პაპუაშვილი მოითხოვს განმარტებას, რატომ მოხვდა EU-ს პრიზის ფინალისტებში გელა მთივლიშვილი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, განაცხადა, რომ შოვის სტიქიაზე მისი სტატია „განზრახული ტყუილებითაა სავსე“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალში მოხვდა, რის გამოც მნიშვნელოვანია, გაკეთდეს განმარტება, ვინ იყო საკონკურსო კომისიაში და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირი კონკურსზე.

ეს განცხადება პაპუაშვილმა „ლელოზე“ შეკითხვის საპასუხოდ გააკეთა.

პარლამენტის თავმჯდომარეს ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ ცდილობს „ქართული ოცნება“ „ლელოს“ დისკრედიტაციას.

შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ „ლელოს“ კუთვნილი ტელევიზიები, რომელთაც პარტია არალეგალურად აფინანსებს, ააქტიურებენ ურეიტინგო პარტიის საკითხებს“ და მმართველ გუნდს ამიტომ უწევს მათზე ლაპარაკი.

„რახან პოლიტიკური საკითხები არის ხოლმე, კითხვები დაისმის ხოლმე, ამიტომ გვიწევს პასუხი, თორემ საგნობრივი შინაარსის მქონე საკითხებზე საუბარი გვირჩევნია, თუნდაც საუბარი იმაზე, რომ შოვთან დაკავშირებით რაც იყო აგორებული დეზინფორმაციული კამპანია, სამარცხვინო აბსოლუტრად, გაეცა ყველაფერს პასუხი და ის ადამიანები, მათ შორის, თავს ჟურნალისტს რომ უწოდებენ, მთივლიშვილს ვგულისხმობ, რომელიც სტიქიის დღეებში პანიკას აწყობდა ტყუილებით და შემდეგ, სამწუხაროდ, ევროკავშირის კონკურსში ფინალშიც კი გავიდა ე.წ. საგამოძიებო ჟურნალისტიკის კატეგორიაში სტატია, რომელშიც ეწერა ტყუილები.

ახლა ევროკავშირის კონკურსში რომ ფინალამდე აღწევს ასეთი სახის სტატია და ეს ხომ არ არის უბრალოდ… ამის [სტატიის] მიზანი იყო პანიკის დათესვა, სტიქიის დღეებში ისტერიის შექმნა და ხელისუფლების წინააღმდეგ ადამიანების განწყობა, როდესაც ასეთი სამუშაოთი არის დაკავებული ადამიანი, რომელიც თავს ჟურნალისტს ეძახის და შემდეგ ნაცვლად იმისა, რომ თუნდაც ჟურნალისტურმა სამყარომ  ამხილოს ასეთი დეზინფორმაცია, ეთიკის საბჭომ იმსჯელოს და ამხილოს, ევროკავშირის კონკურსში ფინალამდე აღწევს განზრახული ტყუილებით სავსე სტატია… [ტყუილი იყო] ის, რომ წინასწარ იყო ცნობილი, რომ სტიქია იქნებოდა,  ის, რომ მდინარე იყო დაგუბებული დღეების განმავლობაში, იყო ტყუილი; ის, რომ ჯებირების კონსტრუქცია გადაარჩენდა სიცოცხლეს, იყო ტყუილი; თითქმის ყველაფერი იქ იყო ტყუილი და როდესაც ასეთი ტყუილი სტატია ევროკავშირის ორგანიზებულ კონკურსში გადის ფინალამდე, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, განმარტება გაკეთდეს, ვინ იყო იქ კომისიაში და რამდენად იღებს პასუხისმგებლობას ევროკავშირი ასეთ კონკურსებზე“, – განაცხადა მან.


შოვის სტიქიის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები ჟურნალისტ გელა მთივლიშვილს დაესხნენ თავს.

2023 წლის 9 აგვისტოს, შოვის მეწყრიდან 6 დღის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ ოფისში ბრიფინგი ჩაატარა და მისივე თქმით, „მთის ამბებისა“ და ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ყალბი ამბები გააბათილა“.

14 სექტემბერს მან მთივლიშვილს „თვითგამოცხადებული ჟურნალისტი“ უწოდა.

ამავე დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გელა მთივლიშვილი „სამარცხვინო კაცია“.

ამავე დღეს მედიაკოალიციამ განცხადება გაავრცელა, რომ „ოცნების“ ლიდერების თავდასხმები მედიაგარემოს აუარესებს.