საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ეტაპზე გრძელდება. არჩილ გორდულაძის შემდეგ საკუთარი პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა წარადგინა.
ბიბილაშვილის შეფასებით, სარჩელის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია მოხდეს; კიდევ ერთი მიზანი კი არის ის, რომ „ქართული ოცნება“ განუსაზღვრელი ვადით დარჩეს ხელისუფლებაში. უკონკურენტო არჩევნების პირობებში.
„სარჩელის მიზანია, კონსტიტუციურ დონეზე დაადასტუროს ოკუპანტი სახელმწიფოს, რუსეთის ფედერაციის მტკიცება, რომ 2008 წლის მისი სამხედრო აგრესია იყო ლეგიტიმური, რადგან ამის საფუძველი შექმნა საქართველომ. შედეგი იქნება ზუსტად ეს – რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დონეზე“, – თქვა ბიბილაშვილმა.
საკონსტიტუციო სარჩელში „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
სარჩელში ნახსენებია: 2004-2008 წლებში საომარი რიტორიკისა და კონფრონტაციული პოლიტიკის წარმოება; 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული არჩევნების ჩატარება, რასაც მოსარჩელეები სეპარატისტული სტრუქტურების ირიბ ლეგიტიმაციად აფასებენ; 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა; 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელეებს მოჰყავთ თეა წულუკიანის დასკვნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და 2009 წლის ტალიავინის საერთაშორისო მისიის ანგარიში.
თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაში წერია, რომ „2008-ში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.
ზაზა ბიბილაშვილმა ახნა-განმარტების დროს ასევე თქვა, რომ ამ საკონსიტუციო სარჩელის დაკმაყოფილება „ოცნების“ ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენას ნიშნავს
ბიბილაშვილმა თქვა, სარჩელში მოსარჩელე მხარე ერთმანეთში ურევს პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არ ასხვავებს სახელმწიფოსა და პოლიტიკურ პარტიას და არ ავლებს მათ შორის ზღვარს.
„ერთი მხრივ, კონკრეტული თანამდებობის პირების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მიიჩნევს პარტიისა და პარტიების პასუხისმგებლობად, მეორე მხრივ კი საკუთარ პარტიას აიგივებს სახელმწიფოსთან, როცა ამბობს, რომ მათი პარტიის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა ანტისახელმწიფოებრივია. შედეგად, კონსტიტუციური წესწყობილება ჩანაცვლებულია მმართველი პარტიის ძალაუფლებით“, – თქვა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილის განცხადებით, თუ მოსარჩელე მხარის მიზანი ჯანსაღი ოპოზიციის შექმნაა, სასამართლომ უნდა იმსჯელოს იმაზეც, რა ვადაში მიიჩნევს ის ამ მიზნის მიღწევას შესაძლებლად.
მისი შეფასებით, 2028 წლისთვის ჯანსაღი ოპოზიციის შექმნა ვერ მოხერხდება, რაც სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენას უკონკურენტო არჩევნების პირობებში გამოიწვევს.
ბიბილაშვილმა ყურადღება გაამახვილა იმ განცხადებებზეც, რომელთა მიხედვითაც, თუ რომელიმე პარტიას საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი გაუჩნდება, ისიც შეიძლება აიკრძალოს.
„მით უფრო, რომ არაერთხელ ითქვა, რომ თუ რომელიმე პარტიას გაუჩნდა საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი, ისინიც აიკრძალებიან. პირდაპირ ამბობენ, რომ პარტიებს ავკრძალავთ, რომელიც კონკურენციაში შემოვიდეს ჩემთან, შესაბამისად, ჩვენი პარტია ხელისუფლებაში უნდა დარჩეს განუსაზღვრელი ვადით. სწორედ ეს არის მიზანი. აშკარაა, რომ სარჩელი მოკლებულია ლეგიტიმურ მიზანს“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, შესაძლოა, მოსარჩელე მხარემ უარყოს, რომ სწორედ ასეთი შედეგის მიღწევა სურს, თუმცა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში შედეგი, მისი შეფასებით, მაინც იგივე იქნება.
„შეიძლება იდავონ, რომ ეს არ არის მიზანი, ხომ გამოვლინდება და იტყვიან, რომ არა, ჩვენ ეს მიზანი ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ვერავინ ვერ იდავებს, რომ ამ სასამართლოს დაკმაყოფილების შემთხვევაში შედეგი იქნება ზუსტად ეს.
საქართველოში უკვე დამხობილია კონსტიტუციური წესრიგი „ქართული ოცნების“ მხრიდან, სახელმწიფო მიტაცებულია ერთი ადამიანის – უცხო ქვეყნისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქის მიერ“, – განაცხადა მან.
