SJC: საბჭომ გაითვალისწინა თეთრუაშვილის თანხმობა მამალაძის მიმართ შეღავათების გამოყენებაზე

პუბლიკა

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ის პირობით ვადამდე ადრე იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.

ორგანიზაციის ცნობით, საბჭომ გაითვალისწინა ის, რომ შორენა თეთრუაშვილი თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ შეღავათების გამოყენებაზე.

ამ პერიოდში უფლებების დაცვის საკითხებზე გიორგი მამალაძეს სამართლებრივ დახმარებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი უწევდა.

„ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში გიორგი მამალაძე იცავდა დაწესებულების მოთხოვნებს, ხასიათდებოდა დადებითად, არ იყო კონფლიქტური და დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებული სამომავლო რისკ-ფაქტორები არ იკვეთებოდა.

ასევე, საბჭომ მხედველობაში მიიღო მამალაძის საყურადღებო ჯანმრთელობის მდგომარეობა, რის გამოც მიზანშეწონილად მიიჩნია მსჯავრდებულის ვადამდე ადრე გათავისუფლება. ამასთან, საბჭომ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ მამალაძის საქმეში დაზარალებულად ცნობილი პირი (შორენა თეთრუაშვილი) თანხმობას აცხადებდა მსჯავრდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენებაზე.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელს 2017 წლიდან იხდიდა – მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 2019 წელს დამძიმდა და ამ პერიოდიდან იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოგვიანებით საქმეზე ვრცელ სამართლებრივ შეფასებას გაავრცელებს – მათი თქმით, აშკარაა, რომ გართულებული მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დეკანოზს სერიოზული რეაბილიტაცია დასჭირდება.

გუშინ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ მისი გათავისუფლების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა, რომ „7-წლიანი ტანჯვისა და ლოდინის შემდეგ” დეკანოზი გიორგი თავისუფალია.

გათავისუფლების შემდეგ მედიასთან პირველი კომენტარი თავად მამალაძემაც გააკეთა და აღნიშნა, რომ „ბრძოლა გრძელდება”.

ყოფილ დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.