შეტაკებებზე ცნობების შემდეგ სომხეთის თავდაცვა 4 სამხედროს დაღუპვის შესახებ იუწყება

პუბლიკა

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ აზერბაიჯანის მიერ 13 თებერვალს განხორციელებული შეტაკების შედეგად მათი 4 სამხედრო დაიღუპა. უწყება აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულა ძალებმა სომხურ პოზიციებს ცეცხლი სიუნიქის პროვინციაში გაუხსნეს.

დღეს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ახალი შეტაკებების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა – ორივე ქვეყანა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებს. აზერბაიჯანულმა მხარემ განაცხადა, რომ 12 თებერვალს სომხეთის სასაზღვრო დაცვამ კაპან-ზანგელანის სასაზღვრო მონაკვეთზე ცეცხლი გახსნა.

ამას გამოეხმაურა სომხეთის თავდაცვის სამინისტრო – მათი თქმით, აღნიშნულ ცნობებს იძიებენ, თუმცა წინასწარი დასკვნები მიუთითებს, რომ 12 თებერვალს მსგავსი ინციდენტი არ მომხდარა. უწყების განცხადებით, თუ ეს დადასტურდა, შესაბამის პირებს ბრძანების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანის მხრიდან 13 თებერვალს ცეცხლის გახსნის შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულა ძალებმა სომეხი სამხედროების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს დილის 05:30 საათზე.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, თავდაცვის უწყება ამბობს, რომ 12 თებერვალს სომხურმა მხარემ მათი მიმართულებით საღამოს 20:50 საათსა და 23:40 საათზე გახსნა ცეცხლი.