ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროკავშირისა და საქართველოს საერთო ღირებულებების უზრუნველსაყოფად, როგორებიცაა, დემოკრატია, თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები.
დღეს, 27 თებერვალს არასამთავრობო ორგანიზაციების საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით გაავრცელა განცხადება ევროკავშირის ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ NGO-ების არსებითი ჩართულობის უზრუნველყოფა გადამწყვეტია ყველასთვის უფრო სამართლიანი, თანასწორუფლებიანი და კეთილდღეობით აღსავსე მომავლის ასაშენებლად.
„როლი, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ მთავრობის მონიტორინგის კუთხით, ნებისმიერი დემოკრატიის არსებითი ელემენტია. არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად არიან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური სერვისების მიმწოდებლები, განსაკუთრებით მოწყვლადი თემებისთვის. საქართველო სარგებელს იღებს მისი აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისგან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.
მათი მუშაობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხიდია მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს შორის. ისინი აძლიერებენ ხმებს, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება გაგონილი არ ყოფილიყო”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.