ერთი ახალი შემთხვევა უკავშირდება ესპანეთს - ეზუგბაია

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს დილით კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში მათი რიცხვი 47-ს შეადგენს.

მისი განმარტებით, 3 ახალი შემთხვევიდან 1 მათ ცენტრში წევს. გუშინ 21 ტესტი ჩატარდა და დადებითი პასუხი მხოლოდ ამ ერთთან მიიღეს. აღნიშნული შემთხვევა უკავშირდება ესპანეთს.

„ერთი ახალი შემთხვევა არის შემოტანილი შემთხვევა და უკავშირდება ესპანეთს. ეს პირი იყო თვითიზოლაციაში, მისი კონტაქტები ცნობილია.  როგორც ყოველთვის, ამ კონტაქტების კვლევა და იზოლაცია გრძელდება”, – ამბობს ეზუგბაია.

დანარჩენი ორის შესახებ მას ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვს. მათ შესახებ დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. ეზუგბაია დასძენს, რომ ახალი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

რაც შეეხება პაციენტების გამოჯანმრთელებას, მისი თქმით, ინფექციურში მყოფ პაციენტებთან, რომლებთანაც გასულია 15-16 დღე, პერიოდულად ტარდება ტესტირება. ჯერჯერობით მათი ტესტის შედეგები სუსტ დადებითს აჩვენებს. ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

მძიმე პაციენტებთან დაკავშირებით ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ „გვყავს 3 პრობლემური პაციენტი, მათგან 2 ასაკოვანია და ერთს აქვს მძიმე პნევმონია. მათი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, რომ დაავადების პროგრესირება და გართულება არ მოხდება”.