ზურაბიშვილი: არ მკითხოთ, არ ვიცი, რას ნიშნავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა

პუბლიკა

სალომე ზურაბიშვილის თქმით, არ იცის, რას ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. ბრიტანეთში, საერთაშორისო პოლიტიკის კვლევის ცენტრში პრეზიდენტმა სწორედ ასე უპასუხა კითხვას საქართველოს თანამშრომლობაზე ჩინეთთან და ინდოეთთან. ჩინეთს სტრატეგიულ პარტნიორს „ქართული ოცნების” ხელისუფლება უწოდებს.

„ჩინეთი საქართველოში უფრო და უფრო აქტიურია.  ეს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მოხდა, მაგრამ უფრო და უფრო აქტიური გახდა. ახლა “სტრატეგიულ პარტნიორობაში” ვართ, არ ვიცი რას ნიშნავს ეს. ნუ მკითხავთ. ასევე, ჩინეთთან უვიზო რეჟიმი მივიღეთ.

გარდა ამისა, ჩინეთი საქართველოში აქტიურია ბევრ ინფრასტრუქტურულ პროექტში, ვინაიდან იაფია, პატივს არ სცემს ბევრ კანონსა და შრომის უფლებას. ამასთან, ეს იმიტომაც ხდება, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ნაკლებად არიან ჩართული”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, ალბათ საჭიროა მეტი ჩართულობა დასავლელი პარტნიორებისგან დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებში. ერთ-ერთი ასეთი, ზურაბიშვილის თქმით, ანაკლიის პორტია.

„ერთ-ერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საკითხია, რომელსაც ჯერ არ შევხებივარ – ანაკლიის პორტი. მას არსებითი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, შავი ზღვის უსაფრთხოება ალბათ ის საკითხია, რომელიც ყველას უნდა გვაღელვებდეს. შავ ზღვაზე საქართველოს სანაპირო არსებითი მნიშვნელობის არის, რათა რუსეთს ექსკლუზივი არ ჰქონდეს შავი ზღვის თანამშრომლობაზე, ვაჭრობაზე და ა.შ.

სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში – გზებსა და რკინიგზაში ძალიან მნიშვნელოვანია”, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.