ევროპარლამენტარის, ანა ფოტიგას ცნობით, გუშინ მიიღეს ორი ანგარიში, სადაც მისი მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს შესახებ შესწორებები შევიდა. კერძოდ, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის აღსრულების შესახებ დევიდ მაკალისტერის ანგარიშში შესწორება მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხება.
„[რეზოლუცია] იმეორებს მოწოდებას ჰუმანიტარულ საფუძვლებზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომ მის შესაწყალებლად კონსტიტუციური უფლება გამოიყენოს, ეს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას შეუწყობს ხელს”, – აღნიშნულია დოკუმენტში.
აქვე მხარდაჭერაა გამოხატული საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზგასმულია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და შესაბამისად, EU-ის მიერ ქვეყნის მხარდაჭერის მნიშვნელობა.
ფოტიგას ცნობით, მეორე შესწორება შევიდა სვენ მიქსერის ავტორობით წარდგენილ ანგარიშში და ის შეეხება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტარები გმობენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, მკაცრად ეწინააღმდეგებიან ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.
ამის შესახებ ფოტიგამ ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გაავრცელა და დაწერა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის „პირადი მტერი და პატიმარია”.