„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა” (DRI) ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობაზე 2023 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით – 8 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა. კვლევაში წარმოდგენილია შემდეგი თემები: ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა სოციალურ ქსელებში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვება, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.
ანგარიშის თანახმად, სოციალური მედიის ულტრამემარჯვენე დისკურსი სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- ჰომოფობიურ რიტორიკას, რომელიც 17 მაისის მოახლოების პარალელურად გააქტიურდა და კულმინაციას 2023 წლის 8 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებული ფესტივალის ჩაშლით, მიაღწია.
- დაკვირვებამ გამოააშკარავა ხელისუფლების ლოიალური პოლიტიკა ულტრამემარჯვენე ძალადობრივი ჯგუფების მიმართ.
- პროკრემლისტური რიტორიკა, რომელიც გააქტიურდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებული სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის განახლების ფონზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფები ეკონომიკური სარგებლის მოტივით ცდილობდნენ რუსეთთან მჭიდრო კომუნიკაციის მნიშვნელობის ხაზგასმას. სექტემბრიდან კი რეზონანსულ საკითხად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის სასარგებლოდ საქმიანობაში მხილებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის ოთარ ფირცხალაძის დაცვა იქცა.
DRI-ის დაკვირვებით, ანტიდასავლური და ანტიამერიკული რიტორიკა განსაკუთრებით გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ განცხადების შემდეგ, რომელიც შესაძლო დესტაბილიზაციასა და სამოქალაქო არეულობის დაგეგმვაში USAID-ის როლზე მიუთითებდა.
ოქტომბერში ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ განახლებულმა სამხედრო კონფლიქტმა ღიად პრორუსული ულტრამემარჯვენე ჯგუფების ანტიამერიკულ რიტორიკას ახალი იმპულსი შესძინა.
ანგარიშის თანახმად, კოლექტიური დასავლეთის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენა ერთგვარ ტენდენციად ჩამოყალიბდა და ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური რიტორიკის პარალელურად წარიმართა.
ანგარიშში მიმოხილულია ანტი-დასავლური, ჰომოფობიური, კერძოდ, თბილისი პრაიდის კვირეულის საწინააღმდეგო აქციების დაკვირვების შედეგები. დაკვირვებისას გამოიკვეთა, რომ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციებს სისტემატურობა და დისციპლინა ახასიათებს.
DRI-ის შეფასებით, შესამჩნევია სამართალდამცველთა ლოიალური დამოკიდებულება ულტრამემარჯვენე ლიდერებისადმი.
ანგარიშშ ასევე ნათქვამია, რომ ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსული „ალტ-ინფოს“ პოლიტიკურმა წარმონაქმნმა, ულტრამემარჯვენე და ღიად პრორუსულმა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ 2022 წლის იანვრიდან ქვეყნის მასშტაბით ოფისების გახსნა დაიწყო.
2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ოქტომბრის ჩათვლით, „კონსერვატიულ მოძრაობას/ალტ-ინფოს“ 102 შემომწირველი ჰყავს.
აქედან 101 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირია.
2023 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით რადიკალურ ექსტრემისტულ დაჯგუფებას მხოლოდ ორი შემომწირველი დაემატა.