საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე „ქართული ოცნების“ სარჩელის განხილვა ახნა-განმარტებების ეტაპზე გადავიდა.
სასამართლოს წინაშე თავდაპირველად არჩილ გორდულაძე წარსდგა, რომელმაც სარჩელი წარადგინა. ახსნა-განმარტებით სიტყვაში გორდულაძემ ჩამოთვალა არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა აიკრძალოს 5 პოლიტიკური პარტია.
არჩილ გორდულაძემ ოპოზიციურ პარტიებს უწოდა არაკონსტიტუციური პარტიები, რომლებიც „მუდმივ რეჟიმში, კანონსაწინააღმდეგო, ექსტრემისტულ და ძალადობრივ ქმედებებს სჩადიან და ამის გასამართლებლად უსაფუძვლოდ უარყოფენ კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და სხვასაც მოუწოდებენ, არ დაემორჩილონ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მთავრობის აქტებს, სასამართლო გადაწყვეტილებებს“.
„ქართულ ოცნებას“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად მოჰყავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეები, მაგალითად, „ბატასუნა და ბატასუნა ესპანეთის წინააღმდეგ“, როცა 2003 წელს ბასკურ სეპარატისტულ პარტიებს, „ჰერი ბატასუნასა“ და „ბატასუნას“ ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 2003 წელს აუკრძალა საქმიანობა და მათი ლიკვიდაცია ბრძანა. ესპანურმა მართლმსაჯულებამ დაადგინა, რომ ეს პარტიები წარმოადგენდნენ ტერორისტული ორგანიზაცია ETA-ს პოლიტიკურ ფრთას, იზიარებდნენ მის იდეოლოგიას და სრულად კონტროლდებოდნენ ამ ტერორისტული ჯგუფის მიერ, რასაც იყენებდნენ დემოკრატიული წესრიგის შესასუსტებლად. პარტიებმა ესპანეთის სასამართლოების გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრეს და ამტკიცებდნენ, რომ დაირღვა მათი გაერთიანების თავისუფლება (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლი). 2009 წლის 30 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მხარი დაუჭირა ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას პარტიის აკრძალვის შესახებ და დაადგინა, რომ კონვენციის მე-11 მუხლი არ დარღვეულა.
ECHR-ის არგუმენტები იყო ის, რომ პარტია ღიად არ გმობდა ETA-ს მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს, მისი ლიდერები ახდენდნენ ძალადობის ინსპირირებას და მათ ქმედებებს სასამართლომ „მკაფიო საფრთხე ესპანეთის დემოკრატიისთვის“ უწოდა. ასევე ECHR-მა მიიჩნია, რომ ტერორისტულ ორგანიზაციებთან აფილირებული პოლიტიკური ძალების გაუქმება აუცილებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების, წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციისთვის.
არჩილ გორდულაძემ ასევე თქვა, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2004-2012 წლებში შექმნა და განავითარა მკვლელობის და წამების სისტემური დ სხვაგვარი სისტემური და სისტემატიური პრაქტიკა“. მისივე მტკიცებით, „ენმ-ის“ ხელისუფლება ახორციელებდა პირთა უკანონო თვალთვალს – „თვალთვალის, შექმნისა და შენახვის პრაქტიკა შეეხო საზოგადოების თითქმის ყველა სეგმენტს“. გორდულაძემ ახსენა „ქონების ხელყოფა, ბიზნესზე თავდასხვა და მედიის დატერორება“.
არჩილ გორდულაძემ ასევე ახსენა „2012 წლიდან დღემდე საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობის შეცვლის მიზანი“. მან თქვა, რომ „დასახელებული პარტიები არჩევნების ბოიკოტის გამო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟში არიან ჩართულები“.
გორდულაძემ თქვა, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა სცადეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტი, ასევე „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფიცის დადების ჩაშლა ძალადობრივი მეთოდით“. მან ახსენა 2019 წლის 20 ივნისის აქცია და თქვა, რომ „ენმ“ და სხვა მარიონეტი პარტიები პარლამენტის შტურმით აღებას შეეცადნენ“. ასევე ახსენა ის, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები არ აღიარეს და ცესკოსთან გამართულ საპროტესტო აქციას უწოდა „ცესკოს შენობის შტურმით აღების მცდელობა“.
გორდულაძის თქმით, მიუხედავად ამისა, პარტიები „მოგვიანებით შეუდგნენ პარლამენტში მუშაობას, რაც ადასტურებს, რომ ბოიკოტის გამოცხადებას საფუძველი არ ჰქონდა“. მან ასევე ისაუბრა 2024 წლის არჩევნების შედეგების არაღიარებაზე, რის შემდეგაც, გორდულაძის მტკიცებით, „ამ პარტიებმა, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, უარყვეს ამ არჩევნების შედეგები, უარი თქვეს პარლამენტის მანდატებზე და ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურად გამოაცხადეს“. ის ირწმუნება, რომ „ამ პარტიებმა დაგეგმეს ისეთი ქმედებები, რომლებიც მოიცავდა პარლამენტში შეჭრას“. მან ისაუბრა 2025 წლის 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების ბოიკოტზეც.
რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომს:
უშუალოდ სარჩელში, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, „ქართული ოცნება“ ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების ქმედებებმა ხელი შეუწყო კონფლიქტის ესკალაციას, 2008 წლის აგვისტოს ომსა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.
სარჩელში ნახსენებია: 2004-2008 წლებში საომარი რიტორიკისა და კონფრონტაციული პოლიტიკის წარმოება; 2006 წელს ცხინვალის რეგიონში ალტერნატიული არჩევნების ჩატარება, რასაც მოსარჩელეები სეპარატისტული სტრუქტურების ირიბ ლეგიტიმაციად აფასებენ; 2007 წელს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნა; 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებები და საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.
