„ოცნების" თქმით, ზურაბიშვილმა ალიევს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, რაც დამაზიანებელია

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრების მტკიცებით, სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა, რაც დამაზიანებელია.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს არც საიტზე, არც სოციალური მედიის გვერდებზე მილოცვის ტექსტი არ გამოუქვეყნებია.

*განახლება: მოგვიანებით სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პრეზიდენტმა აზერბაიჯანელ კოლეგას გამარჯვება 9 თებერვალს, წერილით მიულოცა. 

ვიცე-პრემიერის, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, „საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის”.

მისივე შეფასებით, ის, რომ სალომე ზურაბიშვილი ილჰამ ალიევს გამარჯვებას არ ულოცავს, პოლიტიკური სიბეცეა.

„ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. „პატრონებისგან“ – ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე”, – თქვა თეა წულუკიანმა.

თავდაცვის ახლად დანიშნული მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანის თქმით კი, მისთვის „გაუგებარია ის უმოქმედობა, რომელსაც პრეზიდენტი იჩენს ამ მიმართულებით”.

„ელემენტარული, დიპლომატიური ეტიკეტის საკითხია, რომ ეს მილოცვა აქამდე ბევრჯერ უნდა გაჟღერებულიყო”, – თქვა მან.

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 7 თებერვალს ჩატარდა. ხმის მიცემის პროცესი გაიმართა მთიან ყარაბაღშიც. ქვეყანაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები მომავალ წელს უნდა ჩატარებულიყო. თუმცა, მას შემდეგ, რაც 2023 წელს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა და იქიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა განდევნა, ილჰამ ალიევმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ალიევს სურს, პოპულარობა მეტი ლეგიტიმაციისთვის გამოიყენოს.

62 წლის ილჰამ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 20 წელზე მეტია, მართავს, არჩევნებში ხმების 92% მიიღო.