ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმაურება გუშინ სინოდის მიერ მიღებულ დადგენილებას, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით Covid 19 ვირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებით ეკლესიაში ღვთისმსახურების წესის უცვლელად დატოვების საკითხს უკავშირდება.
EMC მიიჩნევს, რომ სინოდის ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მწვავე სოციალურ ინტერესებს და საჯარო წესრიგს. ამასთან, საგანგებო მდგომარეობის შესახებ მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილება მეტწილად საპატრიარქოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე რეაქცია იყო და ნიშანდობლივია, რომ მან არსებითად ახალი სავალდებულო შეზღუდვები სწორედ საჯარო შეკრებებზე გაავრცელა.
„აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქრისტიანულმა ეკლესიამ, მათ შორის, მსოფლიო პატრიარქმა, საბერძნეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეპიდემიის პრევენციის მიზნით ეკლესიებში ღვთისმსახურების წესი დროებით შეცვალა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა მორწმუნე და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი დედამიწაზე, სადაც ის მედიცინის მუშაკებს მადლობას უხდის, ხოლო მეცნიერების პროგრესის მოლოდინისათვის მორწმუნეებს ლოცვასა და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას იზოლაციის კუთხით სთხოვს.
აქვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში მოქმედმა სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა წინა დღეებში მიიღეს სოციალურად პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და საჯარო შეკრებები ღვთისმსახურების ადგილებში დროებით შეზღუდეს. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ სპეციალური მიმართვაც კი გაავრცელა მორწმუნე და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი დედამიწაზე, სადაც ის მედიცინის მუშაკებს მადლობას უხდის, ხოლო მეცნიერების პროგრესის მოლოდინისათვის მორწმუნეებს ლოცვასა და სოციალური პასუხისმგებლობის აღებას იზოლაციის კუთხით სთხოვს, “- აცხადებენ ორგანიზაციაში.
EMC მიიჩნევს, რომ სინოდის გადაწყვეტილება ვირუსის გავრცელების მასშტაბს და რისკებს სათანადოდ არ იაზრებს და უგულბელეყოფს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსართხოების დაცვის მაღალ საჯარო ინტერესებს, რაც ორგანიზაციის მხრიდან სოციალური პასუხისმგებლობის პრობლემას აჩვენებს და საჯარო წესრიგის დაცვის იდეასთან მოდის ღია წინააღმდეგობაში.
ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საპატრიარქოს მხრიდან მიღებული ეს გადაწყვეტილება სახელმწიფო ძალაუფლებასთან ღია კონფლიქტში შესვლას ემსახურება და საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების პოლიტიკური მიზანი უფრო აქვს, რაც ბოლო პერიოდში საპატრიარქოში შექმნილი კრიზისის და საზოგადოებრივი ნდობის შესუსტების ფონზე კიდევ უფრო თვალსაჩინოდ ჩანს.
შექმინილი მდგომარეობის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს:
- სახელმწიფოს დადგენილი შეზღუდვის წესის დარღვევით თვითნებური შეკრებისა და საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვებთან რელიგიური მოტივებით წინააღდეგობის შესაძლო შემთხვევების პრევენციის მიზნით, სათანადო მოლაპარაკებები აწარმოოს საპატრიარქოსთან.
- სასულიერო პირებს განუხრელად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელიც უახლოეს მომავალში კანონიერ ძალაში შევა და არ დაუშვან კოლექტიური შეკრებები ეკლესიაში სწორედ მათი მრევლისა და სხვა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.