პარტია „გირჩის” წევრებმა პარლამენტში ამნისტიის კანონპროექტი დაარეგისტრირეს და ნარკოტიკულ თუ სხვა დანაშაულებთან დაკავშირებით სასჯელისგან გათავისუფლებისა და შემცირების ინიციატივით გამოდის.
ინიციირებული პროექტით, ამნისტია შეეხება:
„უვადო პატიმრებს” – მსჯავრდებულ პირს, რომელსაც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის სასჯელის სახით დანიშნული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 30 წლით.
სასჯელისგან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე და 273-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაული.
- 265-ე მუხლი ითვალისწინებს – ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას;
- 273 პრიმა კი – მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნასა ან/და გასაღებას;
ამნისტიის პროექტით, სასჯელი უნახევრდება პირს:
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული;
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე-3422-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება;
- ბრალდებულის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება;
- განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება;
- სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა;
- ქრთამის აღება;
- ქრთამის მიცემა;
- ზეგავლენით ვაჭრობა;
- კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
- სამსახურებრივი სიყალბე;
- სამსახურებრივი გულგრილობა.
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და 261-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ჩამოთვლილი მუხლები და შესაბამისი პუნქტები მოიცავს ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფლობას. ამნისტიის პროექტი არ ვრცელდება გასაღების პუნქტებზე.
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე, 263-ე და 264-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულები;
- მუხლი – 262. ნარკოტიკული საშუალების, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;
- მუხლი 263 – საქართველოში ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების დიდი ოდენობით უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა;
- მუხლი 264- ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ან გამოძალვა;
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 266-ე და 267-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:
- მუხლი 266 – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო წარმოებისათვის ფარული ლაბორატორიის მოწყობა ან შენახვა;
- მუხლი 267 – ნარკოტიკული საშუალების შესაძენად ყალბი რეცეპტის ან სხვა დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით ან გასაღება;
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 269-ე, 273-ე და 274-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული:
- მუხლი 269 – ნარკოტიკული საშუალების ან პრეკურსორის დამზადების, წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევა;
- მუხლი 273 – ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება;
- მუხლი 274 – იძულებითი მკურნალობისათვის თავის არიდება;
► გაუნახევრდეს სასჯელი ქალს და პირობით მსჯავრდებულს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
► გაუნახევრდეს სასჯელი და პირობით მსჯავრდებულ პირს გამოსაცდელი ვადა, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, თუ დაზარალებული ან/და დაზარალებულის უფლებამონაცვლე ამ კანონის გამოყენებისას გამოძიების ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ ამ პირზე გავრცელდეს ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია.
სასჯელის 1/4-ით შეუმცირდება პირს:
► რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული გარდა დანაშაულისა, რომელიც მიმართული იყო არასრულწლოვანის წინააღმდეგ.
პროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ პარლამენტის მიერ პროექტის მიღების შემთხვევაში ის გავრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, მათ შორის ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევაზე.
პროექტის მიხედვითვე, რიგ ნარკოტიკულ დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს სასჯელისაგან გათავისუფლებასთან/შემცირებასთან ერთად აღუდგებათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.
ვინ უჭერს მხარს „გირჩის” პროექტს? – ამის შესახებ პარტიამ facebook-გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნა. მათი თქმით, კანონის მხარდამჭერები ოპოზიციაში არიან: „ნაციონალური მოძრაობა”, „სტრატეგია აღმაშენებელი”, „ევროპელი სოციალისტები”, ალეკო ელისაშვილი, ხატია დეკანოიძე, ტარიელ ნაკაიძე;