება, რომელთა მიზანია ჯგუფის შიგნით შობადობის აღკვეთა;
(e) ერთი ჯგუფიდან მეორეში ბავშვების ძალადობით გადაცემა.
გარდა ამისა, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.
ასევე, სასამართლომ დაავალდებულა ისრაელი, ერთი თვის ვადაში სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლებს მიაწოდოს ანგარიში ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებების შესახებ.
დღეს გადაწყვეტილების გამოცხადების პარალელურად ჰააგაში, ICJ-ის შენობასთან ათობით პალესტინელი შეიკრიბა. „შეაჩერეთ გენოციდი”. – სკანდირებდნენ ისინი.
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ სამხრეთ აფრიკის საჩივარი ისრაელის წინააღმდე ღაზაში პალესტინელთა განოციდის შესახებ 10 და 11 იანვარს განიხილა. 10 იანვარს განმცხადებელს – სამხრეთ აფრიკას მოუსმინა, 11-ში კი მოპასუხე მხარეს – ისრაელს.
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო 15 მოსამართლისგან შედგება. თითოეული მათგანი 9-წლიანი ვადით არის დანიშნული. ICJ-ის მოქმედი მოსამართლეები არიან შემდეგი ქვეყნებიდან: აშშ, რუსეთი, ჩინეთი, სლოვაკეთი, მაროკო, ლიბანი, ინდოეთი, საფრანგეთი, სომალი, იამაიკა, იაპონია, გერმანია, ავსტრალია, უგანდა და ბრაზილია.
15 მუდმივი მოსამართლის გარდა, 2 სახელმწიფოს შორის დავის შემთხვევაში შესაძლოა მხარეებმა ad-hoc მოსამართლეები დანიშნონ. ამ შემთხვევაში, მუდმივ შემადგენლობას დაემატნენ ისრაელის და სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლები და რიცხვი 17-მდე გაიზარდა.