პოლიტიკა ტიკტოკზე - როგორ იყენებს ხელისუფლება გასართობ პლატფორმას პროპაგანდისთვის?

პუბლიკა

ავტორები: ქეთევან მოსიავა, ლუკა ჩიტიანი, თამარ თოიძე

ტიკტოკის პლატფორმას, რომელიც განსაკუთრებით პოპულარული პანდემიის დროს გახდა, მსოფლიოს მასშტაბით მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ტიკტოკი პოპულარულია საქართველოშიც. სოციალურ ქსელს 150 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს, დაახლოებით 50% კი 18-24 წლამდეა.

თავდაპირველად ეს სოციალური ქსელი საქართველოში ძირითადად გართობისთვის გამოიყენებოდა, თუმცა ბოლო დროს პოლიტიკური დაძაბულობის პარალელურად „ტიკტოკზე“ აქტიურდება როგორც ოფიციალური, ისე ყალბი ანგარიშები. მათი მიზანი კი პროსახელისუფლებო ნარატივების რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მიტანაა.

ტიკტოკზე გამოქვეყნებული ათასობით ვიდეოსა და ფოტოს ანალიზი აჩვენებს, რომ პლატფორმა პროსახელისუფლებო აქტორებისთვის განსაკუთრებით საინტერესო 2023 წლის მარტში, „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ გახდა. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ ტიკტოკი ახალგაზრდა აუდიტორიასთან საკომუნიკაციოდ ეფექტურ გზად მიიჩნია.