ბიბილაშვილისვე შეფასებით, „ქართული ოცნების“ სარჩელი კონსტიტუციის ხელში ჩაგდების, ავტოკრატიული ლეგალიზმისა და სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების მაგალითია.
მისი თქმით, სარჩელის მიზანია ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ძალაუფლების უზურპაცია, საქართველოს მოქალაქეებისთვის რეალური პოლიტიკური არჩევანის წართმევა რუსეთისთვის მიუღებელი ოპოზიციური პარტიების აკრძალვით და დე ფაქტო ერთპარტიული მმართველობის დაკანონება.
„მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, არც პირველი რესპუბლიკის დროს და არც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, 1991 წლის მერე. მსგავსი რამ ხდებოდა მხოლოდ საბჭოთა ოკუპაციის დროს და მსგავსი რამის მიჯნაზე ვართ ახლა“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი კრძალავს ძალაუფლების მითვისებას. ბიბილაშვილის განმარტებით, უზურპაციის საფრთხე მხოლოდ ძალადობრივი გადატრიალების დროს არ წარმოიშობა – ის მაშინაც არსებობს, როდესაც მმართველი უმრავლესობა სამართლებრივი ფორმების გამოყენებით გამორიცხავს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობას.
ბიბილაშვილის შეფასებით, ხელისუფლების სამუდამოდ შენარჩუნების მცდელობა ავტოკრატიული, დიქტატორული რეჟიმის ერთ-ერთი ცენტრალური მახასიათებელია.
მისი თქმით, ავტოკრატიული ლეგალიზმი დემოკრატიის ეროზიის ისეთი ფორმაა, როდესაც დემოკრატიული სისტემის მოშლა ფორმალურად კანონიერი ინსტრუმენტების გამოყენებით მიმდინარეობს.
„ახალი ავტოკრატები ერიდებიან იმ სცენარების განმეორებას, რომლებიც დაუყოვნებლივ და მძაფრ რეაქციას იწვევს. სანაცვლოდ, ისინი დემოკრატებად ინიღბებიან და მართავენ დემოკრატიული მანდატის სახელით. უკანასკნელ წლებში დემოკრატიის რღვევის მთავარი გზა არჩეული ხელისუფლების მიერ ფორმალურად კანონიერი ინსტრუმენტების გამოყენებაა“, – თქვა ბიბილაშვილმა.
ბიბილაშვილმა კონსტიტუციური ინსტიტუტების ბოროტად გამოყენების ოთხი ფორმა გამოყო:
- ფიქციური სესხება – დემოკრატიული ფორმა შენარჩუნებულია, თუმცა მისი შინაარსი დაცლილი და ჩახშობილია;
- შერჩევითი სესხება – ნორმის მხოლოდ ის ნაწილია გამოყენებული, რომელიც ანტიდემოკრატიულ ეფექტს აძლიერებს;
- კონტექსტის გარეშე სესხება – ნორმა ისეთ გარემოში გადმოაქვთ, სადაც ის საპირისპიროდ მოქმედებს;
- მიზანსაწინააღმდეგო სესხება – დემოკრატიული ინსტიტუტი მისი თავდაპირველი მიზნის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.
- „ბოროტად გამოყენების კონსტიტუციის ყველა ეს ფორმა ერთად თავმოყრილია იმ სარჩელში, რომელსაც დღეს ჩვენ ვიხილავთ“, – განაცხადა ბიბილაშვილმა.
მისი თქმით, სარჩელში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები შერჩევითად არის ციტირებული, პარტიების აკრძალვის მოდელი კი კონტექსტის გარეშეა მოხმობილი.
ბიბილაშვილის შეფასებით, მიზანსაწინააღმდეგოა თავად საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება მმართველი პარტიის კონკურენტების წინააღმდეგ, რადგან ამ ინსტიტუტის მიზანი დემოკრატიული კონკურენციის დაცვაა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გამოყენება არაკონსტიტუციური მიზნებისთვის, მათ შორის პოლიტიკური პარტიების აკრძალვისთვის, სამართალწარმოების ბოროტად გამოყენების მძიმე ფორმად მიიჩნევა.
ბიბილაშვილის განმარტებით, ასეთ შემთხვევებში უცხოური და საერთაშორისო პრეცედენტები ზედაპირულად, შერჩევითად ან კონტექსტის გარეშე გამოიყენება, ზოგჯერ კი მათი სამართლებრივი დოქტრინის მიზანი თავდაყირა დგება. მისი თქმით, შედეგად მიიღება გადაწყვეტილებები, რომლებიც დემოკრატიის მინიმალურ საფუძვლებს არსებითად აზიანებს.