„დასრულდეს შერჩევითი სამართალი“, „შეწყდეს გამოსახლებები!“, „გათავისუფლდნენ გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა!“, – ზუგდიდის რაიონული პროკურატურის შენობასთან აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად აქცია იმართება. პარალელურად, ამავე შინაარსის აქცია იმართება ქუთაისშიც. აქციის მონაწილეები დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ.
კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას გათავისუფლების მოთხოვნით მესამე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს დაკავებული აქვთ უნივერსიტეტის კანცელარია.
სტუდენტები, უნივერსიტეტის ლექტორის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე, თსუ-ს გაფიცვისკენ მოუწოდებენ. გუშინ პროტესტის მონაწილე სტუდენტებმა შეხვედრა გამართეს რექტორთან, ჯაბა სამუშიასთან. მოგვიანებით, ჯაბა სამუშიამ განაცხადა, რომ ოჯახის მიმართვის შემთხვევაში, ის და უნივერსიტეტის პროფესურა მზად არიან თავდებში ჩაუდგნენ კაკო ჩიქობავას. შესაბამისი განცხადება გავრცელდა უნივერსიტეტის სახელითაც.
კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას სოლიდარობის ნიშნად, გუშინ, ჭიათურელმა მაღაროელებმა ერთი საათით მუშაობა შეაჩერეს.
———————–
კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მათ თავდებში ჩაუდგება.
კაკო ჩიქობავას თავდებში უდგებოდნენ თსუ-ის პროფესორები ალექსანდრე ბოშიშვილი და თედო დუნდუა. ხოლო გიორგი ხასაიას – თამთა მიქელაძე და ქეთევან გურჩიანი.
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა 23 იანვარს დააკავეს.
გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება.
ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე.