აეროსტატზე ყველა საჭირო შემოწმება იყო ჩატარებული - სამოქალაქო ავიაციის სააგენტო

პუბლიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ასურეთში აეროსტატის, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, მათთან ქვეყნის შიდა ფრენებისთვის დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად წარდგენილი იყო აეროსტატის ფრენის მარშრუტი, ხოლო აეროსტატს ყველა საჭირო შემოწმება ჰქონდა ჩატარებული. ამ შემთხვევას კი შესაბამისი უწყება მოიკვლევს.

„დიდ ბრიტანეთში წარმოებული სითბური აეროსტატი Cameron Balloons Z-315 2022 წელს არის გამოშვებული და ამავე წელს დარეგისტრირდა საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (სარეგისტრაციო ნომერი 4L-BAV). აეროსტატს მართავდნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და პოლონეთის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლების მიერ სერტიფიცირებული მფრინავები. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, აეროსტატზე ჩატარებული იყო ყველა საჭირო შემოწმება.

საავიაციო შემთხვევის მოკვლევას აწარმოებს სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიურო. მოკვლევის ამ ეტაპზე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო არ არის უფლებამოსილი გაასაჯაროოს საავიაციო შემთხვევასთან დაკავშირებული სხვა დეტალები“, – აცხადებს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.