ისრაელმა რაფაჰში იერიში მიიტანა, დაიღუპა 37 ადამიანი

პუბლიკა

ღამით ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაში იერიში მიიტანა – ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს 37 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში არ საუბრობენ იმაზე, მოჰყვა თუ არა მსხვერპლი ორშაბათს ღამით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ქალაქში ჩატარებული რეიდის დროს ორი მძევალი გაათავისუფლეს. მათი განცხადებით, 60 წლის ფერნანდო მარმანი და 70 წლის ლუის ჰარი 128 დღის განმავლობაში „ჰამასის“ ტყვეობაში იყვნენ. ისინი 7 ოქტომბერს ერთ-ერთი კიბუციდან გაიტაცეს.

თავდაცვის ძალები აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი შებას სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილები.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა.