ადვოკატი: ტყუილია, რომ ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა

პუბლიკა

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატი, თამარ აბესაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ძმები ფეიქრიშვილებისთვის დაზიანება არ მიუყენებია და მეტიც, ისინი „ციხის სხვადასხვა კორპუსში არიან“. ამის შესახებ ადვოკატმა ბილანიშვილის მონახულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ადვოკატის თქმით, პატიმრობაში მყოფი ძმების, გიორგი და დავით ფეიქრიშვილების დედას „ემოციები ალაპარაკებს“.

„მთელი ამ ხნის განმავლობაში სკანდალური მითები და არარსებული ინფორმაციები ვრცელდება, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.

აბსურდია, თითქოს ავთანდილ ბილანიშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თავის სურვილისამებრ გამოდის და დასეირნობს ქალაქში, ეს ტყუილია და დეზინფორმაცია, რასაც მასთან მიმართებით ავრცელებენ.

თქვენ იცით, რომ მას ჰყავს ოჯახი და მცირეწლოვანი შვილი და არ შეიძლება ასეთი რაღაც, რომ საზოგადოებამ ყველაფერი ისაუბროს იმის საპირწონედ, როდესაც ამის საფუძველი არ გააჩნიათ.

ასევე, ის ინფორმაცია, რომ თითქოს ფეიქრიშვილებს დაზიანება ავთანდილ ბილანიშვილმა მიაყენა ან კიდევ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ავთანდილ ბილანიშვილი მათ საკანში შეუშვეს, ეს არის ტყუილი.

დედა საუბრობს ამასთან დაკავშირებით, თუმცა დედა ამ შემთხვევაში არის არაობიექტური. მას შეიძლება ემოციამ სძლიოს და ალაპარაკოს მისი ეჭვების შესახებ. ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი ეჭვებია და არ შეესაბამება სიმართლეს. ასე არ არის, რომ ვისაც რა მოესურვება ის განახორციელოს რომელიმე კამერაში.

ისიც შემიძლია გითხრათ, რომ ავთანდილ ბილანიშვილი და ისინი [ძმები ფეიქრიშვილები] ციხის საერთოდ სხვადასხვა კორპუსში არიან. მე არ ვარ ვალდებული და არც მოვიტან მაგ ცნობებს, თუ რომელ კორპუსშია მაგალითად ავთანდილ ბილანიშვილი და რომელ კორპუსში არიან ისინი.

ველოდებით, რა შედეგებს დაგვიდებს საგამოძიებო სამსახური. საქმეში ჩართულია გენინსპექციაც და სახალხო დამცველის აპარატიც. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს დეტალურად იძიებენ. დადგება ის დრო, როდესაც პირის სახელისა და მისი რეპუტაციის მიმართ შემლახავი ინფორმაციებით მე და ავთანდილ ბილანიშვილი რაიმე სახის სარჩელს წარვადგენთ იმიტომ, რომ ასე ხელაღებით ადამიანზე ისაუბრო ისე, თითქოს შენი თვალით ხედავდე, რა მოხდა და ასე აგორებული ჭორი არ უნდა იყოს გავრცელებული საზოგადოებაში“, – „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, განაცხადა თამარ აბესაძემ.


ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, დავით ფეიქრიშვილის ოჯახის წევრებისა და ადვოკატის განცხადებით, ფეიქრიშვილს ციხის საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) და კიდევ ორი პირი.

„ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი, სახის ძვლები ჩამტვრეული და აღენიშნება სისხლნაჟღენთები“ – თქვა ადვოკატმა. მისივე განცხადებით, თავდამსხმელები დავით ფეიქრიშვილს ტელეფონის კოდს სთხოვენ.

ადვოკატის თქმით, „აღნიშნული პატიმრები, ვინც შესახლებულია მასთან საკანში სარგებლობენ მობილური ტელეფონით, პირდაპირ კავშირზე არიან დეპარტამენტის დირექტორთან, დარეკვის შემდეგ მას მოიხსენიებენ, როგორც „ზაუტა“.

ძმები ფეიქრიშვილების ადვოკატმა იმავე დღესვე განაცხადა, რომ გიორგი ფეიქრიშვილმა თვითდაზიანება 19 ოქტომბერს მიიყენა – „რათა ძმის სიცოცხლე გადაერჩინა“.

დავით ფეიქრიშვილის ცემაზე ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფდა.

20 ოქტომბერს დავით ფეიქრიშვილი დაზიანებით იყო გადაყვანილი „ვივამედში“, რაც კლინიკის დირექტორმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ პაციენტს მრავლობით დაზიანებები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა, თუმცა იმავე დღეს გაწერეს და დააბრუნეს პენიტენციურში.

მოგვიანებით დავით ფეიქრიშვილი ისევ „ვივამედში“ დააბრუნეს.

20 ოქტომბერს იუსტიციის სამინისტროში განაცხადეს, რომ მასმედიის საშუალებებით საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველომ პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ძმის, დავით ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) 15 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიების ვერსიით, ისინი 14 ოქტომბერს ერთ-ერთ რესტორანში ჯგუფურად გაუსწორდნენ დაზარალებულს.

დაკავებულებს ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით წარედგინათ. სასამართლომ მათ პატიმრობა 16 ოქტომბერს შეუფარდა.

რაც შეეხება ძმებ ფეიქრიშვილს, ისინი შსს-მ 22 სექტემბერს დააკავა.

მათი დაკავების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ  გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით მიმდინარეობდა.

მოგვიანებით პროკურატურამ ძმებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარუდგინა.

2020 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა ფეიქრიშვილების აფეთქება, რისთვისაც 6 პირი დააკავეს. 2021 წელს ამავე საქმეზე დააკავეს ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი. ვატო ყიფიანი ბრალდებას უარყოფდა.