ამ არგუმენტების გასამყარებლად მოსარჩელეებს მოჰყავთ თეა წულუკიანის დასკვნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია და 2009 წლის ტალიავინის საერთაშორისო მისიის ანგარიში.
სასამართლო პროცესზე 2008 წლის ომთან დაკავშირებით კი არჩილ გორდულაძემ მხოლოდ 2008 წლის 2 ოქტომბრის რეზოლუცია N1633 ახსენა.
გორდულაძემ თქვა:
„ამ რეზოლუციაში აღნიშნულია შემდეგი მე-5 პუნქტი, ციტატა: „თუმცა 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლობით დაწყებით ესკალაცია ახალ, კერძოდ, ღია და სრულმასშტაბიან საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა“.
იმავე რეზოლუციის მე-11 პუნქტი: „განურჩეველი ძალისა და შეიარაღების გამოყენება სამოქალაქო ტერიტორიებზე როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, შესაძლოა მიჩნეული იქნას როგორც ომის დანაშაულები, რაც საჭიროებს საფუძვლიან გამოძიებას.
ამ საკითხებზე ხმის მიცემით „ნაცმოძრაობამ“ ან ხელი შეუწყო ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას და აღიარა, ან არ გაუკეთებია და დაიბრალა. ორივე შემთხვევაში ეს არის სახელმწიფო ინტერესების ღალატი, სხვათა შორის რუსეთის ფედერაციამ ამ რეზოლუციაზე მხარი არ დაუჭირა ზუსტად ამავე მიზეზით“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
პარტიების აკრძალვის სარჩელი დიდწილად ეფუძნება თეა წულუკიანის კომისიის დასკვნას.
წულუკიანის კომისიას ოფიციალურად ერქვა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი კომისია“.
კომისიამ იმუშავა 2025 წლის გაზაფხულსა და ზაფხულში, დასკვნა კი იმავე წლის სექტემბერში გამოაქვეყნა.
სწორედ თეა წულუკიანის კომისიის დასკვნაში წერია ციხეებში ძალადობაზე წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. ასევე წერია პირადი ცხოვრების ხელყოფაზე – კომისიამ დაასკვნა, რომ „ენმ“ არღვევდა პირადი ცხოვრების უფლებას იმით, რომ აგროვებდა ფარულ ჩანაწერებს. დასკვნაში ასევე საუბარია კორუფციასა და ბიზნესის რეკეტზე, მედიის თავისუფლების ხელყოფაზე, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და რუსეთზე.
მაშინ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა თეა წულუკიანის კომისიის დასკვნა მოიწონა. ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო РЕС-მა დაწერა, რომ „საქართველომ ოფიციალურად აღიარა პასუხისმგებლობა 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ომის დაწყებაზე”. РЕС-მა ასევე მიუთითა, რომ დოკუმენტის მიხედვით „სააკაშვილს გარე ძალების დახმარების იმედი ჰქონდა და რომ პოლიტიკოსებმა 2008 წელს ომში ჩაითრიეს ქართული არმია”.
წულუკიანის დასკვნაში წერია, რომ „2008-ში ქართული ჯარი სამხედრო საქმისგან შორს მყოფი პოლიტიკოსების მართულ ომში აღმოჩნდა, რომლებმაც გარე ძალების დახმარების იმედითა და ქართველი სამხედროების აზრის უგულებელყოფით ქალაქ ცხინვალზე განახორციელეს შეტევა და საომარ მოქმედებათა ძირითად მიმართულებად სწორედ ეს დასახლება განსაზღვრეს”.
მიიჩნევა, რომ „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელი არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის გაუქმებასა და საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებას ემსახურება, არამედ – რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას, რომ საქართველო მოქმედებდა როგორც აგრესორი და ოკუპანტი, არამედ – როგორც მშვიდობისმყოფელი.
რაც შეეხება ევროსაბჭოს რეზოლუცია 1633-ის მე-5 პუნქტს, რომელზეც „ქართული ოცნება” აპელირებს და რაზეც დღეს არჩილ გორდულაძემაც ილაპარაკა, საუბრობს არა ომის დაწყებაზე, არამედ ესკალაციის ახალი, სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებებზე გადასვლის ეტაპზე. ამ პუნქტის თანახმად, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა.
არჩილ გორდულაძემ ასევე ახსენა „საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფაში უცხოური ძალის ხელის შეწყობა“. „ქართული ოცნება“ ირწმუნება, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში შეჭრისთანავე გამოვლინდა არაკონსტიტუციური პარტიების მცდელობა, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი მაქსიმალურად გაემწვავებინათ, იმ ფორმითა და ხარისხით, რა ფორმითაც ამას 2008 წლამდე „ენმ“ აკეთებდა.
„ეს პარტიები ესწრაფვიან სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან დაისაჯოს საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს. ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნას გამოყენებული.
ეს მცდელობები მოიცავს:
- ევროკავშირში საქართველოს უვიზო მიმოსვლის შენარჩუნების საზიანო ქმედებებს.
- საქართველოს ხელისუფლებაზე უცხოეთიდან სისტემატიურ საინფორმაციო თავდასხმებს.
- სანქციების დაწესების მცდელობებს და ამის ხელშეწყობას“, – თქვა არჩილ გორდულაძემ.
„ქართული ოცნება“ პარტიების აკრძალვის საფუძვლად მიიჩნევს ოპოზიციური პარტიების მიერ კოალიციის ჩამოყალიბების მცდელობებსაც, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა „ქართულ ქარტიას“, ასევე სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ საკოორდინაციო საბჭოს.