ქარტია: პაპუაშვილი გასცდა თავის მანდატს და ცენზორის როლი მოირგო

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ევროკავშირის პრიზსა და „მთის ამბების“ დამფუძნებელზე, გელა მთივლიშვილზე პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ეხმაურება.

ქარტიის შეფასებით, შალვა პაპუაშვილი გასცდა თავისი თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს, ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში პროფესიონალი ჟიურისგან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

„დამოუკიდებელი ჟურნალისტური კონკურსები ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ჟურნალისტიკის განვითარებისთვის. ამგვარი კონკურსები ქმნის მაღალ სტანდარტს, რომელზეც აქვთ სწორება როგორც პროფესიონალებს ინდუსტრიაში, ისე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს. მათ შორის უთუოდ გამორჩეულია ევროკავშირის პრიზი, რომელიც უკვე წლებია, მხარს უჭერს ქართველი ჟურნალისტების ძალისხმევას პროფესიული განვითარების გზაზე.

ქარტია მადლიერებას გამოთქვამს ყველა იმ დონორის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამგვარ ჟურნალისტურ კონკურსებს ატარებს და ხარისხიან ჟურნალისტიკას ახალისებს. მათი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია.

დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ.  ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ ყველა ის ინფორმაცია, რის მათგან საგულდაგულოდ დაფარვასაც სახელმწიფო მოხელეეები ცდილობენ.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად იმაზე იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაციას, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში უკვე, რა ხანია, პრაქტიკულად მიუწვდომელია.

ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ, და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ“, – ნათქვამია განცხადებაში.


პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ დაესხა თავს „მთის ამბების“ რედაქტორს, გელა მთივლიშვილს, განაცხადა, რომ შოვის სტიქიაზე მისი სტატია „განზრახული ტყუილებითაა სავსე“.

პაპუაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ეს სტატია ევროკავშირის პრიზის ფინალში მოხვდა, რის გამოც მნიშვნელოვანია, გაკეთდეს განმარტება, ვინ იყო საკონკურსო კომისიაში და იღებს თუ არა პასუხისმგებლობას ევროკავშირი კონკურსზე.