ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე ბაღდათის სტიქიის გამო სამძიმარს გამოთქვამენ.
„გამოვთქვამ სამძიმარს დასავლეთ საქართველოში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, მეგობრებს, ახლობლებს”. – თქვა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სადაც დეპუტატები მას უსმენენ, როგორც პრემიერმინისტრობის კანდიდატს.
ყოფილმა პრემიერმა და „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა კი ფეისბუქზე დაწერა:
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას”.
7 თებერვალს, გამთენიისას, იმერეთში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. ნაპოვნია 4 ადამიანის ცხედარი. მეწყერში მოყოლილ კიდევ 5 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.
5 თებერვალს მსხვერპლი მოჰყვა სტიქიას მაღალმთიან აჭარაშიც. მეწყერმა და ძლიერი თოვის შედეგად ჩამოწოლილმა ზვავმა რეგიონში 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 90-ზე მეტი ოჯახი თავშესაფარშია გადაყვანილი.